in

გენერაციული AI, სოციალური მედიის კონტენტისთვის! – გაიცანით, 500 Georgia-ს ფინალისტი სტარტაპი STORI AI

უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოს ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სილიკონის ველზე დაფუძნებულ ვენჩურული საინვესტიციო კომპანია 500 Global-თან ერთად, სტარტაპერებს სპეციალურ სააქსელერაციო პროგრამა 500 Georgia-ში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. პროექტის მიზანია, მძლავრი ადგილობრივი სტარტაპ-გარემოს ჩამოყალიბება, სტარტაპერებისთვის მასშტაბირების შესაძლებლობის შექმნა, გლობალური ინვესტორების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვა. ამ წლების განმავლობაში, 500 Georgia-მ მნიშვნელოვნად შეცვალა არამხოლოდ ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა, არამედ რეგიონულ დონეზეც ჩართო სტარტაპერები. აღსანიშნავია 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპების შედეგებიც – ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია, მილიარდამდე მომხმარებელი და უსწრაფესი ზრდა, დროის მცირე პერიოდში.

ამჯერად, გიამბობთ 500 Georgia-ს შერჩეულ სტარტაპზე STORI AI. ესაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც სოციალური მედიისთვის ბრენდირებული კონტენტის შექმნაში ეხმარება მომხმარებლებს. სტარტაპმა $500,000-იანი პრე-სიდ საინვესტიციო რაუნდი დახურა და სიდ-რაუნდისთვის ემზადება. ასევე, Product Hunt-ზე მარკეტინგის წლის საუკეთესო პროდუქტად არის ნომინირებული – ხმის მიცემა ამ კვირის ბოლომდეა შესაძლებელი, მითითებულ ბმულზე. რას აერთიანებს STORI AI-ის სერვისები, მისმა დამფუძნებელმა სანდრო ოქროპირიძემ გვიამბო.

M: რა სერვისებს აერთიანებს STORI AI?

STORI AI-ის საშუალებით, ვიწყებთ ბრენდის იდენტობის შექმნით. შემდეგ, ბრენდის გაიდლაინების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავაგენერიროთ შესაბამისი კონტენტი სოციალური ქსელებისთვის: Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn, Pinterest… შექმნის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, პლატფორმა გამოიყენოს ყოველდღიურ სამუშაო ინსტრუმენტად და იქიდან მართოს სოციალური მედია, მოიწვიოს გუნდის წევრები, გარეშე ფრილანსერი, დამკვეთები და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს ამ კონტენტის პლატფორმიდანვე განთავსება სოციალურ ქსელებში.

ბრენდბუქის შექმნის ორი ვარიანტია – სწრაფი და უფრო გაუმჯობესებული. მათთვის, ვისაც მარტივად და „ერთი დაკლიკვით“ სურს დავალების შესრულება, სწრაფი სერვისი შევქმენით. მეორე შემთხვევაში, კომპანიის შესახებ ინფორმაციას ვუთითებთ, შემდეგ ხელოვნური ინტელექტი სიმულაციურ ბრიფს ქმნის და აგენერირებს ბრენდის იდენტობას. შემდეგ, კითხვარის დახმარებით, უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდება შეგვიძლია პლატფორმისთვის.

M: ვინ არის STORI AI-ის მომხმარებელი, ამ დროისათვის?

STORI AI-ის მომხმარებელთა 40% ამერიკელია. პლატფორმას საქართველოში ისინი იყენებენ, რომლებიც კონტენტს ან უცხოური ბაზრისთვის ქმნიან, ან თავად წერენ კონტენტს და იყენებენ დანარჩენ ფუნქციონალს. მთლიანობაში, პლატფორმას ადამიანები 102 ქვეყნიდან სტუმრობენ, მათ შორის, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ინდოეთი…

ორიენტირი თავიდანვე აშშ-ის ბაზარზე გვქონდა. უფრო მეტად, კალიფორნიაში ვაქტიურობთ და ვვითარდებით.

M: როგორ ჩამოყალიბდა სტარტაპის იდეა ამ ფორმით?

STORI AI-მდე სხვა სტარტაპზე მუშაობის შედეგად მოვედით. თავდაპირველად, ვაკეთებდით მზა საიტების შექმნის პლატფორმას. გვქონდა ბევრი შაბლონი და მომხმარებელს მხოლოდ გამოწერა სჭირდებოდა გამოსაყენებლად. სირთულეს წავაწყდით იმ კუთხით, რომ მომხმარებლებს უძნელდებოდათ საიტზე განსათავსებელი კონტენტის შექმნა და გამოგზავნა. აღმოვაჩინეთ, რომ ეს პრობლემა საკმაოდ დიდ, მრავალმილიონიან ბიზნესსაც კი ჰქონდა – არ გააჩნდათ ბრენდირებული კონტენტი და შესაბამისად, ვერც გვაწვდიდნენ. სწორედ ამის გამო დავიწყეთ ცალკე ხელსაწყოზე მუშაობა, რომელიც შემდეგ სტარტაპად გარდაიქმნა – გაიშალა მრავალფეროვან ხელსაწყოებად, გამოუჩნდა თავისი მომხმარებლები.

