წყვილებისა და ოჯახის თერაპევტი, მხატვარი ჯესიკა კინგი ჰყვება:
საკუთარ თავთან დასარჩენად ორი კვირა გამოვყავი. და ეს ნამდვილად მშვენიერია ხოლმე, როცა საკუთარ თავზე კონცენტრირებისთვის დროს ვპოულობ. ინტროვერტი ვარ, ამიტომ მარტო ყოფნა ძალიან მიყვარს. ფიქრიც მიყვარს და სწორედ ამ განმარტოებისას დასკვნამდე მივედი, რომ ხანდახან, უბრალოდ, მარიონეტი ვარ. იცით, რას ვგულისხმობ, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს სრულიად რომ კარგავ. ძლიერ ემოციებს განსხვავებული მიმართულებები მიჰყავხარ, გამუდმებული მწუხარება მოუშორებელ ჭირად გექცევა და აღქმას კარგავ, ვინ ხარ და რა არის შენთვის მნიშვნელოვანი. მოკლედ, იდენტობა დავკარგე.
ტყუილი იზრდება და იზრდება მანამ, სანამ ის ისეთივე აშკარა არ გახდება, როგორც ცხვირი შენს სახეზე, – ლურჯი ფერია, „პინოქიო“.
ცხოვრებაში ეს გრძნობები მაშინ მახსენებს ხოლმე თავს, როცა ვინმეზე ზედმეტად დამოკიდებული ვხდები. დამოკიდებულება შეიძლება, გავრცელდეს: თანატოლებზე, მეგობრებზე, თანამშრომლებსა თუ მშობლებზე და ა.შ.
რა არის ზედმეტად დამოკიდებულება?
პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ დამოკიდებულება სისუსტეს არ ნიშნავს. ეს ჯანმრთელია მაშინ, როცა ის დამოუკიდებლობასთანაა დაბალანსებული.
ყველას გვჭირდება მზრუნველობა, გამხნევება, მხარდაჭერა. ამის მიღება სხვებისგან შეგვიძლია და ეს ჯანსაღია. და ამას ჰქვია ურთიერთდამოკიდებულება, კომუნიკაციის მშვენიერი მიქცევ-მოქცევა, როცა ორივე მხარე გასცემს და იღებს კიდევაც. გადარჩენის ინსტინქტი ჩვენში ღრმადაა ჩაბეჭდილი და სხვა ადამიანებიც ამისთვის გვჭირდება.
სხვაზე ზედმეტად დამოკიდებულება კი ისაა, როცა საკუთარ თავს ებრძვი და გინდა, ემოციურ დამოუკიდებლობას დაუბრუნდე.
ჩემთვის ეს გამოიხატება მაშინ, როცა ძალიან ბევრს ვწუხვარ და აკვიატებული მაქვს აზრი, ვინ რას ფიქრობს ჩემზე. ეს კი თავის მხრივ, მოითხოვს ხოლმე ვინმეს მხრიდან ჩემს მოწონებას, აღიარებას, დათანხმებას და ცუდი ისაა, რომ სხვა შემთხვევაში, თავს არასაკმარისად ვგრძნობ ხოლმე.
ზოგადად როცა ვცდილობთ, რომ მუდმივად ვიღაც ვასიამოვნოთ, სწორედ მაშინ ვხდებით არარეალურები. სხვაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება თავს ცარიელად გვაგრძნობინებს, არაადეკვატურად, დაკარგულად, არეულად და უმნიშვნელოდ. ჩვენ ხომ სხვებისთვის არაფერს ვნიშნავთ იმიტომ, რომ თავად გავაყალბეთ საკუთარი თავები.
საიდან მოდის ეს?
მიზეზების ჩამონათვალი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორებიც თავად ჩვენ ვართ. შესაძლოა, ეს იმან გამოიწვია, ბავშვობაში მშობლები როგორ გექცეოდნენ, ან სკოლაში ხომ არ გაბულინგებდნენ?! რას იტყვით ტინეიჯერობის ასაკსა და კულტურულ ზეწოლაზე, რომ მაინცდამაინც მოდელი, გენიოსი, ანდაც სუპერვარსკვლავი უნდა იყო?
