საფონდო ბირჟაზე თქვენი საქმიანობა წარმატებული რომ იყოს და ინვესტიციები სწორად გაანაწილოთ, ბევრი დეტალის გათვალისწინება არის საჭირო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბირჟის ინდექსი და მისი მონაცემებია.
საფონდო ბირჟის ინდექსი თავს უყრის, იკვლევს და აანალიზებს სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიების მონაცემებს. ამით იქმნება საერთო სურათი აქციების ფასების ზრდის ან კლების შესახებ. ეს ინფორმაცია თქვენ, როგორც ინვესტორს, გაჩვენებთ საფონდო ბირჟაზე არსებულ ვითარებას. ასევე საშუალებას მოგცემთ, შეადაროთ წინა და ახლანდელი მონაცემები, გაიგოთ რა ტენდენციებია ბირჟაზე.
როგორც წესი, ინდექსების უმეტესობა კონკრეტულ სექტორზეა ორიენტირებული. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი Nasdaq ტექნოლოგიურ კომპანიებს იკვლევს და აფასებს. შესაბამისად, თუ ამ მიმართულების საინვესტიციო გარემო გაინტერესებთ, Nasdaq-ის საფონდო ბირჟის ინდექსს უნდა მიაქციოთ ყველაზე მეტი ყურადღება.
კიდევ ერთი თავისებურება რაოდენობაშია. ზოგიერთი ინდექსი მხოლოდ რამდენიმე აქციას ამონიტორინგებს და იკვლევს, ზოგი კი პირიქით – ძალიან ბევრს. შესაბამისად, თითოეული მათგანი უნიკალურ მიზანს ემსახურება. ამიტომ, ყველა ინვესტორმა მისთვის საინტერესო სექტორზე ორიენტირებული ინდექსი უნდა შეარჩიოს, კვლევებისა და სრული ინფორმაციის მისაღებად.
ძირითადი საფონდო ბირჟის ინდექსებია:
Dow Jones – იკვლევს ამერიკის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან კომპანიებს და მისი ფასების შეწონილი სია ხშირად არ იცვლება.
S&P 500 – საფონდო ბირჟის საერთოდ დინამიკის ბარომეტრია, რომელიც მოიცავს 500 კომპანიას, შეწონილი საბაზრო კაპიტალის მიხედვით, სხვადასხვა სექტორიდან.
Nasdaq – ეს ინდექსი, დაახლოებით, 3000 კომპანიას აერთიანებს, რომელიც Nasdaq-ის საფონდო ბირჟის ნაწილია და ძირითადად, ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული.
Russell 2000 – ეს ინდექსი პატარა კომპანიებისა და მათი აქციების საუკეთესო „მკვლევრად“ და „მიმომხილველად“ ითვლება ამერიკაში.
პარალელურად, არსებობს ნაკლებად ცნობილი ინდექსებიც, რომლებიც კონკრეტული ქვეყნების ან აქციების დინამიკას აჩვენებს. ზოგიერთი მათგანი დიდ, საშუალო და მცირე კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიებად ყოფს. ზოგი კი ბიზნესს მისი ზრდის პოტენციალის, ღირებულებისა და დივიდენდების მიხედვით აჯგუფებს და იკვლევს. პრაქტიკულად, ნებისმიერი ტიპის აქციებზე, რომლითაც შეიძლება, თქვენ, როგორც ინვესტორი დაინტერესდეთ, არსებობს საფონდო ბირჟის ინდექსი. სწორედ მათი საშუალებით ხდება ფინანსური მონაცემების დამუშავება და აკუმულირება, ეს კი საშუალებას გაძლევთ, მინიმალური დანახარჯებით, თქვენი შეხედულებებისა და საჭიროების მიხედვით „გადააწყოთ“ პორტფელი.
ნაკლებად ცნობილი ინდექსებია:
Nasdaq 100 – ორიენტირებულია 100 ყველაზე დიდ ფინანსურ და ტექნოლოგიურ კომპანიაზე. ამ ინდექსის მონაცემები იდეალურია დიდი კაპიტალიზაციის მქონე აქციებზე დაკვირვებისთვის.
