მეცნიერებმა მიაგნეს გზას, რომელიც ამჯერად ხმის დარღვევების მქონე ადამიანებს საუბარში დაეხმარება. ისინი დასაკრავ პატჩზე საუბრობენ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ყელის კუნთების მოძრაობებს წაიკითხავს და მათ მეტყველებად აქცევს. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, იგი კუნთების მოძრაობას ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის, რომელიც საპასუხოდ მეტყველებად გადაითარგმნება AI-ის ერთ-ერთი ფორმის მანქანური სწავლების ალგორითმის მიერ. შედეგად, სპიკერი იმ წინადადებებს გააჟღერებს, რომლის თქმაც ადამიანს ჰქონდა განზრახული. თუმცა ამჯერად პროტოტიპს მხოლოდ წინასწარ ჩაწერილი ფრაზების თქმა შეუძლია…
აქ კი მთავარი ის არის, რომ პატჩი ადამიანების იოგების ვიბრაციების აღქმის გარეშე მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დაზიანებული იოგების მქონე პირებს მეტყველების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანები ცხოვრების მანძილზე სულ მცირე ერთი ხმის დარღვევით მაინც იტანჯებიან… არსებული მოწყობილობები კი, როგორიც მაგალითად ელექტროლარინქსია, ხშირად უხერხული, ნაკლებად კომფორტული და ინვაზიურია.
მეცნიერების მიერ შემუშავებული პატჩი კი, ყველაფერთან ერთად, წყალგამძლეცაა, ერთი მონეტის ხელაა და დაახლოებით 7 გრამს იწონის. მისი გამოცდა კი 7 მოხალისესთან ერთად გადაწყვიტეს, რომლებსაც ხმის დარღვევები ჰქონდათ. მათ ისეთი ფრაზების თქმა დაავალეს, როგორებიცაა: „ბედნიერი შობა“, „მე შენ მიყვარხარ“ და „არ გენდობი“. ისინი ამას ჯდომის, სიარულისა და სირბილის დროს აკეთებდნენ, რათა ეჩვენებინათ, რამდენად მუშაობდა პატჩი მოძრაობაში.
კვლევის თანახმად, მოწყობილობამ 95%-იანი სიზუსტე აჩვენა. თუმცა პატჩისთვის ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმა სხვებზე რთული იყო, ამ შემთხვევაში პრობლემას Make და Mark წარმოადგენდა. თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს სიტყვები უმეტესად გრძელ წინადადებებში გამოიყენებოდა, რასაც გარკვეული გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა…
მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მკვლევრები არსებულ პროტოტიპს მეტად საიმედო მოწყობილობად თვლიან, მომავალში კი იმედოვნებენ, რომ მიაგნებენ მეთოდს, რომელიც მათ ფრაზების წინასწარ ჩაწერას აარიდებს თავიდან…