19
Aug
2019

ტყუილად ნუ დაჰპირდებით! – თქვით „არა“

19 Aug 2019

„ამას წინათ, ჩემმა მეგობარმა, დაპარკინგებულ მანქანასთან რომ დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ გასმული ჰქონდა. სადაზღვევოში დარეკა, ავტომოპასუხე ჩაირთო და: „ახლა ვერ გიპასუხებთ. დატოვეთ შეტყობინება და ყველა ზარს დღის ბოლომდე ვუპასუხებთ“.

pasha-statiebi
pasha-statiebi

უიტნი ჯონსონი, Thinkers50-ის მიერ, მენეჯმენტის ყველაზე გავლენიან მოაზროვნედ დასახელებული პროფესიონალი, მეგობრის გამოცდილებაზე გვიყვება.

როგორც ის იხსენებს, სხვადასხვა დროს, მისი მეგობრის ძალიან ბევრი ზარიდან, მხოლოდ ორს უპასუხეს. ავტომოპასუხე კი, როგორც ზემოთ ითქვა, მომხმარებელს სულ სხვა რამეს ჰპირდებოდა, ანუ, რეალურად, კომპანია დანაპირების მხოლოდ 20%-ს ასრულებდა.

ვინმეს ხომ არ გვახსენებს სადაზღვევო კომპანიის ქცევა?

შემთხვევით, ჩვენც ხომ არ გავცემთ ხოლმე ტყუილ დაპირებებს, მაგალითად, „ორშაბათს, იმეილს გამოგიგზავნი“, ან „პარასკევს მოგახსენებ ჩემს აზრს“, თუმცა, რასაც ვამბობთ, ბოლოს არ ვასრულებთ?!

და რა არის ჩვენი ასეთი ქცევის მიზეზი?

პასუხი ისაა, რომ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ. არ გვინდა, ადამიანებს იმედები გავუცრუოთ და იმას ვეუბნებით, რისი გაგონებაც ჩვენგან სურთ. ზოგადად, იმასაც ხომ ამბობენ, რომ „კის“ თქმა, „არასთან“ შედარებით, უფრო გვიადვილდება ხოლმე. ხოდა, ესეც ერთ-ერთი სწორი პასუხია ზემოთ დასმულ კითხვაზე.

მომენტში განცდილ სტრესზე რეაგირებას დადებითი პასუხით გამოვხატავთ და რეალურად, თავს უფრო დიდ განსაცდელში ვიგდებთ, ვიდრე უარის თქმით გამოწვეული უხერხულობა თუ უსიამოვნება იქნებოდა. იმაზე ფიქრს ვერ ვასწრებთ, სინამდვილეში, რა დრო დასჭირდება დაპირებული საქმის შესრულებას და საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მოცემულ დროში ვერ ვეტევით, დაკისრებულ მოვალეობებს ან ვერ, ან კიდევ დაგვიანებით ვასრულებთ.

როგორც უიტნი ჰყვება: „რაღაც პერიოდი მქონდა, შეხვედრების გადადება-გაუქმებას ვეღარ ავუდიოდი. როგორც კი კონკრეტული ვალდებულების შესრულების დრო მოდიოდა, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი… სულ იმაზე ვფიქრობდი, გამოსავალი როგორ მეპოვა და თავი როგორ დამეძვრინა ამ სიტუაციიდან“.

შემდეგ, სტივენ ქოვის წიგნი, „ნდობის სიჩქარე“ წაიკითხა და აღმოაჩინა, რომ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ან სხვა დროისთვის გადადება დრამატულად მოქმედებს სხვების თვალში ჩვენს პროფესიონალად აღქმაზე. ავტორის მტკიცებით, როცა დაპირებას არ ვასრულებთ, ჩვენ მიმართ ნდობა ქრება, რომლის აღდგენაც ძალიან რთულია და ჩვენგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ჩვენს დროში, როცა საქმის ძალიან დიდი წილი დისტანციურად, წერილობით კეთდება – მოკლე ტექსტური შეტყობინებების ეპოქაში ამ „ცდუნებაზე“ უარის თქმა, რომელსაც მაგალითად, „დედლაინის გადაწევა“ ჰქვია, გვიჭირს ხოლმე. დიდი შანსია, ადამიანს, რომლის წინაშეც საქმიანი ვალდებულება გვაკავშირებს, არც კი ვიყოთ პირადად შეხვედრილები. ეს პროცესს კიდევ უფრო გვიმარტივებს ხოლმე და ზუსტად 5 წუთში, ზედმეტი ახსნის გარეშე, შესაფერისი ემოჯიების გამოყენებით, პრობლემას „ვაგვარებთ“. საკუთარ თავს კი იმაში ვარწმუნებთ, რომ ვალდებულება ნაწილობრივ მაინც შევასრულეთ.