Russell 2000 – აერთიანებს 2000 მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიას. მისი მონაცემებით ყველაზე უკეთ შეძლებთ, შეისწავლოთ, რა მდგომარეობაა ამერიკის მცირე მასშტაბის კომპანიებში.
Russell 3000 – Russell 2000-სა და Russell 1000-ის, ერთგვარი, კომბინაციაა. მისი მონაცემებით, თქვენ, როგორც ინვესტორს, ფაქტობრივად, ამერიკის მთელ საფონდო ბირჟაზე გაქვთ წვდომა.
საფონდო ბირჟის ინდექსი საკვლევი კომპანიების აქციების ტიპებითაც განსხვავდება ერთმანეთისაგან.
S&P 500 Value Index, იგივე S&P 500 ღირებულების ინდექსი შედგება S&P 500 აქციებისგან, რომლებიც ღირებულებით მახასიათებლიან აქციებად ითვლება. ძირითადად, ივაჭრება დაბალი კოეფიციენტებით, სადაც დაბალანსებულია ღირებულება და მოგება. გარდა ამისა, წარმოადგენს უფრო განვითარებულ, მდგრად და ნელა მზარდ კომპანიებს. მაგალითად, JPMorgan Chase (NYSE:JPM), Berkshire Hathaway (NYSE:BRK.A)(NYSE:BRK.B), AT&T (NYSE:T), ExxonMobil (NYSE:XOM).
S&P 500 Growth Index, იგივე S&P 500 მზარდი აქციების ინდექსი. აქ, ძირითადად, ის კომპანიები შედის, რომელთაც საშუალოზე მაღალი ზრდა და დიდი სხვაობა აქვთ ღირებულებასა და მოგებას შორის. მაგალითად, Visa (NYSE:V), Apple (NASDAQ:AAPL), Amazon (NASDAQ:AMZN), Facebook (NASDAQ:FB).
ინდექსების კლასიფიკაცია, ასევე ხდება, ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით:
- S&P 500 – ტექნიკურად, საერთო საფონდო ბირჟის ინდექსის ნაწილია და ცნობილია, როგორც S&P 1500. ეს მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების ინდექსებია
- S&P MidCap 400 – ეს ინდექსი იკვლევს საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს. ინვესტორებისთვის ეს ოქროს შუალედია, იდეალური კომპრომისია დაბალი მერყეობისა და პოტენციურად მაღალი, გრძელვადიანი შემოსავლების მქონე კომპანიებს შორის
- S&P SmallCap 600 – ეს ინდექსი იკვლევს 600 მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიას, თუმცა, Russell 2000 ბევრად ფართოდ გამოყენებადი ინდექსია, რომელიც ამავე მიმართულებით „მუშაობს“, ანუ მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს „სწავლობს“ და „აანალიზებს“.
გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე – ერთია ამ მონაცემების თავმოყრა, მეორე კი – გამოყენება. თქვენ, როგორც ინვესტორმა უნდა იცოდეთ საფონდო ბირჟის ინდექსის წაკითხვა.
ამისთვის აუცილებელია, ნახოთ, დროთა განმავლობაში, როგორ იცვლება მისი ფასი. საფონდო ბირჟის ახალი ინდექსები ყოველთვის იწყება განსაზღვრული ფიქსირებული ღირებულებით, რომელიც საწყის ეტაპზე, აქციების ფასზეა დამოკიდებული. შემდეგაც იგივე პრინციპია – ინდექსის ფასი აქციების ფასების ზრდისა და კლების მიხედვით იცვლება.
თუმცა, ყველა ინდექსს ერთი და იგივე საწყისი არ აქვს. ამიტომ, ქულებით მისი ცვლილებების გაზომვა, ყოველთვის ეფექტური არ იქნება. პირიქით, რიგ შემთხვევებში, უტყუარი მონაცემების მოცემის მაგივრად, არ არის გამორიცხული, შეცდომაში შეგიყვანოთ. მაგალითად, თუ ერთი ინდექსი, დღეში 250 პუნქტით, მეორე კი 10 პუნქტით იზრდება, შესაძლოა, ჩათვალოთ, რომ პირველი ინდექსი ბევრად უკეთ მუშაობს. თუმცა, თუ პირველი ინდექსის მაჩვენებელი, დღის დასაწყისში, 25 000, მეორესი კი 250 იყო, აღმოაჩენთ, რომ პროცენტულობის მიხედვით, მეორე ინდექსი უფრო მეტად გაიზარდა. აქ მაღალი პროცენტი, შესაძლოა, თქვენთვის უფრო მეტ მოგებას ნიშნავდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფონდებში აბანდებთ ფულს. ამიტომ, ინდექსზე დაკვირვებისას, სჯობს, პროცენტულ მაჩვენებლებზე კონცენტრირდეთ, ვიდრე – პუნქტების ცვლილებაზე.
