in

კონკურენტული ცოდნის სტრატეგიული უპირატესობა, რომელსაც AI ვერ ჩაანაცვლებს

Lenovo
Lenovo

კონკურენტული სტრატეგიის მთელი აზრი სხვებისგან განსხვავებულობაშია. მაიკლ პორტერმა ეს ათწლეულების წინ დაწერა და ეს პრინციპი დღესაც უცვლელია. უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის პირობებში განსხვავებულობის შენარჩუნება ბევრად გაჭირდა. ბაზარზე ყველა ერთნაირი ალგორითმებით, იდენტური ანალიტიკური მოდელებით, მსგავსი სცენარებითა და გიგანტური მონაცემთა ბაზებით მუშაობს. შედეგად, კონკურენტები ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდიან, ერთნაირ ნაბიჯებს დგამენ და ნებისმიერი მიკვლეული უპირატესობა წამებში ქრება. უმაღლესი დონის ანალიტიკა, რომელიც უკვე ყველას ჯიბეში უდევს, სტრატეგიულ უპირატესობას ვეღარ ქმნის.

ყველაზე გამორჩეული სტრატეგიები ყოველთვის იმას ეყრდნობოდა, რასაც ხელოვნური ინტელექტი ახლოსაც ვერ გაეკარება. Starbucks-ის წარმატების ისტორია ბაზრის ანალიზით არ დაწყებულა. ის 1983 წელს მილანის ქუჩებში სეირნობისას დაიბადა, როცა ჰოვარდ შულცმა, ამერიკული ბაზრის ზედმიწევნით მცოდნე ყავის აპარატების მარკეტერმა, იტალიურ ესპრესო ბარში შეაბიჯა და დაინახა ის, რასაც ვერცერთი მონაცემთა ბაზა ვერ ეტყოდა – ყავა, შესაფერის გარემოში, ჩვეულებრივი სასმელი კი არა, კონკრეტულ სივრცესთან მიბმული გამოცდილება იყო. ეს იყო გაუცნობიერებელი, პრაქტიკაში ჩაქსოვილი და გარემოზე კონკურენტული ცოდნა. შულცს ეს თავად უნდა ეგრძნო, რომ მიმხვდარიყო. გაბრიელ შულანსკიმ ამას კონკუტენტული ცოდნა დაარქვა – ცოდნა, რომელიც ცოცხლობს კონტექსტში, ადამიანურ ურთიერთობებში და რომლის გადაცემაც ურთულესია.

ის თვისებები, რაც ამ ცოდნის აღწერასა და სხვისთვის გაზიარებას ართულებს, ხელოვნური ინტელექტისთვის მის შესწავლას შეუძლებელს ხდის. ეს ცოდნა ხშირად გამოუთქმელია, რადგან მისი მფლობელებიც კი ვერ აცნობიერებენ მას ან ვერ ხედავენ სიტყვებით ახსნის აზრს. ამასთან, ის ხშირად ერთ კონკრეტულ, განუმეორებელ მომენტთანაა დაკავშირებული. გამოუთქმელი და იშვიათი გამოცდილება ალგორითმებს დასამუშავებელ მასალას არ უტოვებს, ამიტომ მოდელების განვითარებასთან ერთად ადამიანური უპირატესობა იკლებს კი არა, უფრო ღრმავდება.

შულცის ხედვა ადგილზე, პირადად უნდა ეგრძნო ადამიანს, ვისაც ჰქონდა ალღო ამოეცნო მის თვალწინ არსებული მოვლენა და წარმოსახვა, რათა დაენახა, სად და როგორ იმუშავებდა ეს გამოცდილება სხვაგან. დიდი სტრატეგები ყოველთვის კონკურენტულ ცოდნას ეყრდნობოდნენ. შეცდომაა ასეთი აღმოჩენების ბედნიერ შემთხვევითობად მონათვლა იმის ნაცვლად, რომ ის მიზანმიმართულ ჩვევად ვაქციოთ, განსაკუთრებით ახლა, როცა ანალიტიკურ შესაძლებლობებს ტექნოლოგია ათანაბრებს. როცა ანალიზი ყველასთვის ხელმისაწვდომ რესურსად იქცევა, ეს ცოდნა მთავარ კოზირად რჩება. ამ უპირატესობის ხელში ჩაგდებას ახალ ხელსაწყოებზე მეტად თავად სტრატეგის ხედვისა და სამუშაო სტილის შეცვლა სჭირდება.