მიუხედავად ამ დისტანციური ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების გამარტივებული ფორმისა, უსიამოვნო მდგომარეობას – დანაშაულის გრძნობას მაინც ვერსად გავურბივართ. როცა ვაანალიზებთ, რომ დროში ვეღარ ვეტევით, პანიკა გვეწყება და არ ვიცით, რა ვქნათ. თავდაპირველად, გამბედაობა არ გვყოფნის სიმართლის სათქმელად, რომ: „იცით, დავალება დღეისთვის ვერ მოესწრო“ ან, „სამწუხაროდ, დღევანდელი შეხვედრა უნდა გადავდოთ“… მაგრამ გამოსავალს რომ ვეღარსად ვპოულობთ, საბოლოოდ, მაინც გვიწევს ამის თქმა და გარდა იმისა, რომ სხვის თვალში უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალის იმიჯს ვიქმნით, საკუთარ თავშიც ეჭვს ვბადებთ: „ნუთუ, ამ დავალებას თავს ვერ ვართმევ, დროის განაწილება არ შემიძლია და შესაბამისად, ვალდებულებების შესრულების კონტროლი?“

რა თქმა უნდა, განსაკუთრებული, საპატიო შემთხვევები არსებობს, მაგრამ ბევრი საუბარი არ სჭირდება იმას, რომ ვალდებულებების ერთგულად შესრულება ხაზს უსვამს ჩვენს საქმისადმი დამოკიდებულებას.

ერთგულებისთვის კი: პირველ რიგში, სანამ რაიმე საქმეს ხელს მოვკიდებთ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების სწორად განსაზღვრა გვმართებს. ვალდებულებების აღება მოლაპარაკების პრინციპს უნდა დაეყრდნოს ისე, რომ დავალების გამცემიც და მიმღებიც დარწმუნებული იყოს, რომ მოცემული დრო საკმარისია მის ხარისხიანად შესასრულებლად.

უიტნი ჯონსონი: „გასულ წელს, კალენდარული გეგმის მუდმივი გადასწორებები შევწყვიტე და საკუთარ თავსა და ვალდებულებებთან მეტი პასუხმგებლობით მოპყრობა გადავწყვიტე. აღმოვაჩინე, რომ როცა პირობას ვდებდი ასე: „ჯობს გავაკეთო“, ნაკლებ სტრესს განვიცდიდი.

შემდეგი ნაბიჯი იყო უკვე კიდევ უფრო მეტი ვალდებულების აღება და ამის გამო, საკუთარ თავში კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობის პოვნა. ამ დროში ისიც გავარკვიე, დაახლოებით, რისთვის რა დრო მჭირდებოდა და შედეგად, ნებისმიერ, საქმიან თუ პირად ურთიერთობებში, სტაბილურად, სანდო პარტნიორი გავხდი“.

თუ თქვენს „დიახში“ უფრო მეტად, „არა“ იგულისხმება, პირველ ადგილზე „არა“ დააყენეთ.

ცვლილება კი აქედან დაიწყეთ: არ იცით, როგორ თქვათ „არა“? – „გუგლში“ მოძებნეთ, „როგორ ვთქვათ თხოვნაზე უარი?“ და დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა. შეპირდით თქვენს თავს, რომ შემოთავაზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებით, თუ გეცოდინებათ, რომ ამისთვის საჭირო რესურსს ფლობთ.

ნუ გადაიტვირთავთ საკუთარ თავს და თქვენს გარშემომყოფებსაც ნუ შეაცვლევინებთ თქვენზე წარმოდგენას. შესაძლოა, არც ისე ღირებული საქმის კეთება მოგიწიოთ, თუმცა გახსოვდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ღირსეულად უნდა შეასრულოთ დანაპირები.

წყარო: HBR



განხილვა