M: როგორი იყო 500 Georgia-ში მონაწილეობის გამოცდილება?

500 Georgia-ში მოხვედრა აქამდეც გვინდოდა. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო პროგრამაში მონაწილეობა. უაღრესად საინტერესო და ცოცხალი პროცესია. მაგალითად, პირველი კვირები ისეა დაგეგმილი, რომ ამერიკულ სამუშაო ეთიკას შეეჩვიონ პროგრამის მონაწილეები – ყველა მომენტს სასარგებლოდ და ეფექტურად ვიყენებდით. ისეთ პრობლემებზე აგვახელინა თვალი, რის იდენტიფიცირებას მანამდე ვერ ვახდენდით. მაგალითად, თუკი მანამდე პროდუქტის შექმნისას საკუთარ შეხედულებებს ვეყრდნობოდით, 500 Georgia-მ გვასწავლა, ანალიტიკის ეფექტურად გამოყენება, პროდუქტის ჩამოყალიბებისას. ეს იყო მნიშვნელოვანი ბიძგი, რაც ბევრი საკითხის გადააზრებაში დაგვეხმარა.

M: როგორ დაგეხმარათ 500 Georgia-ს პროგრამა STORI AI-ს განვითარებაში?

განსაკუთრებით გამოვყოფდი ორ რამეს: ერთი მხრივ, სწორ მიმართულებას, პროდუქტის შექმნის კუთხით, მეორე მხრივ, ფანდრაიზინგში. სწორედ ამ პერიოდში გავერკვიეთ, როგორ მოგვეძიებინა ინვესტიცია სტარტაპისთვის, როგორ წარგვედგინა ბიზნესიდეა ეფექტურად. ასევე, მივეჩვიეთ ეფექტურად მუშაობის სტილს, რაც სტარტაპისთვის საკმაოდ უცხოა ხოლმე. ძალიან სასარგებლოა, როცა რჩევასა და მიმართულებას გაძლევენ ადამიანები, ვისაც იგივე გზა გაუვლიათ.

მომხმარებლების მოძიების კუთხით, დიდი ბიძგი მოგვცა Product Hunt-მა, Product of the day და Product of the week როცა გავხდით. ასევე, appsumo-მ, საიდანაც გადამხდელი მომხმარებლები შევიძინეთ. ეს იყო რეალური გამოცდილება მომხმარებლებთან, მათ უკუკავშირთან, მოთხოვნებთან. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გვეხმარებოდნენ და რჩევებს გვაძლევდნენ.

M: როგორ შეიცვალა თქვენი, როგორც სტარტაპერების ხედვა და განვითარების გეზი?

საგრძნობლად გავზარდეთ, გავაოთხმაგეთ, ინვესტიციის მოცულობა, რაც სტარტაპის განვითარებისთვის წარმოგვედგინა. მნიშვნელოვნად შევცვალეთ ხედვა. ასევე, მიუხედავად არაერთი განსხვავებული მოსაზრებისა, რომ ამერიკის ბაზარზე რთულად შევძლებდით თავის დამკვიდრებას, მაინც აქ ავირჩიეთ ყოფნა, ძალიან კონკურენტულ გარემოში, ვიდრე იმ ბაზარზე პოზიციონირება, რომელიც უფრო მეტად თავისუფალია. ვფიქრობთ, ეს გუნდსაც აძლიერებს და პროდუქტსაც.

ახლა ვამატებთ პერსონალური ბრენდის ფუნქციონალს, მომხმარებლების საჭიროებიდან გამომდინარე და ცალკეულ ინდივიდებზე მორგებული კონტენტის გენერირება იქნება შესაძლებელი.

ჩვენი მთავარი გზავნილია Raise Your Voice, რითაც ვეხმიანებით თავისი საქმის პროფესიონალებს, რომლებსაც სჭირდებათ კონტენტის თვალსაზრისით დახმარება, ჭარბ ბაზარზე. გვინდა, ჩვენი პლატფორმა ადამიანებს აუდიტორიასთან კომუნიკაციაში.

#სადანროგორ გავერთოთ 19-21 იანვარს — ღონისძიებების კალენდარი

AI პროექტების მენეჯერებს ჩაანაცვლებს?!