27
Nov
2019

რაში სჭირდებათ ვირტუალური რეალობის სათვალე ძროხებს?

27 Nov 2019

Alta
Alta


სპეციალურად ძროხებისთვის, მათი თვალების განლაგებასა და გონებრივ შესაძლებლობებზე მორგებული ვირტუალური რეალობის სათვალე შექმნეს და მას რუსი ფერმერები იყენებენ. იყენებენ იმისთვის, რომ ძროხას მეტი რძე მოწველონ. VR სათვალის დახმარებით, ძროხები განტვირთვას, დასვენებასა და ახალ-ახალი ვირტუალური გამოცდილების მიღებას ახერხებენ, რაც რძის რაოდენობაზე აისახება. როგორც რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, ძროხის ემოციური მდგომარეობა მის პროდუქტიულობაზე (რძის რაოდენობაზე) პირდაპირ აისახება. შესაბამისად, VR სათვალის გამოყენების მიზანი ძროხებში სტრესის შემცირება და მეტი რძის მიღებაა.

ექსპერიმენტი RusMoloko-ს ფერმაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჯერ კიდევ უცნობია, კონკრეტულად, რამდენი პროცენტით ზრდის რძის რაოდენობას ძროხებში VR სათვალის გამოყენება. ჩნდება კითხვები ექსპერიმენტის სანდოობასთან დაკავშირებითაც.

აღსანიშნავია, რომ ფერმის ძროხები ძირითადად დახურულ გარემოში – შენობაში იმყოფებიან და რაც მათთვის ბუნებრივი გარემო არ არის. ვირტუალური რეალობის სათვალეებით მათ შეუძლიათ გაერიდნონ მათთვის ხელოვნურად შექმნილ გარემოს და დაინახონ მწვანე, მობიბინე მინდვრები, ნაცვლად ფერმის კედლებისა. მართალია, ეს ილუზორული რეალობაა, თუმცა, ეს მათ განწყობაზე დადებითად აისახება. თუმცა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა ილუზიის შექმნის ნაცვლად, ცხოველების გარემო მათთვის ავთენტური გამხდარიყო…

უნდა აღინიშნოს, რომ VR სათვალე არც ისე წარმატებულ ტექნოლოგიურ პროდუქტად მიიჩნევა, რადგან მას არც ყოველდღიურობაში მოვიხმართ და უმეტესად, არც პროფესიულ ცხოვრებაში. ზოგი ადამიანი წარუმატებელი ტექნოლოგიური პროდუქტის გამოყენებას, ხუმრობით, ძროხებთან მიმართებაში უფრო გამართლებულადაც კი მიიჩნევს, მით უფრო მაშინ, როცა ბაზარზე AR (გაფართოებული რეალობის) სათვალეები ჩნდება.

განხილვა