in

შეწყვიტეთ ზეპირი პრეზენტაციისთვის ტექსტის წერა!

დაწერილი ტექსტის კითხვა მსმენელებს უარყოფითად განაწყობს

“არ იდარდო, პრეზენტაციის ტექსტი დაწერილი მაქვს და გამოსვლამდე დავიზეპირებ”, – გსმენიათ ასეთი ფრაზა? ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კარგი ტექსტი, რომელსაც აუდიტორიის წინაშე ჩაიკითხავს, ზედმიწევნით უნდა იყოს გაწერილი ან დამახსოვრებული. ზოგიერთმა ეს მიდგომა სკოლაში აითვისა. სხვები ამ დასკვნამდე პოლიტიკოსებისა და სხვა გამომსვლელების მაგალითზე მივიდნენ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუკი სფიჩრაიტერების გუნდი გყავთ და თქვენს სათქმელზე ისინი შრომობენ, ბუნებრივია, შეგიძლიათ მოთხოვოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი, შემდეგ კი, მოხერხებულად დაიკავოთ თქვენი ადგილი მინის ტელესუფლიორთან და ეფექტურად ჩაიკითხოთ ტექსტი. თუმცა, უმეტესობა ჩვენგანი პრეზენტაციებს, უმეტესწილად, ბიზნეს შეხვედრებზე, ონლაინ კონცერენციებსა თუ სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებებზე ატარებს.

ტიპურ სიტუაციებში, დაწერილი ტექსტის კითხვა ან დაზეპირებულის წარმოთქმა დესტრუქციულ ეფექტს ატარებს და მსმენელებს უარყოფითად განაწყობს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ შეცდომას და ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როგორ ჩავრთოთ და შთავაგონოთ აუდიტორია.

წერა არასწორ აქცენტებზე ფოკუსირდება

გამომსვლელის მთავარი როლია აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა. ბევრი სპიკერი კი ფიქრობს, რომ მისი ფუნქციაა გამოჩნდეს შესანიშნავ ორატორად ან მწერლად. აზროვნების ეს მიდგომა სრულიად აცდენილია მთავარ მიზანს. უმეტეს შემთხვევაში, სათქმელის ტექსტად დაწერას უაზროდ დიდი დრო მიაქვს. ყოველი ახალი ფრაზისთვის საუკეთესო ინტერპრეტაციაა საჭირო. არადა, თქვენი სათქმელი ადამიანამდე ბუნებრივად უნდა მიდიოდეს. შესაძლოა, ძალიან ბევრი იმუშაოთ ტექსტზე და აუდიტორიამ ამ შესანიშნავი ფრაზებიდან ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დაიმახსოვროს. ტექსტის წინასწარ წერა გამორიცხავს აუდიტორიაზე ორიენტირებულობას და მისი ჩართულობა მინიმუმამდე დაყავს.

ტექსტის კითხვა წარმოქმნის ბარიერს

თუკი გამოსვლისას, ტექსტ ზედმიწევნითი სიზუსტით კითხულობთ, ამას დიდი მინუსები აქვს. მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან მინიმალურია. კითხვა ემოციურ გამოხატვაში გიშლით ხელს. ეს უბრალოდ, ტექსტური ინფორმაციის ზეპირი გადმოცემაა, რომელიც რეალური ურთიერთკავშირის დამყარებას თითქმის გამორიცხავს. არაა ადვილი იკითხო ტექსტი და ამავდროულად, ემოციური კონტაქტიც დაამყარო მსმენელთა. ასეთი გამომსვლელის მოსმენა აუდიტორიას არ უყვარს და წარმოშობს ბარიერებს. თითქოს, საკუთარ ტექსტებში ცდილობთ გაუჩინარებას. ამას სჯობდა მათთვის ელექტრონული წერილი გაგეგზავნათ.

სპონტანურად საუბარი, გულწრფელი დამაჯერებლობითა და გაცნობიერებული სათქმელით, ადვილად აღწევს მსმენელების გულამდე.

ზოგიერთი ადამიანი ჯიუტად ცდილობს ტექსტით გადაფაროს საჯარო გამოსვლის შიში. ფიქრობენ, რომ ბოლოს და ბოლოს, ნაკლები დაშავდება, თუკი 932 სიტყვას თანმიმდევრულად წაიკითხავთ, მსმენელებს თვალს აარიდებენ. თუმცა, ეს უფრო აუდიტორიის მსხვერპლშეწირვაა თქვენივე კომფორტისთვის. საუკეთესო გზაა გადალახოთ საჯაროდ გამოსვლის შიში და გაიაზროთ მიზანი, რისთვისაც გამოდიხართ პუბლიკის წინაშე.

თუკი დამახსოვრებულ ტექსტს ჰყვებით, ესეც ტექსტის კითხვაა, ოღონდ გონებიდან. მცირე ხარვეზი და შესაძლოა, ვეღარ გაიხსენოთ სათქმელი.

როგორ მოიქცეთ? ამ მარტივ ნაბიჯებს მიყევით:

გააკეთეთ მონახაზი

დაწყებით კლასებში მასწავლებლები გვასწავლიან, რომ მთავარია ვიცოდეთ გეგმა, რუკა, რომელიც გარკვეული დანიშნულების წერტილისკენ მიგვიყვანს. კიდევ უფრო უკეთესია ეფექტიანი სქემები, რომლებიც შემდეგ პუნქტებადაა ჩაშლილი. რაც მეტ პრაქტიკას გადიხართ, მით უფრო უნდა მოკლდებოდეს გეგმა, რადგან სულ უფრო უკეთ უნდა გახსოვდეთ გამოსვლის მთავარი მიზანი.

გააკეთეთ სასარგებლო ჩანიშვნები

ბოლოსდაბოლოს, როცა თქვენი გეგმა იმდენად პატარა იქნება, რომ პატარა ბარათზეც კი დაეტევა, უკვე ხელთ გექნებათ ჩანიშვნები, ის მნიშვნელოვანი მომენტები, რაც აუცილებლად უნდა გახსოვდეთ. ეს საყიდლების სიასავითაა.

საყიდლების სიაში თქვენ არ წერთ “ვიყიდო სამი ახალი ავოკადო, პროდუქტების მეოთხე რიგში”. თქვენ წერთ: “3 ავოკადო”. თქვენი ჩანაწერები უნდა იყოს თქვენს პირად მოხმარებაზე მომართული.

ასეთი სქემის უპირატესობა ისაა, რომ აუდიტორიასთან კონტაქტსაც ინარჩუნებთ და მონახაზში ჩახედვით ადვილად იხსენებთ სათქმელს.

ეფექტური პრაქტიკა

პრაქტიკა მნიშვნელოვანია, ეს სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელია დავინახოთ განსხვავება ეფექტურ და არაეფექტურ საპრეზენტაციო პრაქტიკას შორის. არაეფექტური პრაქტიკაა საკუთარ სათქმელზე ფიქრი და სიტყვების უმისამართოდ სროლა. ეფექტური პრაქტიკა კი თქვენს სამეტყველო და სააზროვნო ორგანოებს სინქრონულად ამუშავებს და სათქმელს რეალურ დროში, რეალურ საჭიროებას არგებთ. ამისათვის არც სხვა ადამიანი გჭირდებათ და არც კამერა – მხოლოდ თქვენი გონება, პირი და ფიზიკური პრაქტიკა.

სცენარის ნაცვლად, საკუთარ თავს ენდეთ

თქვენ მუდმივად ტექსტის გარეშე საუბრობთ: შეხვედრებზე, გასაუბრებებზე, რეპორტინგისას, საკონფერენციო ზარებისა თუ სხვა კომუნიკაციისას. თუკი, სხვა დროს თქვენ ენდობით საკუთარ თავს, გამოცდილებასა და ავტორიტეტს და საუბრობთ სპონტანურად, ტექსტი არც სხვა დროს გჭირდებატ. როდესაც იცით საკუთარი პოზიცია, გააზრებული გაქვთ და გამოცდილი, გაიაზრებთ, როგორ გადმოსცეთ საკუთარი აზრრები ცოცხალ რეჟიმში, ყოველგვარი სცენარის გარეშე. ეს საკუთარი თავის ნდობაა.

 

წყარო: HBR



„ჩვენ ვიბრძვით ერთად!“ – 4 თებერვალი კიბოს საერთაშორისო დღეა

სათვალე, როგორც დღევანდელობისთვის საჭირო აქსესუარი