18
Jul
2019

როდის უნდა მოვრჩეთ ფიქრს და მივიღოთ გადაწყვეტილება

18 Jul 2019

უკვე გადახედეთ საგულდაგულოდ ყველა მოსაზრებას, შესაძლებლობას, რჩევებიც მოისმინეთ, ზედმიწევნით შეისწავლეთ ყველა გარემოება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერაც ვერ მიიღეთ? რა გაკავებთ? შესაძლოა, თავად გამოგიცდიათ ასეთი მერყეობა გადაწყვეტილების მიღებისას, ან თქვენს რომელიმე ნაცნობს ახასიათებს ასეთი რამ. ასეა თუ ისე, გაჯანჯლება აუცილებლად შექმნის პრობლემებს. თუკი მეტისმეტად დიდხანს გადაავადებთ გადაწყვეტილების მიღებას, ამან შესაძლოა თქვენი ბიზნესის განვითარების ტემპები სერიოზულად შეანელოს, დააბნიოს თანამშრომლები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გაგაშვებინოთ ხელიდან. მაშ, როდის უნდა შეეშვათ განხილვას და უბრალოდ, მიიღოთ გადაწყვეტილება?

pasha-statiebi
pasha-statiebi

იმისათვის, რომ გაერკვიოთ, ნამდვილად გჭირდებათ დამატებითი დრო გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მყისიერად სჯობს მოქმედება, მცირედი ანალიზი დაგჭირდებათ. მარტივად რომ ვთქვათ, უნდა გადაწყვიტოთ, როგორ მიიღოთ გადაწყვეტილება. ამისათვის  დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანია, სასწრაფოა და რამდენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ორგანიზაციული მიდგომა, რომ გადაწყვეტილება იყოს კონკრეტული და რაც მთავარია, სწორი.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება?

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, რა დრო უნდა დაგჭირდეთ გადაწყვეტილების მისაღებად, არის მისი მნიშვნელოვნება. ნაკლებად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე თქვენ გაქვთ ფუფუნება, მეტი დრო დახარჯოთ. მაშ, პირველი ნაბიჯის სახით, საკუთარ თავს ან სხვებს ჰკითხეთ: რამდენად მასშტაბურია ცვლილება, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოყვება? თუკი ცვლილება არც ისე დიდია, უბრალოდ, მიიღეთ გადაწყვეტილება და განაგრძეთ ცხოვრება. ამგვარად, საკუთარ გონებრივ რესურსებს უფრო ღირებულ საკითხებზე დახარჯავთ.

უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დაჩქარებისთვის არის ორი კარგი მიზეზი. პირველი, განსაზღვრო, რა არის ამ ნაბიჯისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ფაქტორები და მეორე – მოიძიო და გააანალიზო ინფორმაცია. ზოგიერთი სპეციალისტი გვირჩევს, ყველა ფაქტორის განხილვის შემდეგ გამოვიძინოთ და ამგვარად, არაცნობიერი გონება აქტიურად ჩავრთოთ საქმეში. თუმცა, ამისათვის სხვა გზებიც არსებობს: დაისვენეთ, ითამაშეთ, დაკავდით მედიტაციით, მიიღეთ შხაპი… ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ წაიღებს დიდ დროს და ერთ დღე-ღამეში შეძლებთ გადაწყვეტილების მიღებას.

რაც შეეხება ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, გადაწყვეტილების მათზე დაყრდნობით მიღება უფრო ზუსტია, ვიდრე ინტუიციაზე. ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება დროს მოითხოვს. თუმცა, თუკი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, ღირს ამ ნაბიჯზე წასვლაც.

რამდენად ხშირად დაგჭირდებათ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება?