რა აქცევს ცოდნას კონკურენტულად

სტრატეგია ბაზარზე წარმატების მისაღწევად შედგენილი ჰიპოთეზაა, ხოლო მართლა ძლიერი ხედვა ხანგრძლივ უპირატესობას აყალიბებს. საიდან ჩნდება ეს ჰიპოთეზები? ორი ძირითადი რამიდან – ანალიტიკური სიღრმიდან და ცოდნიდან. ორივე შეიძლება გახდეს უპირატესობის საყრდენი, თუმცა მათ მიერ მოტანილი შედეგი ერთნაირად გამძლე არ არის.

სიღრმისეული ანალიტიკა სწორედ ისაა, რასაც ბიზნესსკოლებში ასწავლიან – სტრატეგიული ჩარჩოები, ანალიტიკური მეთოდები, პოზიციონირების შეფასებისა და ბიზნესმოდელების დაბალანსების უნარი. ძლიერი ანალიტიკოსები მცდარ გზებს სწრაფად შლიან და პერსპექტიულ მიმართულებებს პოულობენ, თუმცა ხელოვნური ინტელექტის წყალობით ეს ძალა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

რაც შეეხება მეორე მხარეს, ცოდნის ყველა ფორმა ერთნაირად არ გამოგვარჩევს. არსებობს მსუბუქი ცოდნა, რომელიც მარტივად ვრცელდება და მასშტაბირდება ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ის დალაგებულია, ჩაწერილია და ციფრებში ზის – ბაზრის კვლევები, მომხმარებელთა ქცევის სტატისტიკა, ფინანსური კოეფიციენტები თუ ინდუსტრიული მონაცემები. კომპანიამ შეიძლება მოიგოს დრო მსგავს ციფრებზე ადრეული წვდომით, მაგრამ ეს უპირატესობა დიდხანს ვერ გასტანს, რადგან ასეთი ცოდნის ბუნება ყველასთვის გაზიარებას გულისხმობს.

ეს ცოდნა კი სულ სხვა რამეა – მისი მთავარი ნიშანი გადაცემისადმი წინააღმდეგობაა, რაც რამდენიმე მიზეზით ხდება.

ზოგჯერ ეს ბარიერი მოტივაციურია. ცოდნა არსებობს და მისი გაზიარებაც შეიძლება, მაგრამ მისი მფლობელი ამას შეგნებულად არ აკეთებს. ამ კედლის გასარღვევად საჭიროა ნდობაზე დაფუძნებული კავშირები ან სწორი მოტვაცია. როდესაც სტივ ჯობსი 1979 წელს Xerox PARC-ს ეწვია, მან ხელმძღვანელებთან პირადი ნაცნობობა გამოიყენა, რათა ინჟინრებს მისთვის გრაფიკული ინტერფეისი და კომპიუტერის მაუსი ეჩვენებინათ – ის დეტალები, რამაც მოგვიანებით Apple-ის კომპიუტერები მთელ მსოფლიოში გაუთქმელი გახადა.

ზოგჯერ ბარიერი შემეცნებითია და თავად ცოდნის ბუნებიდან მოდის. ის იმდენად რთული და ბუნდოვანია, რომ მისი მფლობელი უფრო მეტს გრძნობს, ვიდრე სიტყვებით ახსნა შეუძლია. ეს სწორედ ის გამოუთქმელი გამოცდილებაა, რასაც შულცი მილანის კაფეში გადააწყდა.

