3
May
2019

თბილისში Storytelling-ის ფესტივალი გაიმართება

3 May 2019

თბილისში, 20-22 ივნისს Storytelling Festival, ანუ ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. 3 დღის განმავლობაში, აუდიტორიის წინაშე ქართველი და უცხოელი სპიკერები წარდგებიან – ჟურნალისტები, მწერლები, სცენარისტები, პარფიუმერი, ფოტოგრაფი, განათლების სფეროს ექსპერტები და სხვა სპეციალისტები ამბის თხრობაზე და ამ მიმართულებით თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრებენ. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ZEG – „სთორითელინგის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში. მისი ბრენდინგი სააგენტო Windfor’s-ს ეკუთნის.

 

Gepostet von ZEG – Tbilisi Storytelling Festival am Montag, 18. März 2019

 

„იმდენად ფართო ცნებაა „სთორითელინგი“ და იმდენად მნიშვნელოვანია ყველა პროფესიაში, რომ შევეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი სფეროს წარმომადგენელი ჩამოგვეყვანა სხვადასხვა ქვეყნიდან. მაგალითად, Magnum Photo-ს პრეზიდენტი; სუნამო „მოლეკულას“ შემქმნელი, პარფიუმერი გეზა შონი; ჟურნალისტი და პულიცერის პრემიის ნომინანტი სუკეტუ მეჰა, BBC-ის,  NY Times-ის, Guardian-ის ჟურნალისტები. ფესტივალი არის ყველასთვის, ვისაც თავის სფეროში სჭირდება ამბის თხრობა“, – ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი ქეთი ებანოიძე.

მისივე თქმით, ფესტივალი რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს: გახსნაზე წარადგენენ საქართველოს, შემდეგ იქნება სესიები და პანელ დისკუსიები, ჩატარდება უორკშოპები და მასტერკლასები ჟურნალისტების შედარებით მცირე ჯგუფებისთვის. ოფიციალური ნაწილის გარდა, დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები და გასართობი აქტივობები.

„ფესტივალის მიზანია, გააერთიანოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ამბის თხრობის გარშემო. ამ საუკუნეში და ამ დროში, „სთორითელინგი“ აუცილებელია პროდუქტის თუ შენი როგორც პიროვნების წარმოჩენისთვის, აუდიტორიამდე მიტანისთვის. პანელების და სესიების განმავლობაში ვისაუბრებთ ამბის თხრობის, როგორც ტრადიციულ მეთოდებზე, ისე ინოვაციურ მიდგომებზე – რა ტექნიკები და ხერხები გამოიყენება სხვადასხვა სფეროში. გვინდა, ფესტივალის სტუმრებს და დაინტერესებულ პირებს გაუზიაროთ რჩევები, როგორ შეიძლება უკეთ გადმოსცენ საკუთარი ამბავი“, – ამბობს ქეთი ებანოიძე.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: Impact Hub Tbilisi, Coda Story. მთავარი პარტნიორი – „თიბისი სტატუსი“, მხარდამჭერები კი: Windfor’s, „აჭარა ჯგუფი“, ამერიკის საელჩო საქართველოში, თბილისის მერია, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, „ფაბრიკა“. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.

 

განხილვა