ახლა, როცა უკვე იცით, როგორ იზომება საფონდო ბირჟის ინდექსი, გიამბობთ, როგორ და რაში უნდა გამოიყენოთ ის.
პირველ რიგში, ყველაზე პოპულარული ინდექსების კვლევა-შეფასება მოგცემთ ბაზარზე არსებული რეალური სურათს და დეტალურად მისი აღქმის საშუალებას. ნაკლებად ცნობილი ინდექსების მონაცემები კი დაგეხმარებათ, დაინახოთ, როგორ მუშაობს კონკრეტული სეგმენტი, მთლიან ბაზართან მიმართებით.
თუ ცალკეულ აქციებში თანხის დაბანდება კი არა, მთლიანად საფონდო ბირჟაზე სიტუაციის შესწავლა გსურთ, აქაც ამა თუ იმ ინდექსის შესწავლა დაგჭირდებათ – გაიგებთ, როგორ მუშაობს ბაზარი, გექნებათ ინფორმაცია ცალკეული აქციების ფასების ზრდისა და კლების შესახებ.
„საფონდო ინდექსებში პერიოდული ინვესტირებით, არაფრის მცოდნე [დამწყებ] ინვესტორს შეუძლია, პროფესიონალი ინვესტორების უმეტესობას აჯობოს“ – უორენ ბაფეტი.
საფონდო ბირჟის ინდექსში შემავალ თითოეულ აქციას თავისი წონა აქვს. მაღალი შეწონილობის აქციები, ინდექსის დინამიკაზე, მეტ გავლენას ახდენენ, ვიდრე დაბალი შეწონილობის აქციები.
არსებობს სამი სხვადასხვა გზა, რომლის მიხედვითაც, ინდექსი, მასში შემავალ აქციას წონას ანიჭებს:
ფასების მიხედვით შეწონილი ინდექსი მაღალ წონას ანიჭებს იმ კომპანიებს, რომლის აქციებსაც უფრო მაღალი ფასი აქვთ. მაგალითად, რომელიმე ჰიპოთეზური ინდექსი ავიღოთ. ვთქვათ, ეს ინდექსი შედგება სამი აქციისგან, ასეთი ფასებით: $70, $20 და $10. 70 დოლარიანი აქცია მთლიანი ინდექსის 70% შეადგენს და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, მისი მფლობელი კომპანიის ზომას.
ფასების მიხედვით შეწონილი ინდექსის საუკეთესო მაგალითია The Dow Jones Industrials.
საბაზრო-კაპიტალიზაციით შეწონილი ინდექსები დიდ წონას ანიჭებენ მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს. S&P 500 და Nasdaq Composite ინდექსები ამ მაჩვენებლით განსაზღვრავს აქციების წონას და მაგალითად, Apple -სა და Microsoft-ს (NASDAQ:MSFT) ბევრად მაღალ წონას ანიჭებს, ვიდრე ამავე ინდექსში შემავალ პატარა კომპანიებს.
თანაბრად შეწონილი ინდექსი ერთსა და იმავე წონას ანიჭებს მასში შემავალ თითოეულ აქციას, ბაზარზე არსებული ფასის, საბაზრო კაპიტალის სიდიდისა თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად.
ეს არის ყველაფერი, რაც საფონდო ბირჟის ინდექსების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ. ამ სტატიაში მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ, დააკვირდეთ და შეისწავლოთ წინასწარ გაანალიზებული მონაცემები. შემდეგ კი ჭკვიანურად დააკომპლექტოთ თქვენი ფინანსური პორტფელი და სწორად გაანაწილოთ ინვესტიციები.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.