in

როგორ გიშლით ხელს ყურადღების გადატანა სტრატეგიულ ფიქრში

გადატვირთული კალენდარი, ათასობით შეტყობინება ინბოქსში და მაგიდაზე დაგროვილი გადაწყვეტილებები – ეს რეალობა ნაცნობია თანამედროვე ლიდერებისთვის. დღევანდელი ხელმძღვანელი პოზიციები გულისხმობს არა მხოლოდ გუნდების მართვას და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, არამედ უსასრულო შეხვედრების, წერილებისა და მოლოდინების ნაკადში ნავიგაციას.

გადაწვის პრობლემა კარგადაა ცნობილი ბიზნეს სამყაროში, თუმცა უმეტესი გადაწყვეტილება ორიენტირებულია დროის მართვაზე და არა კოგნიტური რესურსების ოპტიმიზაციაზე. ჭეშმარიტი გამოწვევა მხოლოდ ზედმეტი დატვირთვა კი არ არის – არამედ გონებრივი გადატვირთვა. ლიდერები იძირებიან ინფორმაციის, გადაწყვეტილებებისა და წყვეტადი პროცესების ზღვაში, რაც პრაქტიკულად არ ტოვებს სივრცეს ღრმა აზროვნებისთვის – იმ უნარისთვის, რომელიც აუცილებელია კრეატიულობის, სტრატეგიული ხედვისა და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებებისთვის.

კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, შეწყვეტის შემდეგ ყურადღების ხელახლა კონცენტრირებას საშუალოდ 23 წუთი სჭირდება. წარმოიდგინეთ. ეს დრო გამრავლებული ყოველდღიურ ათობით წყვეტაზე – ახლა გასაგებია, რატომ უჭირთ ლიდერებს.

ბევრი ხელმძღვანელი პროდუქტიულობას აიგივებს დატვორთვასთან, სჯერა, რომ რაც უფრო მეტს აკეთებენ, მით მეტს აღწევენ. რეალურად კი, ჭარბი კოგნიტური დატვირთვა იწვევს:

  • გადაწყვეტილების მიღების ხარისხის გაუარესებას დროთა განმავლობაში
  • სტრატეგიული ხედვის შესუსტებას, რის გამოც ლიდერები მოქმედებენ რეაქციულად და არა პროაქტიულად
  • ინოვაციის შეფერხებას, რადგან რთულდება განსხვავებული იდეების დაკავშირება და ახალი შეხედულებების გენერირება
  • გუნდის შთაგონებისა და ენერგიით ავსების უნარის დაქვეითებას

მენეჯმენტის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლიდერებთან ყველაზე დიდი გარდატეხა ხდება, როდესაც ისინი ნათლად აცნობიერებენ, რისი ფოკუსირება არის მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი. როდესაც ხელმძღვანელები ქმნიან სივრცეს ფიქრისთვის, ისინი გადადიან რეაქციული „ხანძრის ჩაქრობიდან” მიზანმიმართულ, მაღალი გავლენის ლიდერობაზე.

თეთრი სივრცე – დრო ფიქრისა და რეფლექსიისთვის – არ არის ფუფუნება, ეს სტრატეგიული აუცილებლობაა. მაგრამ როგორ უნდა დაიბრუნონ ლიდერებმა დრო ღრმა აზროვნებისთვის, როდესაც ყველას სურს მათი ყურადღების მიპყრობა?

დაგეგმეთ უწყვეტი ბლოკები რეფლექსიისთვის

თუ საკუთარ დროს არ დაიცავთ, ამას არც არავინ სხვა გააკეთებს. კალენდარში ფიქრის დროის ბლოკირება არ არის მხოლოდ საათების გამოყოფა – ეს არის სწორი პირობების შექმნა ღრმა აზროვნებისთვის.

პრაქტიკული რჩევა: გამოყავით კონკრეტული დრო ყოველ კვირას, როდესაც სრულიად მიუწვდომელი იქნებით. გამოიყენეთ ეს პერიოდი რთული პრობლემების გადასაჭრელად, გრძელვადიანი სტრატეგიების გადასახედად ან ინოვაციური იდეების შესაქმნელად. გარემოს შეცვლაც დაგეხმარებათ – სეირნობა, წყნარი ოთახი ან განსხვავებული სამუშაო სივრცე ეხმარება აზროვნების რეაქციულიდან სტრატეგიულზე გადართვას.

შეამცირეთ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სირთულე დელეგირებითა და ავტომატიზაციით

ყველა გადაწყვეტილება არ საჭიროებს თქვენს ჩარევას. ბარაკ ობამა და სტივ ჯობსი ცნობილები იყვნენ იმით, რომ ამარტივებდნენ ყოველდღიურ არჩევანს – მაგალითად, მუდმივად ერთნაირი სამოსის ტარებით – რათა შეენარჩუნებინათ მენტალური ენერგია მაღალი მნიშვნელობის გადაწყვეტილებებისთვის.

ბიზნეს ლიდერებმა უნდა განსაზღვრონ, რომელი გადაწყვეტილებები მოითხოვს მათ პირად ჩართულობას და რომელი შეიძლება დელეგირდეს ან ავტომატიზდეს.

დააჯგუფეთ გადაწყვეტილებები სამ კატეგორიად:

  • სტრატეგიული – საჭიროებს ღრმა აზროვნებასა და პირად ჩართულობას
  • ოპერაციული – შეიძლება დელეგირდეს გუნდის წევრებზე
  • ადმინისტრაციული – საუკეთესოა ავტომატიზაციისთვის

გუნდის გაძლიერება, რომ მათი ექსპერტიზის ფარგლებში მიიღონ გადაწყვეტილებები, ათავისუფლებს კოგნიტურ სივრცეს უფრო მაღალი გავლენის მქონე საკითხებზე ფოკუსირებისთვის. მცირე ძალისხმევას მოითხოვს ასევე მინიმალური გადაწყვეტილებების დაჯგუფება და მათთვის კონკრეტული დროის გამოყოფა, რაც კონტექსტის მუდმივ ცვლილებას აგარიდებთ თავს.

შექმენით „თავისუფალი ზონები“ კონცენტრირებული მუშაობისთვის

შეხვედრები აუცილებელია, მაგრამ ისინი ხშირად ხელს უშლიან სტრატეგიულ მუშაობას. ინოვაციური კომპანიები, როგორიცაა Shopify, იყენებენ „შეხვედრებისგან თავისუფალ ოთხშაბათებს“, რათა თანამშრომლებს შეუწყვეტელი დრო მისცენ კონცენტრირებული მუშაობისთვის.

პრაქტიკული რჩევები შეხვედრების კულტურის გადასაწყობად:

  • დანერგეთ ასინქრონული თანამშრომლობა – დეტალური დოკუმენტების, ვიდეო განახლებების და გადაწყვეტილებების ჟურნალების გამოყენებით, რაც ამცირებს რეალურ დროში დისკუსიების საჭიროებას
  • შემოიღეთ „0-წუთიანი შეხვედრების წესი“, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შეხვედრები არ გაჭიანურდეს სრული საათი და დარჩეს დრო შემდეგ დავალებაზე გადასვლამდე
  • გამოიყენეთ „ჩუმი შეხვედრები“, სადაც მონაწილეებს ჯერ აქვთ დრო წაიკითხონ და გაიაზრონ დოკუმენტები, სანამ დისკუსიაში ჩაერთვებიან

შერჩევით მიიღეთ ინფორმაცია

მუდმივი კომუნიკაციისეპოქაში ლიდერები მიზანმიმართულად უნდა არჩევდნენ, რა ინფორმაციას მოიხმარენ. ზედმეტი ინფორმაცია ისევე დამაზიანებელია, როგორც არასაკმარისი. ნაცვლად იმისა, რომ პასიურად მიიღოთ ყველა ანგარიში, იმეილი თუ ინდუსტრიის სიახლე, გულდასმით შეარჩიეთ ინფორმაციის წყაროები.

პრაქტიკული რჩევები:

  • შეზღუდეთ გამოწერილი საინფორმაციო საშუალებების, ანგარიშებისა და განახლებების რაოდენობა
  • განსაზღვრეთ დღის კონკრეტული პერიოდები ელფოსტისა და სიახლეების შესამოწმებლად, ნაცვლად ყველა შეტყობინებაზე რეაგირებისა
  • ჩამოაყალიბეთ არა ის, რა უნდა გააკეთოთ, არამედ რა ჩვევები, ვალდებულებები ან ინფორმაციის წყაროები შეგიძლიათ გამოტოვოთ მენტალური სივრცის გასათავისუფლებლად
  • დანერგეთ რეფლექსიის რიტუალები, როგორიცაა ძირითადი სწავლებების ყოველკვირეული შეჯამება, ნაცვლად უსასრულო კონტენტის მოხმარებისა

წარმატებული ლიდერობა არ არის ოთახში ყველაზე დაკავებულ ადამიანად ყოფნა – ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

წყარო: Fastcompany

Max-ის ახალი ლოგო HBO-ს დაემსგავსა

INMerge INGeorgia ბაქოს მთავარ სამიტამდე სტარტაპებს, ინვესტორებსა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერებს აკავშირებს თბილისში