„რა არის ამ კომპანიის საბოლოო მიზანი?“ ეს იმ ხელმძღვანელების მთავარი კითხვაა, რომელთაც კორპორატიული სტრატეგიის ჩამოყალიბება აქვთ დავალებული. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ძირითადი მიდგომა კი აშშ-ის ბიზნესის მრგვალი მაგიდის ფორმატში არის ჩამოყალიბებული. აქ ამბობენ, რომ კორპორაცია ყველა „დაინტერესებული მხარის“ სასარგებლოდ არსებობს, მომხმარებლების, თანამშრომლების, მომწოდებლების, კონკრეტული ჯგუფებისა და აქციონერების ჩათვლით.
მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციის არსებობის მიზეზის განსაზღვრის იდეა წლების განმავლობაში არსებობდა, რასაც Unilever და Patagonia-ც მისდევდნენ. ზემოთ განხილული განცხადება მაინც მცირე რევოლუცია იყო, თუმცა მეინსტრიმადაც მალევე იქცა.
მანამდე აცხადებდნენ, რომ აქციონერთა საჭიროებების დაკმაყოფილება კორპორაციის მთავარი მიზანი იყო. 2007-2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ კი გააცნობიერეს, რომ კორპორაციული მიზნისთვის ფოკუსი არცერთი ჯგუფი უნდა ყოფილიყო, არამედ ბიზნესებს ყველა დაინტერესებული მხარე უნდა გაეთვალისწინებინა. თუმცა ამის შედეგები ბევრმა კომპანიამ ჯერ სრულად ვერ გაიაზრა…
მართალია, მას მრავალი დადებითი გავლენა აქვს, როგორიცაა გაზრდილი სიამაყე, თანამშრომელთა ჩართულობა და მორალი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა იმასაც ენიჭება თუ როგორ მიდის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი ან ახლავს თუ არა მას დიდი კორპორატიული პასუხისმგებლობა. ახლა კი განვიხილოთ, როგორ მუშაობს ეს რეალურ ცხოვრებაში და რას ნიშნავს იგი თქვენთვის ან თქვენი ბიზნესისთვის?
საზომის სიმრავლე
BHP ავსტრალიის უდიდესი საბაზრო კაპიტალის მქონე კომპანიაა. 2017 წელს ისინი მხოლოდ აქციონერებზე იყვნენ ფოკუსირებულნი და, შესაბამისად, მიზნად „გრძელვადიანი აქციონერული ღირებულების შექმნას ბუნებრივი რესურსების შეძენის, განვითარებისა და მარკეტინგის გზით“ ისახავდნენ. 2019 წლისთვის კი ამ მიზანს „უკეთესი სამყაროს შესაქმნელად ადამიანებისა და რესურსების გაერთიანება“ დაემატა.
ბუნებრივია, ფორმულირების ცვლილებას გავლენა BHP-ის კორპორატიული სტრატეგიის დაგეგმვაზეც ჰქონდა. 2017 წლის წლიურ ანგარიშში აქცენტი თუ ფინანსურ მაჩვენებელსა და რისკების მართვაზე იყო, შემდეგ უფრო ფართო და დეტალური გახდა, რაც სოციალურ ღირებულებაში BHP-ის წვლილსაც უსვამს ხაზს. იქნება ეს დასაქმებული ქალების პროცენტული მაჩვენებელი, სათბურების ემისიები, ადგილობრივი ადამიანების ჩართვა, გარემოსა თუ სოციალურ პროგრამებში ინვესტიციების რაოდენობა. დიახ, ცხადია, რომ კომპანიის ფოკუსმა დაინტერესებული მხარეებისკენ გადაინაცვლა.
Commonwealth Bank კი საბაზრო კაპიტალის მხრივ ავსტრალიაში მეორე ბანკია. 2017 წელს ისინი მიზანზე საერთოდ არ საუბრობდნენ, თუმცა შემდეგ მთავარ პრიორიტეტად მომხმარებლები დაასახელეს. აქ მათი პერსონალიც შეგვიძლია ვიგულისხმოთ იმ კუთხით, რისი გაკეთებაც მათ მომხმარებლებისთვის შეუძლიათ. დღეს კი კორპორატიული მიზანი მომხმარებლებისა და საზოგადოების ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესება გახდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხიცაა. აქ ხაზს ყველა დაინტერესებული პირისთვის მდგრად შედეგებსაც უსვამენ.
აქვე განვიხილოთ Woolworths-ის მაგალითი. ავსტრალიის უდიდეს სუპერმარკეტების ქსელს თავდაპირველად კორპორატიული მიზანი ნათლად არ ჰქონდა განსაზღვრული და ძირითადად ორ საკითხზე საუბრობდა. პირველი ხარისხის მიწოდებაზე იყო ორიენტირებული — „მომხმარებლებსა და ადამიანებს ცხოვრების ხარისხს მატებდა“. მეორე კი აქციონერების შემოსავლებზე ფოკუსირება გახლდათ, კაპიტალის ეფექტური განლაგების გზითა და ჯგუფის მიზნების მისაღწევად. ახლა კი შემდეგ წინადადებას ამოიკითხავთ: „ერთად შევქმნათ უკეთესი გამოცდილება უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“ — დიახ, აქ უკვე ისეთი დაინტერესებული მხარეებიც არის გათვალისწინებული, როგორებიც აქციონერები, მომხმარებლები, პარტნიორები (მიმწოდებლები), გუნდი (თანამშრომლები) და საზოგადოებაა.
KPMG კი ავსტრალიის „დიდი ოთხეულიდან“ ერთ-ერთი ფინანსური დაწესებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მიზნების გზას მრგვალ მაგიდამდე შეუდგა, ეს შესაბამისი ილუსტრაციაა იმისა თუ რა გავლენა აქვს მას კორპორატიული სტრატეგიის შესრულებაზე. მრავალი ბიზნესის მსგავსად, იქნება ეს Cisco, Hasbro, Deloitte თუ Intrepid Group, KPMG-მაც C-suite-ში სპეციალური კორპორატიული როლი ჩამოაყალიბა, რასაც „მიზნის აღმასრულებელ ოფიცერს“ უწოდებდნენ. ამ ადამიანს საბჭოსა და პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოწვევებთან გამკლავება და მათი კომპანიის მიზნებსა თუ ღირებულებებთან შესაბამისობა ევალება.
წინსვლის ამოცანები
თანამშრომლებს მენეჯმენტის მიმართ ჯანსაღი სკეპტიციზმი ახასიათებთ და ამის შესახებ თქვენ კორპორატიული სტრატეგიის დაგეგმვისას უნდა იცოდეთ. მენეჯერებმა მისიის შესახებ განცხადებები უნდა მოამზადონ, კორპორაციის ხედვაზე დაფიქრდნენ, გააჟღერონ ორგანიზაციის ღირებულებები და ხშირად დაფიქრდნენ იმაზე თუ რა შედეგი ექნება ამას. შემდეგ კი მათ კორპორატიული მიზნის განხილვასაც მოსთხოვენ.
მართალია, მკაფიო მიზნის მქონე კომპანიები უკეთ მოქმედებენ, მაგრამ ამას ბევრი შრომა სჭირდება. ახლა კი ამისთვის საჭირო ამოცანების სია განვიხილოთ, რომელიც ყველა მაღალი თანამდებობის მქონე პირისთვის არის განკუთვნილი:
- ასწავლეთ თქვენს თანამშრომლებს დაინტერესებული მხარეების საჭიროებები — რადგან პერსონალს, რომელსაც ძველი აზროვნება აქვს და „აქციონერთა ღირებულების მაქსიმიზაციის“ ირგვლივ ტრიალებს, ცვლილებების მიღწევა უფრო გაუჭირდება, განსაკუთრებით კი ფინანსური კუთხით. თანაც, აქ ორგანიზაციის კულტურასაც აქვს გავლენა.
- გააფართოვეთ კორპორატიული სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეთა რიცხვი — მას შემდეგ, რაც სტრატეგიის შემუშავებაში ძირითადი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელობას გააცნობიერებთ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი სტრატეგია მათთან ერთად არის შექმნილი.
- დარწმუნდით, რომ თქვენი კორპორატიული მიზანი დეტალური სტრატეგიით არის შემუშავებული — KPMG-მ და სხვა კომპანიებმა აღიარა კიდეც ის ფაქტი, რომ კორპორატიული მიზნების მიღწევის მარცხი კომპანიაზეც ცუდად მოქმედებს.
დიახ, მიზანზე ორიენტირებული კომპანიები თანამედროვე ეპოქის ნაწილია, ამიტომ, კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდები უნდა შეიცვალოს და შემდგომ განვითარებაც განაგრძოს.
წყარო: HBR