24
Jul
2019

რატომ არ ღირს, გშურდეთ ილონ მასკის და სხვა სუპერპროდუქტიული ადამიანების…

24 Jul 2019

ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ ამა თუ იმ ადამიანის, კომპანიის წარმატებას, გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ მიაღწიოთ სამაგალითო შედეგებს. თუმცა, განსაკუთრებული წარმატება ყველას უნდა ან სჭირდება? ეს ხომ განსაკუთრებულ თავდადებასაც მოითხოვს. ამიტომაც, გვაქვს კითხვა: ეს ნამდვილად გსურთ?

pasha-statiebi
pasha-statiebi

გამორჩეული შედეგები გამორჩეულ პიროვნებებს აქვთ

აი, მაგალითად, დანიელა სტილის ამბავი ავიღოთ. მან 179 წიგნი გამოსცა და გულშემატკივრების მთელი არმია და მსუყე კაპიტალიც დააგროვა. როგორ მოახერხა ეს? უბრალოდ, დღეში 20 საათს მუშაობს.

მან პირადად განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში: “არ ვწვები, სანამ ისე არ დავიღლები, რომ მზად ვიყო იატაკზეც დავიძინო. თუკი ძილისთვის 4 საათი მაინც მაქვს, უკვე კარგია.”

ამ ფრაზას Guardian-ის ჟურნალისტმა, ოლივერ ბურკემანმა, ასეთი შეფასება მისცა: “ესაა ის, რასაც ჩვენ შრომაჰოლიზმს ვეძახით – სამსახურში შთანთქვას, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული შფოთვით, დაბალი თვითშეფასებით ან ცხოვრების უფრო რთული ასპექტებისგან გაქცევის წყურვილით”. ბურკემანი ახალსა და განსხვავებულს არაფერს ამბობს. თანამედროვე სამყაროში, იქ, სადაც გამორჩეულ წარმატებაზე ვსაუბრობთ, საქმე ყოველთვის შრომისმოყვარეობასთან გვაქვს. საფუძველი ძრავისა, რომელსაც უზარმაზარი ძალისხმევა მოყავს მოქმედებაში, შეიძლება იყოს შფოთვის, შიშის ან შინაგანი მდგომარეობის თავის არიდების მცდელობა. სუპერპროდუქტიული ადამიანები ხშირად გაურბიან ტკივილს.

ფილოსოფოსი ალენ დე ბოტონი, ერთ-ერთ ბოლო სტატიაში სუპერ წარმატების მტკივნეულ ფსიქოლოგიურ ფესვებზე საუბრობს. წარმატებული ადამიანების 75%-ს რთული ბავშვობა ჰქონდა.

“ეს საკმაოდ მარტივი საკითხია, რომელიც ადამიანის კეთილდღეობის შეგრძნებაზე საუბრობს: გქონდათ ბავშვობაში განცდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და გრძნობდით ბალანსს? თუ გრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ უნდა ყოფილიყავით სრულიად ექსტრაორდინალური, რომ მზის ქვეშ საკუთარი ადგილი გეპოვათ?”

ჩვენი მიღწევების, დაახლოებით, 20% არის მცდელობა, შევავსოთ ბავშვობაში გაჩენილი სიცარიელე, რომელიც როგორც წესი, მშობლისგან მოდის. მშობლებიც ხომ, თავის მხრივ, იტანჯებიან საკუთარი დანაკარგისგან, მენტალური პრობლემისგან, ცუდი ქორწინებისგან ან დიდი ცხოვრებისეული იმედგაცრუებისგან.

ვერავის, ვინც ძალიან წარმატებული ადამიანის გვერდით ყოფილა, გააკვირვებთ ამბით, რომ ეს წარმატებული ადამიანები, სინამდვილეში, საკუთარ დემონებს გაურბიან. ამ დროს კი, ჩვენ მათ მიღწევებს შევნატრით.

პრაქტიკული მაგალითი

“წარმატება”, რომელზეც ბევრი საუბრობს და კიდევ უფრო მეტი – ოცნებობს, ხშირად ტრავმაზე შენდება. თუმცა, კონკრეტული მაგალითი მაინც უფრო დამაჯერებელია. შორს რომ არ წავიდეთ, ილონ მასკის ამბავს მოვყვებით.

ილონ მასკი – აღიარებული შრომაჰოლიკი, რომელიც კვირაში 80-ზე მეტ საათს მუშაობს – უდავოდ გამაოგნებელ შედეგებს დებს. როგორც თავად ყვება, ილონ მასკს, საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა, რაც მამას და თანაკლასელებს უკავშირდება. მისი პირველი ცოლის თქმით, ილონ მასკის ამჟამინდელ მიღწევებს სწორედ იმ პერიოდის ბრძოლები უდევს საფუძვლად.

არა, ამით არ ვამბობთ, რომ სუპერწარმატებული ადამიანები ცუდები არიან ან თავად წარმატებაა ცუდი. არც ილონ მასკზე ვსაუბრობთ ცუდად. ყველას გვაქვს ჩვენი უცნაური მხარე, ისევე, როგორც მას და ილონ მასკიც მის წილ ტვირთს ჩინებულად ეზიდება, რათა სამყარო უკეთესისკენ შეცვალოს. განსაკუთრებულად მიზანმიმართული ადამიანი, ალბათ, სხვანაირი ვერც იქნებოდა.

მიზანი არ არის წარმატებული ადამიანების გაკრიტიკება. არამედ, მათთან საუბარი, ვისაც აღაფრთოვანებს სუპერწარმატებული ადამიანების შედეგები და თვითგვემითაა დაკავებული, რომ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მსგავს სიმაღლეებს. ამიტომაა სასარგებლო ყველაფრის გაცნობიერება: დიახ, მასკისნაირი ადამიანები გამორჩეულ სიმაღლეებსა და საყოველთაო აღიარებას მართლაც აღწევენ. მაგრამ, ამავდროულად, დიდი საფასურის გადახდაც უწევთ და დიდ ცხოვრებისეულ ტრავმას ატარებენ. ნამდვილად გსურთ, თავადაც ასე იყოთ?

არაფერია სამარცხვინო და შეიძლება უფრო გონივრულიც იყოს, თუკი წარმატებას უფრო დამშვიდებული გონებით შეხედავთ. იქნებ, წარმატებაა სულაც, მშვიდი შუადღე, ბავშვებთან ერთად, სახლში, სადმე, მოკრძალებულ ქუჩაზე?

ფილმების, რეკლამების, სიმღერებისა და სტატიების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად მიმზიდველ ჭრილში გვანახებს სპორტულ ავტომობილებს, ტროპიკულ კუნძულებზე დასვენებას, დიდებას, პირველი კლასის მგზავრობას და დაკავებულობას. ხშირ შემთხვევაში, ყოველივე ეს რეალურია. თუმცა, ამ ყველაფერმა ადამიანს საკუთარი ცხოვრების უსარგებლოდ აღქმა შეიძლება ჩაუნერგოს. არადა, რამდენად ძვირფასია, მაგალითად, აღზარდო ბავშვი ისე, რომ ის იყოს დამოუკიდებელი და ბედნიერი, შეინარჩუნო ნაყოფიერი და ბედნიერი ურთიერთობა, დიდი ხნის განმავლობაში, პასუხისმგებლიანად და ლაღად აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს, მშვიდად და გაწონასწორებულად მოეკიდო ცხოვრებისეულ სირთულეებს. შეიძლება, ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ ესეც დიდი წარმატებაა.

 

წყარო: inc



განხილვა