მომავლის მკაფიო ხედვას დიდი მნიშვნელობა აქვს – როცა დარწმუნებული ვართ, რომ 30 წლით წინ გახედვა შეგვიძლია, ცათამბჯენებსა და რკინიგზებს ვაშენებთ, ხოლო როცა მხოლოდ რამდენიმე თვით წინ ვხედავთ – უბრალოდ, კარავს ვშლით. ხელოვნურმა ინტელექტმა ბიზნესი სრულიად ახალ, უკიდურესი გაურკვევლობის ეპოქაში გადაისროლა და მომავალი ერთგვარ „ნისლში“ გახვია.
შეუძლებელია ზუსტად პროგნოზირება, თუ რა ეკონომიკური შედეგები მოჰყვება საყოველთაო მანქანურ ინტელექტს. გააქრობს თუ არა AI ტრადიციულ სამუშაო ადგილებს? რამდენად განვითარდებიან რობოტები უახლოეს წლებში? ეს შეკითხვები ხაზს უსვამს ჩვენს უძლურებას, დავინახოთ უახლოესი მომავალიც კი. ამ გაურკვევლობის ფონზე, კომპანიებისა თუ ინდივიდებისთვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო სარისკო ხდება.
ადამიანური კაპიტალი და კორპორაციული მათემატიკა
AI-ის გაურკვევლობა პირდაპირ ურტყამს ადამიანურ კაპიტალს. დღეს, რთულია გაამართლო ძვირადღირებული სამედიცინო განათლება ან MBA პროგრამა, როცა არავინ იცის, რა იგულისხმება ამ პროფესიებში 2035 წლისთვის. შრომის ბაზარზე რისკი, რომლის გაზომვაც აქამდე შეიძლებოდა, სრულმა გაურკვევლობამ ჩაანაცვლა.
პარალელურად, ინგრევა კორპორაციული შეფასების კრიტერიუმებიც. კომპანიის საბაზრო ღირებულება მისი მომავალი ფულადი ნაკადების გენერირების უნარზეა დამოკიდებული. თუ ხელოვნური ინტელექტი ტრადიციულ ბიზნესმოდელებს, როგორებიცაა B2B, SaaS… ეჭვქვეშ აყენებს, მათი გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობაც საფრთხის ქვეშ დგება. AI ანგრევს კორპორატიულ ბარიერებს, რადგან კონკურენტებს პროგრამული უზრუნველყოფისა თუ პროცესების კოპირება უკვე ბევრად სწრაფად და იაფად შეუძლიათ. იგივე ხდება შიდა ინვესტიციების შემთხვევაშიც. ტრადიციული უკუგების გამოთვლა აზრს კარგავს. მაგალითად, 10-წლიან პროგნოზზე გათვლილი ძვირადღირებული საწარმოო ხაზის დაფინანსება ძალიან სარისკოა, როცა AI-ით მართულმა სისტემებმა შეიძლება სულ რაღაც ორ წელიწადში საწარმოო პროცესები რადიკალურად გააიაფოს და კონკურენტებს უპირატესობა მისცეს.
ოპტიმიზაცია
როცა მომავლის პროგნოზირება შეუძლებელია, ხოლო არასტაბილურ გარემოში ნაადრევი ვალდებულებების აღება უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ერთადერთ სწორ სტრატეგიად მრავალვარიანტულობა რჩება. რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ამ დროს?
ეტაპობრივი ინვესტირება. დროა, მრავალწლიანი კაპიტალური ვალდებულებები ეტაპობრივი დაფინანსებით შეიცვალოს – ზუსტად ისე, როგორც ამას ვენჩურული კაპიტალი აკეთებს. ბიზნესმა უნდა დასვას კითხვა: „რა არის მინიმალური ინვესტიცია, რომელიც ახლა საჭირო ინფორმაციას მოგვცემს და შემდგომი დაფინანსების უფლებას დაგვიტოვებს?“
ადაპტირებადი სტრუქტურები. სტაბილური მომავლისთვის შექმნილი ხისტი ორგანიზაციული დიზაინი მოდულურმა გუნდებმა და მოქნილმა პროცესებმა უნდა ჩაანაცვლოს. ეს კომპანიას დაეხმარება, AI აგენტების ინტეგრირება და მიდგომების შეცვლა მარტივად შეძლოს.
უკეთესი „სენსორული სისტემები“. მენეჯერებმა უნდა შექმნან სპეციალური გუნდები, რომელთა ერთადერთი მიზანი მოწინავე AI შესაძლებლობების მონიტორინგი და ბიზნესისთვის მისი პრაქტიკული მნიშვნელობის თარგმნა იქნება. ამ გუნდმა უხერხული კითხვების დასმა მანამდე უნდა დაიწყოს, სანამ ბაზარი აიძულებს კომპანიას ცვლილებებისკენ.
პროფესიული მოქნილობა. ინდივიდებმა უნდა შეძლონ გეგმებზე უარის თქმა, ხშირად შეიცვალონ პროფესია და მარტივად შეელიონ ძველ პროფესიულ იდენტობას ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელოვნური ინტელექტის ამ გაურვკევლობის პირობებში, წარმატებას მხოლოდ ისინი მიაღწევენ, ვინც კაპიტალის ეტაპობრივ დაბანდებას ისწავლის, მოქნილობას შეინარჩუნებს და მუდმივი ცვლილებებისთვის წინასწარ მოემზადება.
წყარო: HBR