ზოგჯერ კი წინააღმდეგობა კონტექსტურია. მიდგომა, რომელიც ერთ რეალობაში იდეალურად მუშაობს, სხვა ქვეყანაში შეიძლება სრულიად უსარგებლო გამოდგეს. მისი ძალა ავტომატურად არ გადადის და საჭირო ცვლილების წინასწარ დანახვა ჭირს. როდესაც სადაზღვევო გიგანტმა MetLife-მა 2000-იანი წლების დასაწყისში იაპონიის ბაზარზე ამერიკული სტანდარტული მოდელით სცადა შესვლა – რისკების შეფასებითა და ზარალის ანაზღაურების დაპირებით – მცდელობა სრული ჩავარდნით დასრულდა. ორი წელი გახდა საჭირო სიღრმისეული კვლევებისთვის, რათა მიზეზი გაეგოთ. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მაღალია, ხალხს შვილებისთვის ტვირთად დაწოლის ეშინოდა და ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე დამოუკიდებლობა, ჯანმრთელობა და ღირსება ერჩივნა. ამ მიგნებამ საფუძველი ჩაუყარა პროგრამას 360Health, რამაც კომპანია ჩვეულებრივი სადაზღვევოდან ჯანმრთელობის პარტნიორად აქცია და უზარმაზარი ზრდა მოუტანა.

გზავნილი, რომელიც სხვაგან ამართლებდა, იაპონიაში უბრალოდ არ მუშაობდა. ეს ცოდნა მიბმული იყო იმ გარემოზე, სადაც სათაო ოფისის თანამშრომლებს არასდროს უცხოვრიათ და ვერცერთი გამოკითხვა ამას ვერ ამოაგდებდა, რადგან თავად ხალხიც კი არ ფიქრობდა ამ ტერმინებით. ეს ცოდნა იქ უნდა მოეძებნათ, სადაც რეალურად იბადებოდა.

სამივე შემთხვევაში – მოტივაციური, შემეცნებითი თუ კონტექსტური ბარიერის დროს – გადამწყვეტია მკვლევრის უშუალო ყოფნა ადგილზე, რათა მოიპოვოს ნდობა, დაიჭიროს გამოუთქმელი ნიუანსები და გაიგოს ის გარემო, რაც კონკრეტულ იდეას კონკრეტულ წერტილში ძვირფასს ხდის. მათ, ვინც ღრმა პროფესიონალიზმსა და ადგილზე აქტიურ ყოფნას აერთიანებს, შეიძლება ადგილზე მყოფი ექსპერტი სტრატეგები ვუწოდოთ.

წინარე გამოცდილება ეხმარება ადამიანს დაინახოს, რას აქვს რეალური ფასი, რატომ მუშაობს ის საწყის გარემოში და როგორ შეიძლება მისი სხვაგან მორგება. სტივ ჯობსს უკვირდა, რატომ არ იყენებდა Xerox საკთარ გამოგონებას კომერციულად. PARC-ის ინჟინრები თავიანთ ნამუშევარს მხოლოდ კარგ პროტოტიპად თვლიდნენ და ვერ ხედავდნენ კავშირს ვიზუალურ ეკრანსა და კომპიუტერების მასობრივ გავრცელებას შორის. ეს სწორედ ჯობსის ალღო იყო, რამაც Apple წინ გაიყვანა.

ამას ვერცერთი ხელოვნური ინტელექტი ვერ გააკეთებდა.

პოვნა, ამოცნობა და მოქმედება – აი ის ჯაჭვი, რომელსაც ალგორითმი დამოუკიდებლად ვერ გაივლის. მანქანა დაგვეხმარება ანალიზსა და ძიებაში, მაგრამ მას არ შეუძლია ნდობის მოპოვება ან იმ იდეების გაშიფვრა, რომლებიც ხმამაღლა არავის უთქვამს. მას შეუძლია კავშირების დანახვა, მაგრამ როდესაც წარმატების ლოგიკა სიტყვებით არავის ჩამოუყალიბებია, მონაცემებში დასაკავშირებელიც არაფერია. ალგორითმი აერთიანებს იმას, რაც უკვე ცნობილია, თუმცა ის ნახტომი, რაც ჯობსმა გააკეთა, მოითხოვს იმის გააზრებას, რომ ერთი სამყაროს ნაწილი, სახეცვლილი სახით, მეორე სამყაროს მოერგება. ეს არის ალღო და არა შაბლონების შედარება.

როგორ უნდა შეიცვალოს სტრატეგის მიდგომა

ცოდნის გამოყენება ტექნიკური ხრიკი არ არის. ეს მუშაობის სტილის ძირეული გადაწყობაა, რომელიც ოთხ მთავარ პრინციპს ეყრდნობა.

პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა გავარჩიოთ, რა გაუფასურდა და რა არა. მშრალი ანალიტიკა დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომი საბაზისო რამაა. ის გამოუთქმელი ცოდნა კი, რაზეც ნამდვილი სტრატეგია შენდება, სიტყვებით აუწერელ გამოცდილებაში იმალება და კონკრეტულ გარემოს უკავშირდება. მისი მასობრივ რესურსად ქცევა შეუძლებელია. სტრატეგი, რომელსაც ეს განსხვავება ესმის, საკუთარ ძალას სწორედ აქეთ მიმართავს, ხოლო ის, ვინც ამას ვერ ხვდება, გააგრძელებს ბრძოლას იმ უპირატესობისთვის, რომელიც აღარ არსებობს.

მეორე მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ კონკურენტული ცოდნის მოპოვება მხოლოდ საკუთარი ინიციატივით შეიძლება. ის სტანდარტული არხებით არ მოდის, ის იქ უნდა ვეძებოთ, სადაც რეალურად ცოცხლობს. მის ამოსაცნობად საჭიროა გამოცდილებაზე დაყრდნობილი ინტუიცია. როდესაც ინფორმაციას განზრახ მალავენ, გამოსავალი ნდობაზე აგებული ურთიერთობებია. როდესაც ცოდნის სიტყვებით გადმოცემა არ შეუძლიათ, პასუხი დაკვირვება და ექსპერიმენტებია. ხოლო როდესაც ცოდნა გარემოსთან კონკურენტულია, აუცილებელია ამ გარემოში თავით გადაშვება.

მესამე პრინციპი იმის გააზრებაა, რომ მთავარი ბარიერი ამოცნობის უნარია. კონკურენტულ ცოდნასთან მიკარებას აზრი არ აქვს, თუ არ გაქვს თვალი, რათა მისი მნიშვნელობა დაიჭირო. სწორედ ამიტომ, ამ საქმის დამწყებ თანამშრომლებზე ან გარე კონსულტანტებზე გადაბარება არ გამოვა. ადგილზე ყოფნის ძალა მხოლოდ მომზადებული თვალისთვის იხსნება. როგორც ეკონომისტი ჰერბერტ საიმონი ამბობდა, ინტუიცია სხვა არაფერია, თუ არა ამოცნობა – ექსპერტი მაშინვე ხედავს იმას, რასაც დამწყები ვერ ამჩნევს. ეს უნარი სტრატეგიას დაცულს ხდის. კონკურენტს შეუძლია გადაიღოს ხილული ნაბიჯები, მაგრამ ის ვერასდროს გაიმეორებს დაგროვილ გამოცდილებასა და იმ ურთიერთობებს, რომლებმაც ეს ცოდნა დაბადა.

წყარო: HBR

როცა ვეღარ აკეთებ იმას, რაც გიყვარს

Anthropic მიიჩნევს, რომ მის AI-ს შესაძლოა ცნობიერება ჰქონდეს