ჯორჯ ლუკასმა არამხოლოდ საუკუნის ფილმი შექმნა, არამედ ისეთი პერსონაჟები გააცოცხლა, რომლებიც დღემდე უამრავი ადამიანისთვის შთაგონების წყაროსა და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ. მართალია, Stormtrooper–ები ბნელი ძალების მეომრები არიან, მაგრამ მათშიც შეიძლება რაიმე განსაკუთრებულის პოვნა, როგორც ეს სატელეფონო კომპანია Globe Telecom–ის ვიდეორგოლის მთავარმა გმირმა მოახერხა.
ბრენდმა ახალი კამპანია #CreateCourage წამოიწყო და მის ფარგლებში ძალიან თბილი, ემოციური ვიდეორგოლიც გადაიღო. ამბავი პატარა ბავშვზეა, რომელსაც იმდენად უყვარს ვარსკვლავური ომები და განსაკუთრებით, Stormtrooper–ები, რომ სკოლაშიც კი მუდმივად მათი ნიღბით დადის. უფროსი ძმაც მხარს უბამს და ერთად დროს ისე ატარებენ, როგორც ვარსკვლავურ ომებს შეეფერება. თუმცა, ყველაზე მთავარი არამხოლოდ Stormtrooper–ების სიყვარულია, არამედ ის დაავადებაა, რასაც ჩვენი პატარა გმირი საყვარელი პერსონაჟების ნიღბით ფარავს.












