მოგზაურობისას, საინტერესო ხედების ან სიტუაციების დაფიქსირება ბევრს გვიყვარს. მოვიმარჯვებთ ხოლმე ტელეფონებს, ვიდეოკამერებს, დრონებს და ვიღებთ, უბრალოდ, სიამოვნებისთვის. თუმცა, რა იქნებოდა, შემდეგ ამ კონტენტის გაყიდვა ან გაქირავება რომ შეგვძლებოდა? ვიდეოგრაფმა ვიგენ ვართანოვმა, მეგობრებთან ერთად, გადაწყვიტა შეექმნა ონლაინ პლატფორმა, რომელიც ვიდეოგრაფებს თავიანთი ნამუშევრების გაყიდვა/გაქირავების საშუალებას მისცემდა, მეორე მხრივ კი, საჭირო ვიდეოკადრების მაძიებლებს სასურველი კონტენტის ქირაობის ან შეძენის სივრცეს შეუქმნიდა. ლიცენზირებული ვიდეოშემოქმედების ქართული ციფრული ბიბლიოთეკა Stockfootage.ge ონლაინ სივრცეში 2020 ნოემბერში გამოჩნდა. უკვე 8 თვის თავზე, ბაზაში 2700 ვიდეოფაილია თავმოყრილი, რომელთა შერჩევაც ფილტრების მრავალფეროვანი ფუნქციონალით არის შესაძლებელი.
„Stockfootage-ზე მზა კონტენტს ყიდულობ, ეს არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ შენ არ შეგიძლია ასეთი კადრის გადაღება, არამედ, უფრო ლოგისტიკურ საკითხებთან. მაგალითად არ გაქვს დრო ამ ერთი ლამაზი კადრის გამო წახვიდე სვანეთში და გადაიღო, ან ფინანსები, რადგან ქირაობა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე გადაღება. კიდევ ერთი ფაქტორია სეზონური განსხვავებები, მაგალითად ზაფხულში გაქვს კინოწარმოება და სცენარში მითითებულია თოვლიანი თბილისი. ასეთ კადრს მაგ დროს ვერ გადაიღებ. ამიტომ, ამ შემთხვევაში მიმართავ სტოკს, რაც სასურველ კადრებზე წვდომის საშუალებას გაძლევს,“ – გვიამბო ვიგენ ვართანოვმა.
M: იმ ფონზე, როდესაც არსებობს მსხვილი საერთაშორისო სტოკ პლატფორმები, იყო Stockfootage-ის შექმნის საჭიროება?
ამ პლატფორმის მთავარი იდეა, ლიცენზირებული ვიდეოების გაყიდვა ახალი არ არის. საზღვარგარეთ არსებობს ბევრი მედია სააგენტო, რომელიც უკვე 15-20 წელია ამითაა დაკავებული, არსებობს რამდენიმე ვებგვერდი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძნოს ვიდეოკონტენტი. საერთაშორისო პლატფორმებზე, რა თქმა უნდა, არსებობს საქართველოში გადაღებული კადრებიც, მაგრამ იქ განთავსებული კადრების რამდენიმე პრობლემა არსებობს: საქართველოში გადაღებული კადრების ძალიან პატარა არჩევანია. ამას გარდა, ხშირად მოგზაური ვიდეოგრაფები იღებენ საქართველოში მოგზაურობის დროს იღებენ ამ კადრებს და ძალიან ძნელია მათთან კომუნიკაცია იმიტომ, რომ არ იმყოფებიან საქართველოში. თან იღებენ ცოტას, რაც ტურისტად ყოფნის დროს შეხვდებათ გზად. იქ ვერ იპოვი ისეთ იშვიათ ადგილებს, რომელზეც ვიცით ჩვენ, მაგალითად ლამაზი ჩანჩქერი პატარა სოფელში. ასეთი რამ ძალიან იშვითია.
ამას გარდა, ეს ვებგვერდები არის ინგლისურენოვანი. უცხოელიც და ქართველი ვიდეოგრაფიც ინგლისურად არქმევს სახელს. ქართველებისთვის ეს პრობლემაა – როდესააც ვეძებთ კონკრეტულ ადგილს, რომლის სახელიც ვიცით, შეიძლება ვერ ვიპოვოთ. ამ დროს, ვიდეოგრაფმა ჩათვალა, რომ დასახელება ნაკლებად აინტერესებს მაძიებელს, მისთვის უფრო საინტერესოა ლამაზი ტყე, ამიტომ ვიდეოს რომელიც საქართველოშია გადაღებული შეიძლება ერქვას „ლამაზი ტყე შემოდგომაზე“, ან „გაზაფხულზე“ და არ მიუთითა, რომ ეს არის რაჭის ტყე.
ჩვენ შემთხვევაში, რადგან პლატფორმა ლოკალურია, პირველ რიგში ვეძებთ ტერიტორიიდან, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. საძიებო კუთხით, პირველი ფილტრი არის ადგილმდებარეობა ანუ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გეოლოკაციის ინფორმაცია. ვიცით რა ადგილზეა გადაღებული ეს ვიდეო და უფრო ადვილია საქართველოს მასტაბით ვიდეოკონტენტის პოვნა ადგილმდებარეობის მიხედვით, სორტირება და ფილტრაციაც.
M: რა პრობლემას წყვეტთ Stockfootage-ით მომხმარებლისთვის?
ადგილობრივ მომხმარებელს შემდეგ პრობლემებს ვუწყვეტთ: ენობრივი ბარიერი, რომელიც შეიძლება დიდი პრობლემაც არ იყოს მომხმარებლისთვის, რომელიც ყიდულობს კონტენტს, მაგრამ აადვილებს ძიების პროცესს. ამ ადგილის ოფიციალური სახელის გარდა საძიებოში შეიძლება ჩაწეროთ, რასაც კუთხურად ვეძახით ამ კონკრეტულ ადგილს. ვცდილობთ, ყველანაირი დასახელება ჩავწეროთ თაგში, რომ მომხმარებელმა ადვილად მოიძოს სასურველი კონტენტი.
მეორე არის იურიდიული მხარე – მოვაგვაროთ საავტორო უფლებები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად ყველა ტრანზაქცია ხდება საქართველოში, კომპანიის იურიდიული ფორმა არის შპს, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებსაც და ფიზიკურ პირებსაც ოფიციალურად შეიძინონ კანონმდებლობის ფარგლებში, მოიძიონ ინფორმაცია კონტენტის შემქნელზე, იქონიონ კომუნიკაცია და ორივე მხარის იურიდიული უფლებები იყოს დაცული.
M: რა სერვისებით შეიძლება სარგებლობა Stockfootage-ზე?
არსებობენ ვენდორები, რომლებიც იღებენ ვიდეოკონტენტს და არსებობენ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ამ კადრებს საავტორო უფლებების დაცვით ყიდულობენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი იძენენ უფლებას გამოიყენონ ეს კადრები თავიანთი სარეკლამო საქმიანობისთვის და განათავსონ კონტენტი ინტერნეტსა თუ ტელევიზიაში, თავისთვის სასურველ არხებში.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ამ კადრების დროებით გამოყენების უფლება ან დამატებითი გადასახადის საფუძველზე შეიძინოს საავტორო უფლება. აქ იგულისხმება, რომ ვიდეოკადრის მფლობელი გახდება ის ვინც შეიძენს საავტორო უფლებას. ჩვენი მხრიდან, ამ ფაილს წავშლით პლათფორმიდან და ავტორიც წაშლის ვიდეოს თავისი არქივიდან. ამ მომენტიდან, ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე, ვიდეოკადრი გადაეცემა მომხმარებელს, რომელმაც შეიძინა.
ვიდეოკადრის დროებით სარგებლობით შეძენის შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული არც რამდენი ხნით შეიძნა და რა მიზნით შეიძინა. რა თქმა უნდა, ხელშეკრულებაში არის პუნქტები, რომელიც უკრძალავს მომხმარებელს გამოიყენოს ის ტერორისტულ ან სხვა არაკანონიერ კონტენტში. სხვა შემთხვევაში, მას აქვს უფლება ვიდეომასალა კომერციული და არაკომერციული მიზნებით გამოიყენოს.
M: ვისთვისაა საინტერესო მსგავსი პროდუქტის შეძენა/ქირაობა?
პროექტი გათვალისწინებულია ფართო აუდიტორიისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ვიდეოკონტენტი მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესისთვის, მცირე ბიზნესი, ტურისტული სექტორისთვის განსაკუთრებით და დიდი ბიზნესისთვის.
ამ ეტაპზე, ყიდულობენ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოში, ასევე კინომწარმოებლები და სარეკლამო სექტორი. ვთვლით, რომ უფრო უნდა გააქტიურდეს ტურისტული სეგმენტი, რადგან პოსტკოვიდურ სიტუაციაში მოუწევთ სარეკლამო კონტენტის განახლება, კარგად რომ შეძლონ თავისი სერვისისა და ქვეყნის ჩვენება, ტურების გაყიდვა და თავისი მომსახურების ჩვენება. ტურისტულ სექტორში იგულისხმება სააგენტოებიც, სასტუმროებიც, გიდებიც, რომლებიც თავიანთ გვერდებზე ანთავსებენ ინფორმაციას.
M: რა პრინციპით არჩევთ და ფილტრავთ ვიდეორგოლებს?
ვენდორი შავ მასალას გვიგზავნის. ჩვენი რედაქტორი უყურებს ამ მასალას მთლიანად და ამზადებს კონკრეტული სიგრძის ვიდეოფაილებს, გამოყოფს ლამაზ, კარგ მომენტებს. ასევე, ამზადებს სათაურს, აღწერილობას, ანაწილებს ამ ვიდეოფაილებს კატეგორიებში. მესამე მხარე არის ფასის დადგენა, რომელიც ხდება ვენდორთან ერთად. ის ირჩევს ფასის დიაპაზონს, რომელშიც სურს გაიყიდოს მისი ვიდეო. მეორე მხრივ, ალგორითმი ითვლის ფაილის სიგრძეს, რეზოლუციას, ვიზუალურ მხარეს, ხარისხობრივ ნაწილს და ამის შედეგად დგინდება ფასი. ყველა ფაილის ფასი პრაქტიკულად არის უნიკალური. ჩვენ ვცდილობთ ფასთა დიდი არჩევანი გვქონდეს. უცხოურ საიტებზე ყველა ვიდეოფაილის ფასი ერთნაირია, ჩვენ გვსურს დავფაროთ ყველა სფერო და ყველა ბიუჯეტისთვის ხელმისაწვდომი ფასი შევადგინოთ. არსებობდეს ერთსა და იმავე ლოკაციაზე გადაღებული ვიდეო, სხვადასხვა ფასის კატეგორიაში. ჯერჯერობით, ეს გამოგვდის.
M: ფინანსურად რამდენად საინტერესოა ვენდორებისთვის?
საკმაოდ საინტერესოა, ერთი თვის განმავლობაში დაგვემატა 8 ვენდორი, რაც კარგია. ამ მასალის დამუშავებასაც დრო უნდა. საერთო ჯამში, ამ მომენტისთვის, გვყავს 19 ფიზიკური პირი და კომპანია, რომელმაც გვანდო და მოგვაწოდა თავისი მასალა. უკვე გვყავს 5 დაინტერესებული პირი, რომელთანაც იურიდიული განყოფილება ხელშეკრულებას აფორმებს.
ჩვენი გეგმის მიხედვით, ამ ზაფხულს უკვე გვეყოლება 50 ვენდორი, პარტნიორი რომელთა ფაილებიც იქნება განთავსებული საიტზე. დაინტერსება მაღალია, რამდენიმე მიზეზის გამო:
- არსებობს ადგილი, სადაც ადამიანს თავისი ვიდეო კონტენტის განთავსება შეუძლია შემდგომი რეალიზაციისთვის.
- ტექნიკური კუთხით, ჩვენ ამ ფაილებს ვინახავთ, გვაქვს ძალიან კარგი სისტემა, რაც გვაძლევს საშუალებას ვენდორს შევუნახოთ ეს ფაილები და მაგალითად, თუ რამდენიმე წლის შემდეგ, მასალა დაკარგა ან მყარი დისკი დაუზიანდა, ჩვენთან ნებისმიერ დროს შეუძლია აღადგინოს.
- ვენდორს ინტერესი აქვს, რადგან ჩვენ მარკეტინგულ ხარჯს ვწევთ იმისთვის, რომ გავაცნოთ საზოგადოებას ეს კადრები, ასევე, ყველა ვიდეოფაილს უწერია ავტორის სახელი. თქვენ შეგიძლება მოგეწონოთ მისი ნამუშევარი/ სტილი და დაუკავშირდეთ მსგავსი ვიდეოს დასაკვეთად.
ეს ერთგვარი სარეკლამო პორტფოლიოც არის. ჩვენ არ ვმალავთ ინფორმაციას ჩვენს ვენდორებზე.
M: ბიზნესის თვალსაზრისით, როგორია თქვენი მოლოდინი – იქნება შესაბამისი უკუგება?
კლასიკური ბიზნესგეგმის შესაბამისად პროექტი არის მომგებიანი და მსოფლიოს სტატისტიკით 2018-2019 -2020 წლის მაჩვენებლებით ამ კონკრეტული ბიზნესის ყოველწლიური ზრდაა დაფიქსირებული, განსაკუთრებით კოვიდის პერიოდში, სერიოზული ზრდა განიცადა. ჩაკეტილ პირობებში ძნელი იყო რაღაც კატეგორიის კონტენტის გადაღება და მომხმარებელმა მიმართა ვიდეო სტოკს.
რეალურად 2700 ვიდეოს, საშუალო არითმეტიკული ფასი არის 170 ლარი. ამ ეტაპზე, საკმაოდ დიდი თანხობრივი ღირებულების კონტენტი შევქმენით. ამ პროდუქტის რეალიზება თუ შევძელით და გვეყოლება 100 ვენდორი, მოხდება ამ თანხების გადანაწილება ვენდორებზე. ის ვენდორები, რომლებიც ფლობენ ამ მასალას, მაგრამ ჯერ ვერ ყიდიან, შესაბამისად ვერ იღებენ შემოსავალს. ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი პლათფორმა, რომელიც დამატებით შემოსავალს მოუტანს სხვადასხვა სახის ოპერატორებს, დრონის ოპერატორებს…
M: რა შეცვალა ამ პლატფორმამ ქართული ვიდეოწარმოებისთვის?
შეიცვალა ის რომ არსებობს სივრცე სადაც დაიწყებენ კონტენტის ძიებას, ადგილმდებარეობის უკეთ გაცნობა, რადგან ერთ ლოკაციაზე შეიძლება იყოს გადაღებული 30 ვიდეო, შეიძლება ნახოთ ლოკაცია სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა სეზონზე. საიტზე ვიდეოების სორტირება შეგიძლიათ წლის თვის და დღის მიხედვითაც და სახლიდან გაუსვლელად ნახოთ როგორ გამოიყურება ბათუმი თებერვალში, თუ ასეთი ვიდეო არსებობს. ბაზაც არის და მომავალში ძალიან საინტერესო არქივი.
5 წლის თავზე ამ საიტზე თქვენ შეიძლება დაინახოთ კონკრეტული სოფელი რომელიც გადაღებულია 2016 წელს.წარმოიდგინეთ რომ ეს არის ვიზუალური არქივი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ძალიან ხშირად კინემატოგრაფიაში იყენებენ ასეთ საიტებს ლოქეიშენ სკაუტინგისთვის, აგზავნიან დამკვეთთან ლინკს და ეუბნებიან, აი, ნახეთ, მაგალითად, მიტოვებული შენობა წყალტუბოში. შუძლიათ გადააგზავნონ ვიდეობაზიდან ფაილები, არ არის აუცილებელი რომ შეიძინოს.
M: რას ნიშნავს შენთვის ეს საქმე?
ეს საქმე ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა, განსაკუთრებით საინტერესოა როცა ამ ვიდეომასალას ვირებთ და ვამუშავებთ. ვპოულობთ საქართველოში ისეთ ადგილებს, რომელიც ჯერ არ გვინახია, მაგრამ ძალიან საინტერესო და ენერგიული პროცესია, როდესაც იწყებ ამის სორტირებას კატეგორიებით, ადგილებით, როცა ხედავ როგორ ნაწილდება ქვეყნის რუქაზე. მეორეს მხრივ ძალიან საინტერესო პროცესია ვიდეომასალის დამუშავება, ფერების კორექცია, ძალიან დიდ პრაქტიკას გვაძლევს ამ ფერებთან მუშაობა. სხვადასხვა კამერებით ვიღებთ, სხვადასხვა დრონებით და ჩვენი სტუდია დიდ გამოცდილებას იძენს ამ პროცესში
M: რა გჭირდებათ განვითარებისთვის?
განვითარებისთვის გვჭირდება მეტი ვენდორი, გვჭირდება რომ დავიწყებული ვიდეოები გამოაცოცხლონ დამტვერილი ვინჩესტერებიდან. რომ ბაზა სწრაფად გაიზარდოს და მეტი რაღაცეები მოიძებნოს ვებგვერდზე.
M: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენთან ასატვირთი ვიდეომასალა და როგორია ვენდორებთან ურთიერთობა?
კამერაზე არ არის შეზღუდვა, არც ფორმატზე და რეზოლუციაზე. იმიტომ რომ შეიძლება მზის ჩასვლის ულამაზესი კადრები გადაიღო iPhone-ით. ჩვენ საიტზე მასალების 85% არის 4K, დანარჩენი HD სტანადარტის გაფართოების მასალები, რომელიც არქივიდან არის წამოსული. მომხმარებელლი ხედავს, რა კამერით არის გადაღებული და საჭიროების შემთხვევაში, ფილტრაციაც შეუძლია. მეორე მხრივ, კამერა არის კრიტერიუმი – რაც უფრო თანამედროვე და ძვირიანი კამერა გაქვს, მით უკეთეს ხარისხს მიიღებ.
ტელეფონით გადაღებულ მასალასაც ველოდებით ჩვენს ბაზაში, ჯერ არ გვაქვს მაგრამ სიამოვნებით განვათავსებთ. გვინდა ვიდეოგრაფებმა, დრონის ოპერატორებმა დაიწყონ ვიდეოების გადაღება უფრო ინტენსიურად გარემოს, ღონისძიებების, რეკონსტრუქციის, საინტერესო კადრების მოწოდება დაიწყონ, ერთხელ კი არა მუდმივად მოგვაწოდონ.
ჩვენ გვაქვს დახურული ჯგუფი ვენდორებთან საკომუნიკაციოდ და ვუგზავნით პერიოდულად რას ეძწებს მომხმარებელი ჩვენს საიტზე, მაგალითად ამ კვირაში. გვინდა რომ პერიოდულად გაუზიაროთ ინფორმაცია მომავალ დაგეგმილ ღონისძიებებზე. ბაზაში ყველა ვენდორს თავისი პროფაილი აქვს სადაც მხოლოდ მისი ნამუშევრები გამოჩნდება, შეგიძლიათ გაფილტროთ ლოკაციით, ვიდეოს ხანრძლიობით და ა.შ.
ერთადერთი შეზღუდვაა ვიდეოს ტექნიკურ მხარეზე: თუ ის გადანათებულია ან ციმციმებს ან რაღაც მსგავსი პრობლემაა თავიდანვე არ ვტვირთავთ საიტზე.
რეგისტრაციაც მარტივია. საიტზე შეავსებთ ვენდორის ფორმას და ჩვენ დაგიკავშირდებით. გამოაგზავნით ჩვენს მეილზე ვიდეოებს.
M: უახლოესი გეგმები…
ძალიან გვინდა 2022 წელს ჩვენი პლატფორმა 10 000 ვიდეოთი შეხვდეს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სწრაფი მუშა და ხელმისაწვდომი სივრცე, სადაც ყველანაირი მოთხოვნით იპოვით სასურველ ვიდეოკონტენტს. ამისთვის გვჭირდება ბევრი ვიდეოფაილი, ამის შემდეგ, ყველას მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი