in

Storera – ქართული ელ.კომერციის პლატფორმა B2CGE-ს ახალი ჰორიზონტი

B2CGE პირველი ქართული პლატფორმაა, რომელმაც საქართველოს მასშტაბით E-commerce ბიზნესში კონკურენტული უპირატესობა  უმოკლეს დროში მოიპოვა და ბაზარზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. 5 წლის განმავლობაში ამ ხელსაწყოს არაერთი მცირე და მსხვილი ბიზნესი იყენებდა, გაიზარდა სამუშაო გუნდი, დაიხვეწა ტექნოლოგია და მიდგომები, რაც უცხოური ბაზრების ათვისებისა და გაფართოების წინაპირობა გახდა. B2CGE ახლა უკვე Storera-ს სახელით პოზიციონირებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანსა და უზბეკეთშიც. კომპანიის მისიაა, ელ.კომერცია ხელმისაწვდომი გახადოს როგორც ლოკალურად, ისე რეგიონულად.

პლატფორმის უპირატესობებისა და ბრენდის ახალი იდენტობის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელი, ქეთი ვაჩიბერიძე გვესაუბრა.

M: ქეთი, პირველ რიგში, პლატფორმის შესახებ ვისაუბროთ – რა შესაძლებლობებს აძლევს ის კომპანიებს?

მას შემდეგ, რაც B2CGE (ახლა უკვე Storera) არსებობს, მისი მეშვეობით 1000-ამდე ონლაინმაღაზია შეიქმნა. ჩვენ გვსურს ელ.კომერციის პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ და როგორც მცირე, ისე მსხვილ მეწარმეებს საშუალება მივცეთ, სწრაფად და მარტივად გააციფრულონ ბიზნესი. 

ბიზნესის გასაციფრულებლად საჭიროა მარტივი რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც ავტომატურად იქმნება ონლაინმაღაზია. მომხმარებელი ვებგვერდს აწყობს დამოუკიდებლად, საკუთარი კონტენტითა და პლატფორმაზე მუშაობის პროცესში შერჩეული დიზაინით. თავად ტვირთავს პროდუქტებს, უთითებს აღწერებს, ანიჭებს ფასებს და ააქტიურებს მარტივი და მრავალფეროვანი გადახდის მეთოდებს კლიენტებისთვის. ეს შეიძლება იყოს ონლაინგადახდის სერვისი, ინვოისი და განვადება. ასევე, დამწყებ თუ შემდგარ ანტრეპრენერებს საშუალება აქვთ, გამართონ საკუთარი მიწოდების სერვისი ან მესამე მხარის მომსახურების ინტეგრაცია უზრუნველყონ.

M: რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ელ.კომერციის გამოყენება საქართველოში და რა უპირატესობებს სთავაზობს მომხმარებელს Storera?

E-commerce ვებგვერდის აწყობის რამდენიმე ალტერნატივა არსებობს. თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მათგანს აქვს. თუ ბიზნესი ვებდეველოპერულ კომპანიას ანდობს ვებგვერდის შექმნას, პროცესში პროექტისთვის დაკომპლექტებული გუნდი ერთვება, აწყობის შემდეგ კი მუდმივ მხარდაჭერას მოითხოვს, რაც ხარჯებს ზრდის. 

რაც შეეხება ხელმისაწვდომ და SMART ალტერნატივებს, SaaS (Software as a Service) საუკეთესო გადაწყვეტას წარმოადგენს. სწორედ ასეთი პლატფორმაა Storera, რომლის შემთხვევაშიც ყოველთვიური საფასური 99 ლარს შეადგენს, რაც ყველა საჭირო კომპონენტს აერთიანებს, მათ შორის ონლაინმაღაზიის შექმნისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას. ეს საკმაოდ დიდი უპირატესობაა ნებისმიერი კომპანიისთვის, განსაკუთრებით კი მცირე მეწარმეებისთვის. მსგავს გადაწყვეტებს უკვე მიმართავენ გლობალური ბრენდები, რადგან თანამედროვე სამყარომ დაგვანახა, რომ ეს მიდგომა ყველაზე სწორია.

ვფიქრობ, ბიზნესის წარმატების ფორმულა მცდელობებშია, რომლებიც დროსთან ერთად რეალურ შესაძლებლობებს ქმნიან.

სწორედ ამიტომ, ბიზნესის გაციფრულების სტიმულირებისთვის, მეწარმეებს საშუალებას ვაძლევთ, პირველი ერთი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში უფასოდ გამოიყენონ ჩვენი პლატფორმა – Storera და თავად დარწმუნდენ ელ.კომერციის ამოუწურავ შესაძლებლობებში.

M: Storera უკვე აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრებზე ოპერირებს. გვიამბეთ, როგორ ტრანსფორმირდა B2CGE Storera-დ?

