12
Feb
2019

ნუ ამბობთ, რომ ძალიან დაკავებული ხართ

12 Feb 2019

როდესაც გეკითხებიან, როგორ ხართ, ხშირად პასუხობთ, რომ ძალიან გადატვირთული ხართ? თქვენი გვესმის, თუმცა “დაკავებულად” ყოფნა არ უნდა იყოს თქვენი სტატუსი. ეს უფრო იმაზე მიუთითებს, რომ დროის უკეთესი მენეჯმენტი გჭირდებათ. სამწუხაროდ, ეს ბევრი ადამიანის პირადი და პროფესიული ცხოვრების ნაწილია. თუმცა, დაკავებულობა არ უნდა იყოს სტატუსი, ე.წ. იარლიყი. ეს არ გაგვაბედნიერებს და მით უფრო, ვერ გაზრდის ჩვენს პროდუქტიულობას. ხშირად, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ, არასწორედ ვიყენებთ საკუთარ დროს. “არ მაქვს საკმარისი დრო” ხშირად თავის მართლებაა, რომელიც ჩვენი ლექსიკონიდან უნდა ამოვშალოთ. თუკი ვიცდით, როდის გვექნება თავისუფალი დრო, უსასრულოდ მოგვიწევს ლოდინი. მთელი საიდუმლო პრიორიტეტებშია. ეფექტიანმა ლიდერებმა კი იციან, როგორ წამოწიონ წინ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

გაანაწილეთ პრიორიტეტები “მნიშვნელოვანი” და “სასწრაფო”

დრო თქვენი ყველაზე ძვირფასი რესურსია და შესაბამისად უნდა გამოიყენოთ. ეს ნიშნავს, რომ ფრთხილად უნდა გაიაზროთ, რა არის თქვენთვის მთავარი, ნაკლებად მნიშვნელოვანი რაღაცები კი გრაფიკიდან ამოაგდოთ. ამის გააზრებაში დუაიტ ეიზენჰაუერის მიდგომა დაგეხმარებათ. ის გვასწავლის, როგორ გავანაწილოთ სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმეები შემდეგი პრინციპით:
სასწრაფო და მნიშვნელოვანი
სასწრაფო და ნაკლებად მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი და ნაკლებად სასწრაფო
ნაკლებად სასწრაფო და ნაკლებად მნიშვნელოვანი.

გავრცელებული შეცდომაა, პრიორიტეტად აირჩიო სასწრაფო საქმეები, მნიშვნელოვანის ნაცვლად. უმჯობესია კონცენტრირდეთ საქმეებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, თუმცა არაა საჩქარო. ამ პრინციპის დაცვა გარდაქმნის თქვენი ცხოვრების სტილს, წინ წასწევს თქვენს საქმესაც და გრძელვადიან მიზნებთან უფრო ახლოს მიხვალთ.

მოახმარეთ დრო იმას, რაც თქვენს ღირებულებებს ემთხვევა

ბევრ ადამიანს ჰგონია, რაც უფრო წარმატებულია, მით მეტი ადამიანი ართმევს დროს. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია მიზნების პირად და კორპორაციულ ღირებულებებთან თანხვედრაში მოყვანა. ასეთი მიდგომა გამოგიყვანს ენერგიისგან დაცლის რეჟიმიდან და გაზრდის თქვენს კმაყოფილებას.

დაიწყეთ თქვენი გრაფიკის მარტივი აუდიტით და განსაზღვრეთ, რამდენ დროს ანდომებთ იმ რაღაცებს, რაც თქვენს მთავარ ღირებულებებთანაა კავშირში. იქნებ, დროს ისეთ საქმეებზე ხარჯავთ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ვერავითარ სარგებელს ვერ მოგიტანთ? თქვენს საყვარელ ადამიანებთან დროის გატარების ნაცვლად, მას იმ საქმეებში ხარჯავთ, რაც არც გაინტერესებთ და არც გჭირდებათ? ამ კითხვებზე პასუხი ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს.

გაიაზრეთ, რომ თავად ხართ პასუხისმგებელი, რაში ხარჯავთ დროს

მენეჯმენტის ექსპერტმა, პიტერ დრაკერმა, თქვა, რომ ეფექტიანი ლიდერები მართავენ და ანაწილებენ თავიანთ დროს. თუკი აიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, თუ როგორ ხარჯავთ დროს, შეძლებთ გაცნობიერებულად გაანაწილოთ ის და კონცენტრირდეთ მხოლოდ პრიორიტეტებზე.

აზრი არ აქვს თქვენი დროის სრულად საქმით დატვირთვას. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ დასვენება და მოდუნება აუცილებელია. როდესაც ამოცანას ვერ ვასრულებთ, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ საამისოდ არასწორი გზა ავირჩიეთ. იმის ნაცვლად, რომ იწუწუნოთ “ვერ მოსწრებულ” საქმეზე, თქვით, რომ “X გზა აირჩიეთ, Y-ის ნაცვლად” ან “არასწორ საკითხებზე კონცენტრირდით”. გაცნობიერება დროის კონტროლში დაგეხმარებათ და ამგვარად, შეძლებთ აიღოთ პასუხისმგებლობა ყველა არასწორ გადაწყვეტილებაზე და მათ გამოსწორებაზე იფიქროთ.

დროის მართვა არაა ადვილი – უამრავი ადამიანი მთელ ცხოვრებას ანდომებს ამ საიდუმლოს გაგებას. თუმცა იმის თქმა, რომ არ გცალიათ, დროის მართვის გაუმჯობესებაში გიშლით ხელს. გაიაზრეთ, რა არის მნიშვნელოვანი, ვინ არიან ყველაზე ძვირფასები თქვენთვის და რომ მხოლოდლ თქვენ განაგებთ თქვენს დროს. ამის შემდეგ, როდესაც ადამიანები გკითხავენ “როგორ ხარ?” უკეთესი პასუხი გექნებათ, ვიდრე, უბრალოდ, “დაკავებული ვარ”.

წყარო: inc



განხილვა