Strange Pain — ასე ჰქვია ილუსტრაციების სერიას, რომელშიც მხატვარი ფელისია ჩიაო ადამიანის მტკივნეულ ემოციებს ვიზუალურად გამოხატავს. იქნება ეს უფანჯრო ოთახი, ილუზორულად დაშლილი სხეული თუ უცნაური არსებები.
ჩიაოს ავტობიოგრაფიული ნამუშევრები იმ დრამატულ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ადამიანად ყოფნას ახლავს თან. ის ქმნის სამყაროებს, რომლებშიც ჩვენი შიში, შფოთვა და დეპრესია ისეთივე ფიზიკურ ვიზუალებად წარმოგვიდგება, როგორც სხვა საგნები. ამასთან, თითოეულ ნამუშევარს მარტოობის განცდა გასდევს — მხატვარი შუქის ეფექტს იყენებს, რითაც კონკრეტულ ფიგურებს ანათებს და გარემოსგან იზოლირებას ახდენს. მაყურებლებსაც ისეთი განცდა ეუფლებათ, თითქოს ფანჯრიდან უყურებენ მთელ კომპოზიციას.
„ეს არის უცნაური, განუსაზღვრელი ტკივილი, როდესაც გრძნობ, რომ ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. შესაძლოა, ტკივილი სევდიანი სიმღერის მოსმენის დროსაც კი დაგეუფლოს, ან მაშინ, როცა ოთახის სივრცეს გაჰყურებ და მარტოობას განიცდი. ზოგჯერ მკერდში სიმძიმეს ჰგავს, ზოგჯერ კი დანაშაულის გაურკვეველ განცდას. მთლიანობაში, უცნაური ტკივილის სიტყვებით გადმოცემა რთულია, მაგრამ ჩემი ნამუშევრებით სწორედ ამას ვცდილობ“, — აღნიშნავს ფელისია.
ამ ილუსტრაციებში ვხედავთ, რომ სასოწარკვეთის მუდმივი გრძნობის მიუხედავად, არის ლამაზი მომენტებიც, რომლებიც ოპტიმისტურ პერსპექტივას გვთავაზობს.