საწყის ეტაპზე აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრების მოკვლევა და პარალელურად გაფართოებაზე ფიქრი დავიწყეთ. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე აღარ ვართ მხოლოდ ლოკალური ბიზნესი, გადავწყვიტეთ, უნივერსალური მნიშვნელობითა და ვიზუალით წარვდგენილიყავით საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ახლა ვოპერირებთ, როგორც კომპანია, რომელსაც კარგად ესმის იმ ქვეყნის კულტურა, რომლის ბაზარსაც ითვისებს და პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, მათ ენაზე ესაუბრება.

M: აღგვიწერეთ ის ნაბიჯები, რომლებიც გუნდმა უცხო ბაზრის ასათვისებლად გაიარა…

ჩვენი პირველი სამიზნე იყო აზერბაიჯანი. დაახლოებით 8 თვის წინ დავიწყეთ პილოტირება, რა დროსაც მოვიძიეთ რამდენიმე მომხმარებელი და ასევე მხარდაჭერის გუნდი, რომელიც ადგილობრივ ბიზნესს ჩვენი პლატფორმის მეშვეობით გაციფრულების პროცესში დაეხმარებოდა. პარალელურად დავინტერესდით უზბეკეთითაც, რადგან ეს სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც უცხოური კომპანიების ადგილობრივ ბაზარზე შეყვანის აქტიურ პოლიტიკას ეწევა. 

ჩვენი მიზანია კავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ბაზრების ათვისება, რადგან აღნიშნულ რეგიონებში ელ.კომერციის დონე შედარებით დაბალია და ვფიქრობთ, რომ დიდი პოტენციალი გვაქვს, ვიყოთ ბრენდი, რომელიც არსებულ ბაზრებზე წარმატებით დაიმკვიდრებს თავს. გუნდში დავინახეთ საჭიროება და მოვმართეთ შესაბამისი რესურსი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს სრულფასოვანი ონლაინმაღაზიის შექმნა და მომხმარებლისთვის შეთავაზება შეეძლებათ. 

M: რით განსხვავდება ქართული ბაზარი თქვენ მიერ ახლად ათვისებული ქვეყნებისგან და მოერგო თუ არა Storera ახალი ბაზრის მოთხოვნებს?

საგულისხმოა, რომ თითოეული ქვეყანა არსებულ რეგიონში სპეციფიკურია. კულტურული უნიკალურობა პირდაპირ ისახება მიდგომებზე საქმის წარმოების პროცესში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ One size fits all ტიპის მიდგომა ასეთ რეგიონში არაეფექტურია, ამავე მიზეზით ვერ იკიდებენ ფეხს გლობალური პლატფორმები. საქართველოც ამ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ოპერირება.

მიღებული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ე. წ. country specific მოთხოვნებს თამამად, შესაბამისი ქმედებებით ვუპასუხოთ.

მაგალითად, აზერბაიჯანში გავრცელებულია Card to card გადახდები, რაც საქართველოსთვის არარელევანტურია. აგრეთვე, უზბეკეთის ბაზრისთვის პლატფორმაში ჩავაშენეთ ტელეგრამის ჩატბოტი, რადგან მოცემულ ქვეყანაში ეს პროდუქტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, Storera-ს მომხმარებელს უზბეკეთში უკვე შეუძლია, საკუთარი ონლაინმაღაზია ტელეგრამ ბოტთან დააინტეგრიროს და მისი მეშვეობით გაყიდოს პროდუქტი.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

როგორც უკვე ვახსენე, ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს, ელექტრონული კომერცია ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი კატეგორიისა თუ მასშტაბის ბიზნესისთვის. ჩვენ ვხსნით უხილავ ბარიერებს და ქართველ, აზერბაიჯანელ და უზბეკ ანტრეპრენერებს ვაჩვენებთ სიახლეებს, რის შესახებაც აქამდე არ ჰქონდათ ცოდნა და რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც მეწარმეების წინსვლა გარდაუვალია. ჩვენი მიზანია, დროული და თანმიმდევრული ქმედებების საპასუხოდ, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სწრაფი მასშტაბირება.

ამას გარდა, ვგეგმავთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რადგან უკვე გვაქვს მათთან საერთო პროექტების წარმატებით განხორციელების გამოცდილება. ასევე, გვსურს დამატებითი ინვესტიციების მოძიება და აქტიური მარკეტინგული კომუნიკაციის განხორციელება არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან, მიმდინარე სიახლეებს კი მომხმარებელს მუდმივად გავუზიარებთ. ჩვენი, როგორც ბრენდის სტრატეგიაა, გავხდეთ ყველაზე მსხვილი E-commerce პლატფორმა რეგიონში. ამ მიზნის მისაღწევად მთელი გუნდი აქტიურად მუშაობს, რაც მიღწეულ წარმატებებზე უკვე აისახა.

[R]

სრულად განულებული ჩეკი Popmart.ge-ზე — საიუბილეო კამპანია

JWST-ს აღმოჩენილი ყავისფერი ჯუჯა რეკორდს ხსნის!