თუკი ხელმძღვანელ პოზიციას იკავებთ, თქვენს გონებათი ალბათ ხშირად ტრიალებს მსგავსი ფიქრები: როგორ გადავანაწილოთ პრიორიტეტები გუნდში? ვის რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს? როდის უნდა გაეშვას პროდუქტი? აზრების აწონ-დაწონვა ათასნაირად შეიძლება. შესაძლოა, თქვენი საქმე ძალიან გიყვართ კიდეც, მაგრამ უამრავი გადაწყვეტილების მიღება სტრესს იწვევს. ზოგჯერ, გონება ერთი და იმავე იდეის განხილვაში იციკლება და სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, როგორი იქნებოდა „სწორი“ გადაწყვეტილება. ზედმეტი ფიქრი დიდ დროით რესურსს გვართმევს და არანაკლებია ენერგოდანახარჯიც, განსაკუთრებით, თუკი საქმეს სიღრმისეულად და ემოციურად ეკიდებით. ფიქრი კარგია, თუმცა არა ზედმეტი ფიქრი. როგორ გავთავისუფლდეთ მისგან?
გვერდზე გადადეთ პერფექციონიზმი
პერფექციონიზმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა მოქნილი და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებისას. ის აზროვნების მცდარ პრინციპს ეყრდნობა. პერფექციონიზმს შეუძლია გაფიქრებინოთ, რომ თუკი სწორ გადაწყვეტილებას არ იღებთ, ე.ი. მარცხს განიცდით. ან, ყველაფერი უნდა იცოდეთ, ყველა მოვლენა და მოქმედებამდე, მოქმედების დეტალური გეგმა გქონდეთ.
ჰკითხეთ საკუთარ თავს:
როგორ გადაწყვეტილებას ექნება ყველაზე დადებითი გავლენა ჩემს პრიორიტეტებზე?
რა შემიძლია მოვიმოქმედო დღეს, ჩემს მიზანს რომ მივუახლოვდე?
იმ ცოდნის საფუძველზე, რაც ახლა გამაჩნია, რა იქნებოდა საუკეთესო ნაბიჯი?
ბევრად მარტივია გადაწყვეტილების მიღება ერთი მომდევნო ნაბიჯისთვის, ვიდრე თვეებისა და წლების პერსპექტივის გათვლის მცდელობა.
განსაზღვრეთ პრობლემის სიდიდე
ზოგიერთი გადაწყვეტილება საჭიროებს ფიქრს, ზოგი – არა. ჩამოწერეთ რა მიზნებს, პრიორიტეტებს ან ადამიანებს შეეხებათ იმ გადაწყვეტილების გავლენა, რომელიც უნდა მიიღოთ. ეს დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი მომენტების გამოკვეთაში, რაც ჩაციკლვას არ მოითხოვს.
ასევე, თუკი ღელავთ გამოიყენეთ 10/10/10 ტესტი. თუკი ღელავთ, დაფიქრდით, როგორ შეხედავთ ამ გადაწყვეტილებას 10 კვირის, 10 თვის ან 10 წლის შემდეგ? იმ დროისთვის, ამას ექნება ამხელა მნიშვნელობა?
გამოიყენეთ ინტუიციის ძალა
ტვინი განიხილავს სიტუაციას, სწრაფად აფასებს მას, თქვენი გამოცდილების მიხედვით, შემდეგ კი, გადაწყვეტილებას კონტექსტიდან გამომდინარე იღებს. ეს რაციონალური ავტომატიზებული აზროვნებაა და ნამდვილად დასაფასებელია. თუმცა, კვლევებით დასტურდება, რომ ინტუიციურად გაკეთებული შენაძენის 60% შემთხვევაში, მომხმარებლები კმაყოფილები იყვნენ. ესაა არაცნობიერზე დაყრდნობა, რომელიც საკმარისად დაფასებული არაა. ზოგჯერ, რაციონალურად ძნელია ავხსნათ, რატომ გვიბიძგებს შინაგანი ხმა სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე, თუმცა, არცთუ იშვიათად, ეს ამართლებს.
შეზღუდეთ გადაწყვეტილების მისაღებად დასახარჯი რესურსები
დღის მანძილზე საკმარისზე მეტი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ – რა მიირთვათ საუზმედ, როგორ უპასუხოთ მეილს… ყოველი მათგანი ემოციურ რესურსს მოითხოვს. ზედმეტი ფიქრი სწორედ მაშინაა მოსალოდნელი, როდესაც გადაღლილი ხართ. ამიტომ შეამცირეთ მეორეხარისხოვან გადაწყვეტილებებზე ფიქრის პროცესი და შემოინახეთ ის უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის.
შექმენით რუტინა და რიტუალი, რათა გონებრივი რესურსები აღადგინოთ – კვების ყოველკვირეული გეგმა ან კაფსულური გარდერობი. ეძებეთ სტანდარტიზებული პროტოკოლები და დაზოგილი ენერგია მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმეთ.
შექმენით შემოქმედებითი შეზღუდვები
შესაძლოა, პარკინსონის კანონზე გსმენიათ კიდეც. ის გულისხმობს, რომ სამუშაო გრძელდება მანამ, სანამ ჩვენ ვაგრძელებთ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი საკუთარ თავს ერთ თვეს მისცემთ პრეზენტაციის მოსამზადებლად, ამ საქმეს მთელი თვე დასჭირდება. თუკი, მხოლოდ ერთი კვირა გაქვთ, ამ დროშიც მშვენივრად მოასწრებთ. გონება თავად გადადის იმ რეჟიმზე, რომელსაც მას სთავაზობთ. ამგვარად, აწესებთ შეზღუდვებს და შემოქმედებითი ნაწილიც უფრო ოპერატიულად იწყებს მუშაობას.
რაც მთავარია, დაიმახსოვრეთ. როდესაც ზედმეტი ფიქრის მართვას შეძლებთ, გადაწყვეტილებას ბევრად მოქნილად და ნაკლები ემოციური და ენერგოდანახარჯის გარეშე შეძლებთ.
წყარო: HBR