ჩემს შემთხვევაში, ეს იყო ტოქსიკური ურთიერთობა შეყვარებულთან. ეს ადამიანი იყო ფსიქოლოგიური მანიპულატორი, რომელიც პირფერობით კუთხეში მიმამწყვდევდა ხოლმე და ზიანს მაყენებდა დაშინებით, შერცხვენით, თავის დამნაშავედ მიჩნევით, ქებითაც კი.
ის მხოლოდ მაშინ მაქებდა, როცა იმას ვაკეთებდი, რაც მას სურდა. და შიში და შფოთი მეუფლებოდა, როცა ის ბედნიერი არ იყო იმიტომ, რომ ვიცოდი, ეს იყო რისკი, რომ მე მას აღარ ვეყვარებოდი და არაადეკვატურ პიროვნებად გამოვჩნდებოდი.
მე ვიყავი მსხვერპლი და ჩემს ღირებულებას არა საკუთარ თავში, არამედ მის თვალებში ვეძებდი ხოლმე. მოკლედ, მარიონეტი თოჯინა გავხდი და ამის გაცნობიერებამ იქამდე მიმიყვანა, რომ გადავწყვიტე, ჩემი ერთი ლუკმა თვითშეფასება დამეცვა.
როცა ამ ადამიანთან კავშირი გავწყვიტე, გავაანალიზე, რომ თოჯინის თოკები ისევ მამუხრუჭებდა. ეს გამოცდილება ცხოვრების სხვა სფეროებშიც მომყვებოდა და დიდი სიმამაცე და ვარჯიში დამჭირდა, რომ მესწავლა, როგორ მომეშორებინა ეს დამოკიდებულება და საკუთარი თავისთვის პირვანდელი ადგილი მიმეჩინა.
როგორ გავთავისუფლდეთ სხვების აზრზე დამოკიდებულებისგან?
- შენი სინდისი იყოს შენი სახელმძღვანელო – მოუსმინე პატარა ხმას შენში. ეს გაფრთხილებაა, როცა ჩვენ გარშემო, რაღაც არაჯანსაღად ხდება. იცნობდე საკუთარ თავს და გააანალიზე, როდის იწყებ სხვების მოსაწონად ქცევას. იყავი საკუთარი თავის წინაშე მართალი და პატივისცემით მიეპყარი მას;
- დაიცავი დისტანცია – ეცადე, საკუთარ თავთან მეტი დრო გაატარო. ეს, ასევე, კარგი საშუალებაა ურთიერთობების გადასამოწმებლად. ჯანსაღი ადამიანები შენს ცხოვრებაში სივრცეს მოგცემენ, როცა ის გჭირდება და შემდეგ, შენი ნახვით ისევ ბედნიერები იქნებიან. თუ ამას ხშირად არ აკეთებ, მათ შეიძლება შენს ამ ქცევაზე დამოკიდებულება გამოხატონ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შენიშვნა ან შემარცხვენელი აზრი, რომ თავი დამნაშავედ იგრძნო.
- გიყვარდეს საკუთარი თავი – ჩვენ სხვებისგანაც გვჭირდება სიყვარული, თუმცა თავადვე თუ არ შეიყვარებ საკუთარ თავს, სხვებიც ვერ მიხვდებიან, როგორ უნდა მოგექცნენ. ამისთვის კი საჭიროა საკუთარი თავის მიღება. დიახ, შენი გული გაბზარულია და ყურადღება, ზრუნვა, მიმღებლობა, დაფასება, პატივისცემა და ნაზად მოპყრობა სჭირდება. და ამისთვის სულაც არ გჭირდება ტყუილების მოფიქრება.
- გაეცი სიყვარული – ადამიანი სხვებზე ზედმეტად დამოკიდებული სწორედ მაშინ ხდება, როცა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფოკუსირდება. ყველაზე მარტივი და თბილი გზა, რომ ურთიერთდამოკიდებულების მიქცევა-მოქცევას დაუბრუნდე, არის სიყვარულის უანგაროდ გაცემა, ყოველგვარი მოლოდინების გარეშე.
თოჯინის თოკები ნელ-ნელა დაუშვით, გადაწყვეტილებები თავად მიიღეთ, როგორ გინდათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. და როცა გაცემაზე ფოკუსირდებით, კიდევ უფრო დიდი მადლიერებით შეძლებთ იმის მიღებას, რისი მოლოდინიც საერთოდ არ გქონდათ.
წყარო: tinybuddha