დააკვირდით, სამომავლოდ, რამდენად ხშირად მოგიწევთ მსგავსი მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღება? პასუხი ამ კითხვაზე ძალიან მნიშვნელოვანია და გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარეს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ გადაწყვეტილება ეხება ფასწარმოქმნას, თანამშრომლის დაქირავებას, ალბათ, სჯობს, ანალიტიკურ მეთოდს მიმართოთ. ხშირად გამეორებადი გადაწყვეტილებები მონაცემთა გენერირებას ჰგავს: მის მიღებამდე არსებული ინფორმაციის შედარებით, გადაწყვეტილების შემდგომ შედეგებთან, შეგვიძლია შევქმნათ მოდელი, რომელიც სასურველ რეზულტატზე იქნება ორიენტირებული. თავდაპირველად, ეს პროცესი შედარებით დიდ დროს წაიღებს, თუმცა, განმეორებასთან ერთად, ტემპი და სიზუსტე დარეგულირდება.

გადაწყვეტილება, რომელიც თან მნიშვნელოვანია და თან არც ისე ხშირი ხასიათის, ხშირად სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. მაგალითად, “უნდა შევცვალოთ თუ არა ჩვენი ბიზნეს მოდელი?” ან “შევიძინოთ კონკურენტი კომპანია?”. ამ გადაწყვეტილებისთვის ანალიტიკური მოდელი ნაკლებად გამოგადგებათ. ის საჭიროებს განხილვას, სხვადასხვა პერსპექტივის დანახვას და დროსთან ერთად, გარემოების ცვლილებაც ნაკლებადაა სავარაუდო. ზედმეტად დიდხანს ლოდინი, უბრალოდ, შესაძლებლობას გაგაშვებინებთ ხელიდან.

განიხილეთ “ნაწილობრივი გადაწყვეტილების” ფაქტორიც

თუკი სტრატეგიული გადაწყვეტილება მოიცავს უამრავ სავარაუდო დეტალს და განხილვის შემდეგაც რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება, სცადეთ სხვა მიდგომა. მაგალითად, ფიქრობთ რომელიმე კომპანიის ყიდვაზე, თუმცა ყოყმანობთ, რადგან გადაწყვეტილებამ თქვენს ბიზნესსა და თანამშრომლებზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს. ასეთ დროს, კომპანიის წილის შეძენით, მოსინჯავთ ძალებს, და უფრო მასშტაბური გადაწყვეტილების მისაღებად ვრცელ სურათსაც დაინახავთ. თუმცა, ამგვარ მიდგომას ნუ აქცევთ ისეთი გადაწყვეტილებისგან თავის არიდების პრაქტიკად, რომელიც ორგანიზაციას ნამდვილად ესაჭიროება.

დათქვით დედლაინი

თუკი გადაწყვეტილების მიღება მაინც გაგეწელათ, დათქვით მაქსიმალური დრო, როდესაც ამას, ბოლოს და ბოლოს, გააკეთებთ. შეზღუდული დრო ბევრი ფაქტორის სწრაფად გადახარშვის უნარს შეგმატებთ. უცებ განსაზღვრავთ, მაგალითად, ანალიზს ენდოთ, სხვა ხალხის რჩევას, გამოცდილებას, ინტუიციას, გამოიძინოთ თუ რა მოიმოქმედოთ.

ამასთან, არაა აუცილებელი გადაწყვეტილებას მარტო შეეჭიდოთ. ზოგჯერ, ძალიან სასარგებლოა ორგანიზაციული მიდგომაც. გადაწყვეტილების გადანაწილება, რიგ შემთხვევებში, უფრო გონივრულიც შეიძლება აღმოჩნდეს. კარგი გადაწყვეტილება მხოლოდ ეფექტური მიდგომის შედეგად მოდის. თუკი მას დროით ჩარჩოებშიც მოაქცევთ, მოსალოდნელზე უკეთეს რეზულტატს მიიღებთ. რასაკვირველია, რაიმეს გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველ ჯერზე მიდგომაზე ნუ იფიქრებთ. ერთხელ დახარჯეთ დრო, განსაზღვრეთ მიდგომა და შემდეგ ამ მიდგომით ისარგებლეთ ყოველ ჯერზე.

 

წყარო: HBR



განხილვა