სტრატეგიულად მოქმედება აუცილებელი უნარია ბიზნესის ლიდერებისთვის. თუმცა, სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება ძნელია. ზოგჯერ ამას ორგანიზაციულ დაბრკოლებებს ვაბრალებთ. მაგალითად, ზედმეტი კონტროლი ამცირებს ენთუზიაზმს ახალი იდეებისთვის, სუსტი კომუნიკაცია ართულებს იმის გარკვევას, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ა.შ. თუმცა, ხშირად სწორედ ჩვენი აზროვნების სტილი და ქცევებია ყველაზე შემზღუდველი. უკიდურეს შემთხვევაში, გადაწვა ხელს გვიშლის გადაწყვეტილებების მიღებაში. შფოთვა გვიზღუდავს ხედვის არეალს. გადატვირთულობა ართულებს იმის გარკვევას, საიდან დავიწყოთ. თავდაჯერებულობის ნაკლებობა გვაიძულებს მოკლევადიან პერსპექტივაზე ვიფიქროთ. შედეგად, ავტოპილოტს ვრთავთ და ვუბრუნდებით ჩვევებს, რომლებიც კარგად ნაცნობზე კონცენტრირებისკენ გვიბიძგებს. თუმცა, ეს ხშირად სულაც არ არის ის, რასაც სტრატეგია მოითხოვს ან რაც ჩვენ გვინდა საკუთარი თავისთვის.
მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგაა (განსაკუთრებით ყველაზე ბიუროკრატიულ ორგანიზაციებში), უფრო მეტი არჩევანი გვაქვს, ვიდრე გვგონია. ზოგჯერ მცირე გადაწყვეტილებებს დიდი გავლენა აქვთ, დროთა განმავლობაში. დაეუფლეთ ამ მცირე გადაწყვეტილებებს და სანამ გააცნობიერებთ, დაძლევთ დაბრკოლებებს და თქვენს სტრატეგიას მეტი სიცხადით, სიმტკიცითა და საბოლოოდ წარმატებით განახორციელებთ.
განსაზღვრეთ მნიშვნელოვანი ქმედებები
საჭიროა, მეტი ყურადღება გავამახვილოთ მოვლენებზე, სიტუაციებზე ან აქტივობებზე, რომლებიც არაპროპორციულად დადებით წვლილს შეიტანენ სტრატეგიაში.
გაწერეთ თქვენი გუნდის სტრატეგია, მათ შორის ის, თუ როგორ უწყობს ხელს ორგანიზაციის სტრატეგიას. აირჩიეთ დროის მონაკვეთი, რომელზეც გაამახვილებთ ყურადღებას, მაგალითად, მომავალი კვირა. შემდეგ, ჩამოწერეთ საუკეთესო ქმედებები, რომლებსაც შეგიძლიათ განახორციელოთ (ან სხვებს წაახალისოთ განახორციელონ) კრიტიკულ მომენტებში თქვენი სტრატეგიის წარმატების შანსების გასაზრდელად. ასევე დაუმატეთ დრო თანამშრომლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ხილვადობისთვის, ასევე მმართველობითი ამოცანებისთვის, რომლებსაც ვერ გაექცევით, როგორიცაა დამტკიცებები და შეხვედრებზე დასწრება. უარი თქვით ყველაფერზე, რაც შეიძლება უსარგებლო ყურადღების გაფანტვა იყოს.
ყურადღება გაამახვილეთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე
ფოკუსირდით ყველაზე პრიორიტეტულ საკითხზე, რომელიც უნდა გადაიჭრას, შემდეგ კი განიხილეთ, როგორ შეუწყობს ხელს ამ პრობლემის გადაჭრა იმ სტრატეგიულ შედეგებს, რომლებსაც გსურთ მიაღწიოთ.
1. რა არის უდიდესი შესაძლებლობა, რომლის მოგვარებაც შეგვიძლია?
2. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? სხვა სიტყვებით, როგორ გვეხმარება ამის მოგვარება ჩვენი სტრატეგიის მიღწევაში?
3. რა უნდა გავაკეთოთ ამ შესაძლებლობის მოსაგვარებლად?
შეისწავლეთ არჩევანი, რომლის წინაშეც დგახართ
ნებისმიერ მომენტში – დავალების შესრულებისას, საუბრისას, ელ-ფოსტით კომუნიკაციისას თუ შეხვედრაზე – უფრო მეტი ვარიანტია, ვიდრე შეიძლება გეგონოთ, და ყველა მათგანს შეუძლია დადებითი წვლილი შეიტანოს სტრატეგიაში. მაგალითად, ეს არჩევანი უკავშირდება თქვენს:
• როლს: რა სჭირდება ყველაზე მეტად ამ მომენტსა და პრობლემას თქვენგან, როგორიცაა იდეა, გამოწვევა, შეხედულება ან გამოცდილება, თქვენი ოფიციალური როლის გარდა?
• განსაკუთრებულობას: რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ ამ მომენტში, რაც სხვებს არ შეუძლიათ?
დაეუფლეთ საჭირო უნარებს
განიხილეთ, რა უნარებს უნდა დაეუფლოთ საქმეში ღირსეული წვლილის შესატანად. ეს შეიძლება იყოს აზროვნების ახალი გზა ან უნარი, რომელიც უნდა გამოავლინოთ, როგორიცაა პრეზენტაცია, გადაწყვეტილების მიღება ან მოლაპარაკება. განეწყვეთ დადებითად, გამოიჩინეთ სიმტკიცე და ფოკუსირდით კონკრეტულ პროგრესზე, ეს შეიძლება მოიცავდეს:
• წინა მცდელობებიდან გაკვეთილების სწავლას.
• რჩევის კითხვას იმ ადამიანებისგან, ვინც კარგად გიცნობენ, თუ რა უნდა გააკეთოთ უკეთ.
• იმ ადამიანებზე დაკვირვებას, ვინც უფრო მაღალ დონეზე მუშაობს.
თანხვედრა სტრატეგიის ელემენტებს შორის
იდეალურ სამყაროში, ინდივიდუალური სტრატეგიული არჩევანი, რომელსაც აკეთებთ, დააკმაყოფილებს თქვენი დაინტერესებული მხარეების, ორგანიზაციის, ბიზნეს ერთეულისა და გუნდის საჭიროებებს. სიტუაციის გადააზრება შეიძლება დაგეხმაროთ ამ შეუსაბამობის შემცირებაში. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პირადი კარიერული მიზანია მეწარმეობრივი საქმიანობის განხორციელება, სამომავლოდ საკუთარი საწარმოს დაწყების პერსპექტივით.
შეკრიბეთ საჭირო რესურსები
რთულია მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები, თუ რაზე გაამახვილოთ ყურადღება და რა გააკეთოთ ყოველდღიურად, თუ გამოფიტული ხართ. ასე ბევრი ადამიანი გრძნობს თავს. ისინი გარბიან შეხვედრიდან შეხვედრაზე, ცდილობენ ჩაეტიონ დედლაინებში და მიაღწიონ მიზნების დაუსრულებელ სიას.
გონივრულად გამოიყენეთ ორი ტიპის რესურსი. ჩამოწერეთ, რა გჭირდებათ საუკეთესოდ მუშაობისთვის, რაც მოიცავს ჯანსაღ კვებას, კარგ ვარჯიშს, საკმარის ძილს, პირად ინტერესებს და მყარ ურთიერთობებს თქვენს მეუღლესთან, ოჯახთან და მეგობრებთან. მეორე, განავითარეთ ეს დამატებითი რესურსები, რომლებიც დაგეხმარებათ გონივრული არჩევანის გაკეთებაში მოცემულ მომენტში:
• გონებრივი: გამოიყენეთ ვიზუალიზაცია, წარსული წარმატებების ისტორიები და თქვენი მიზნის შეგრძნება, პოზიტიური აზროვნების წასახალისებლად.
• ურთიერთობითი: შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებიც აძლიერებენ და ავსებენ თქვენს წვლილს.
• გარემო: შექმენით კომფორტული ადგილი თქვენი სამუშაოს შესასრულებლად, იქნება ეს ოფისში, სახლში თუ სხვაგან.
წყარო: HBR