in

„სტრადასა“ და „ოროს“ მარკეტინგს ქეთევან მეფარიძე უხელმძღვანელებს

რესტორნების ქსელ „სტრადა“ და „ოროს“ ახლახან ქეთევან მეფარიძე შეუერთდა. იგი კომპანიაში მარკეტინგის მიმართულებას ჩაუდგება სათავეში და ორივე ბრენდის განვითარებაზე იზრუნებს. ქეთევან მეფარიძე LEVEL C-ს სერტიფიცირებული ბრენდინგის სპეციალისტია, რომელსაც მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. მისი კარიერა აერთიანებს როგორც საბანკო და საავტომობილო, ისე სარეკლამო სფეროში მოღვაწეობას. შესაბამისად, მას ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდების კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მდიდარი პრაქტიკა აქვს დაგროვილი.

სარეკლამო ინდუსტრიაში ქეთის გამოცდილება კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონს“ უკავშირდება, სადაც იგი ექაუნთ მენეჯერისა და ქოფირაითერის პოზიციებზე მუშაობდა. საფინანსო და საავტომობილო სექტორში კი მისი პორტფოლიო ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიცაა: „რენო“, „საქართველოს ბანკი“, „ტერაბანკი“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ ტერაბანკში მუშაობის პერიოდში მისმა ერთ-ერთმა პროექტმა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს ჯილდო მოიპოვა.

როგორც ქეთევანი აღნიშნავს, მისთვის განსაკუთრებული მოტივაციაა „სტრადას“ სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობა და ბრენდის მუდმივი განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება.

„სტრადა“ უკვე 12 წელია, ადამიანების თავშეყრის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია, ამის მიზეზი კი სასიამოვნო გარემო, მრავალფეროვანი მენიუ და ხარისხიანი სერვისია. რაც შეეხება „ოროს“, ბრენდმა უკვე მოახერხა ის, რომ ადამიანების გონებაში გამორჩეულად გემრიელ ქართულ სამზარეულოსთან ასოცირდება. „ოროს“ განვითარების პოტენციალი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა და არჩევანიც ამ კომპანიაზე სწორედ ამ შესაძლებლობის არსებობამ განაპირობა.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წვლილი შევიტანო თანამედროვე, გამოკვეთილი ხასიათის მქონე ბრენდების შემდგომ განვითარებაში. ორივე ბრენდი გამორჩეულია იმ ადამიანებით, ვინც აქ მუშაობენ; ჩემთვის სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენა, რომ თითოეული გუნდის წევრი იზიარებს ბრენდის ღირებულებებს, ზრუნავს მომსახურების მაღალ სტანდარტზე და ეს განწყობა სტუმრებისთვისაც შესამჩნევია. ასეთ გარემოში ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, გახდე პროცესის ნაწილი და საერთო შედეგზე იმუშაო,“ – აცხადებს ქეთევან მეფარიძე.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მარკეტინგის ახალი ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ მთავარი მიზანი სტუმრებისთვის გამორჩეული გამოცდილების შეთავაზების გაგრძელება და კიდევ უფრო განვითარებაა. ასევე, იგეგმება მუდმივად ახალი და საინტერესო სიახლეების დანერგვა. რაც შეეხება ბრენდების კომუნიკაციის სტრატეგიას, ის სამომავლოდ თამამ და დასამახსოვრებელ ინიციატივებს მოიცავს.

შენ ქმნი სისტემას – DevOps სპეციალისტი

CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს