in

ნახეთ: ანიმაცია, რომელშიც ცეცხლის ალს შემოდგომის ფოთლები ცვლის

უილიამ კრუკის მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია Stickmatch ძალიან მარტივი სცენით იწყება: ეკრანზე ასანთის ღერის მსგავსი პატარა ტოტი ეცემა, შემდეგ კი ერთი მოძრაობით თითქოს ინთება. თუმცა ჩვეულებრივი ცეცხლის ნაცვლად მის გარშემო ფოთლები ჩნდება.

BOG
BOG

ფოთლები სხვადასხვა ხეს ეკუთვნის და შემოდგომის თითქმის ყველა ფერს აერთიანებს, ღია მწვანედან ქარვისფერ და ყვითელ ტონებამდე. ისინი ისე მოძრაობენ, იკეცებიან და იფანტებიან, თითქოს ნამდვილ ალს ვუყურებდეთ.

ვიზუალურ ეფექტს ხმა კიდევ უფრო აძლიერებს. ანიმაციაში ცეცხლის ტკაცუნი ხმელი ფოთლების შრიალს ერწყმის, რაც რეალურ ცეცხლსა და შემოდგომის ტექსტურას შორის უცნაურ, მაგრამ ძალიან ორგანულ კავშირს ქმნის.

 

ფილმის მსვლელობისას ფოთლები წარმოსახვით „ჟანგბადზე“ რეაგირებენ, ტოტი კი ნელ-ნელა მოკლდება, როგორც ნამდვილი ასანთი, სანამ საბოლოოდ მთლიანად არ ქრება.

Stickmatch ლონდონში დაბადებულმა, ციურიხში მცხოვრებმა ანიმატორმა უილიამ კრუკმა იტალიაში, Sasso-ს რეზიდენციაში მუშაობისას შექმნა.

რამდენიმეწამიანი იდეა საბოლოოდ პატარა ვიზუალურ ექსპერიმენტად იქცევა, სადაც ორი ძალიან ნაცნობი რამ, ცეცხლი და შემოდგომის ფოთლები, ერთ მოძრაობაში ერთიანდება. შედეგი ერთდროულად მარტივი, უცნაური და ჰიპნოზურია.

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი გუნდურ ნდობასა და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას

თიბისის 2026 წლის მდგრადი განვითარების ღონისძიებაზე ნათელა გრიგალაშვილმა კულტურული მეხსიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა