„მოპარული ხელოვნების გალერეაში“ იხილავთ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც, სავარაუდოდ, პირადად არასოდეს გინახავთ. მის ვირტუალურ დარბაზებში ხუთი ყველაზე ცნობილი დაკარგული შედევრია განთავსებული, რომელიც დროთა განმავლობაში დაიკარგა. ვირტუალური რეალობის წყალობით კარავაჯოს, ვინსენტ ვან გოგის, რემბრანდტის, ედუარდ მანეს და პოლ სეზანის მოპარული ტილოების ნახვის შესაძლებლობა მოგვეცა.
Compass UOL-მა, ბრაზილიურმა ტექნიკურმა კომპანიამ ახალი iOS და ანდროიდ აპლიკაცია შექმნა. VR სათვალეებით შეგიძლიათ, ნახატებს იმდენად მიუახლოვდეთ, როგორც ეს რეალურ მუზეუმში შეუძლებელია. ასევე, ერთ-ერთი ფუნქციონალი გიდის მოსმენასაც უზრუნველყოფს. თანაც, მეტად რეალური გარემოს შესაქმნელად, თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც ექნებათ თქვენთან ერთად მუზეუმის დერეფნებში სიარულის საშუალება.
Compass UOL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ალექსის როკენბახმა Fast Company-ს განუცხადა, რომ მუზეუმის თავდაპირველი ხედვა იყო რეალური მუზეუმის გარემოს ხელახლა შექმნა და მისი ვირტუალურად გარდაქმნა. თუმცა ეს იდეა მინიმალისტურმა მიდგომამ შეცვალა — ბნელ სივრცეში განთავსებულმა ნახატებმა, რათა გარემოს დამთვალიერებლების ყურადღება არ გაეფანტა.
მიუხედავად იმისა, რომ არაფერი შეედრება ხელოვნების ორიგინალურ ნაწარმოებებს შორის სიარულს, როდესაც საქმე მოპარულ ან დაკარგულ ნივთებს ეხება, ახალი ტექნოლოგია საუკეთესო გამოსავალია.