in

შეწყვიტეთ ადამიანების უპასუხოდ დატოვება და დაიწყეთ „არას“ თქმა

მოჩვენებითობა, ანუ უპასუხოდ დარჩენა, თანაც, ახსნა-განმარტების გარეშე ჩვეულებრივი მოვლენაა როგორც პირად, ისე პროფესიულ ურთიერთობებში… კვლევის თანახმად, მონაწილეთა 25%-ს ჰქონდა მსგავსი გამოცდილება პირად ურთიერთობაში. ხოლო თუ საქმე სამსახურის მაძიებლებს ეხება, საქმე ბევრად რთულდება — რესპონდენტთა 93% აცხადებს, რომ ისინი დაქირავების პროცესის გავლის შემდგომ უპასუხოდ დატოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ უპასუხოდ დარჩენის გამო წუხილის გამოხატვა მარტივია, იმის აღიარება, რომ ვინმე თქვენც უპასუხოდ დატოვეთ, ბევრად რთული ხდება. პირობას დებთ, რომ ბიზნესს წარადგენთ, რეზიუმეს განიხილავთ, კოლეგას რეკომენდაციასა თუ უკუკავშირს მისცემთ, თუმცა ამას არ აკეთებთ… ხოლო, როცა თქვენც ასე მოგექცევიან, შემდეგ იაზრებთ, რომ თავის დროზე თქვენ მიერ დადებული პირობებიც უნდა შეგესრულებინათ.

უპასუხოდ დატოვებას ისეთი შედეგები ახლავს თან, რომლებიც, შესაძლოა, თავიდანვე ვერც ამოიცნოთ — მაგალითად, გამოტოვოთ დიდი ნიჭი, პარტნიორობის შესაძლებლობები, შემოსავალი ან, თუნდაც, თქვენი მომავალი ლიდერობის პოზიცია. ეს თქვენ ირგვლივ მყოფებს შთაბეჭდილებას უქმნის, რომ არ ხართ სანდო. უპასუხოდ დატოვების მრავალ შემთხვევას კი, დიდი ალბათობით, თქვენს ბრენდზე გამანადგურებელი გავლენა ექნება. 

ამიტომ, აქ ის ხუთი გზაა მოცემული, რომელიც დროისა და ენერგიის დაბალანსებაში დაგეხმარებათ, რათა თქვენი ვალდებულებებიც შეასრულოთ.

უბრალოდ თქვით არა უფრო ხშირად

უპასუხოდ დარჩენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა საკუთარ თავზე იმაზე მეტის აღება, ვიდრე შეგიძლიათ. როცა ასე ხდება, იმის აღიარებაც რთულდება, რომ დაპირებებს ვერ ასრულებთ და ასე სხვებსაც იმედს უცრუებთ. ზოგიერთი ხელმძღვანელი ამ დროს სიჩუმესა და კომუნიკაციის შეწყვეტას ამჯობინებს, რასაც მარტივ პასუხად მიიჩნევს. 

ამის ნაცვლად, უმჯობესია, აღნიშნოთ, რომ არ გაქვთ დრო და მათ წარმატება უსურვოთ. რაც უნდა გთხოვოთ სხვამ, ჯობს პასუხისმგებლობა მხოლოდ მაშინ აიღოთ, როცა დარწმუნებული იქნებით, რომ პირობის შესრულებას შეძლებთ. 

ნუ მისცემთ დანაშაულს თქვენი შეჩერების უფლებას

შესაძლოა, მეგობარს რაღაცაში დახმარებას დაჰპირდით, მაგრამ შემდეგ ეს თქვენი პირადი თუ სხვა მიზეზით ვეღარ მოახერხეთ. ასე ხშირად ხდება ხოლმე, უარყოფითი პასუხის თქმა კი საკმაოდ რთულია, მაგრამ უპასუხოდ დატოვებას ნამდვილად ჯობს. ისიც შესაძლებელია, რომ კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილებას მალე ვერ იღებდეთ ან ეს თქვენი გადასაწყვეტი აღარც იყოს… აქ კი კომუნიკაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეტაპობრივად ახალი ინფორმაციების მიწოდება მიმდინარე პროცესების შესახებ დანაშაულის გრძნობისგან გიხსნით და პროცესის უფრო პროდუქტიულად წარმართვაშიც დაგეხმარებათ.

შესთავაზეთ ალტერნატიული შესაძლებლობები

თუ, მაგალითად, ჟურნალისტი ინტერვიუს ჩატარებას გთხოვთ და თქვენ ბევრი ვალდებულების გამო ამის დრო არ გაქვთ, დაასახელეთ ის ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ჩაგანაცვლონ და რომლებიც მათ ამ სტატიისთვის გამოადგებათ. თუმცა კარგი იქნება, სანამ ვინმე კონკრეტულს დაასახელებთ, ჯერ ამის ნებართვა მას თავადვე სთხოვოთ. 

ნუ გაფლანგავთ ერთმანეთის დროს

როცა უცნობი პირებისგან რაღაც შეთავაზებებს იღებთ, ხშირად დუმილით პასუხობთ და ეს რაღაც მხრივ სწორიც არის. თუმცა ისეთ შემთხვევებთანაც გვაქვს ხოლმე საქმე, როცა ნაცნობი ადამიანები საკუთარი ინიციატივით გვთავაზობენ დახმარებას და შეხვედრისთვის დროსაც გვინიშნავენ… მსგავს შემთხვევებში, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ადამიანებმა ერთმანეთის დრო ტყუილად არ უნდა დახარჯონ. ამას შემდეგი ფრაზითაც შეგიძლიათ დაუპირისპირდეთ: გამარჯობა, ვისურვებდი, რომ თქვენთან დასაკავშირებლად დრო მქონოდა. ჩემი ამჟამინდელი ვალდებულებებიდან გამომდინარე ვერ მოვახერხებ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.

უთხარით არასასურველი ამბები

მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების გამო ბევრ კომპანიას თანამშრომლების რაოდენობის შემცირება უწევს. აქ კი, მნიშვნელოვანია, დასაქმებულებს ეს სიახლე დროულად მიაწოდოთ. ან თუ დაქირავების პროცესის შეჩერება მოგიწიათ, იმ კანდიდატებს, რომლებიც აქტიურად არიან სამსახურის ძებნის პროცესში ჩართულნი, ეს სიახლე მალევე აცნობოთ — ზოგიერთი გასაუბრებისთვის მოსამზადებლად დღეებსაც კი ხარჯავს… შესაბამისად, არც მათი უპასუხოდ დატოვება იქნება კარგი გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, რომ კომპანიის წარმომადგენელი ხართ და ისინი თქვენგან ინფორმაციის პირდაპირ მიწოდებას იმსახურებენ და არა, სიახლეების სოციალური მედიით გაგებას. 

დიახ, ეს დროულად უნდა გააკეთოთ, რადგან რაც უფრო დიდხანს ალოდინებთ, მით უფრო მეტი შანსი რჩება იმისა, რომ თქვენ იგი უპასუხოდ დატოვოთ. მიიღეთ ის ძალაუფლება და პასუხისმგებლობა, რომელიც, როგორც ლიდერს, გაქვთ და საბოლოოდ უპასუხოდ დატოვების პრაქტიკაც დაასრულეთ. 

წყარო: HBR



Lego 90 წლის გახდა — ბრენდის 5 საუკეთესო რეკლამა

როგორ დავწეროთ ეფექტური SEO სტატია?