in

მუსიკის მენეჯმენტი Straus Entertainment-ის სახელით – წარმოგიდგენთ ქართულ საერთაშორისო სტარტაპს

ბუქინგ აგენტი და მენეჯერი თანამედროვე არტისტისთვის ორი ისეთი კომპონენტია, მათ გარეშე ძალიან რომ გაუჭირდება.

Startauperi
Startauperi

Music Matters!

ამერიკაში დაფუძნებული ბუქინგ და ტალანტის მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანია Straus Entertainment-ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ მუსიკაა. დავით ცინცაძის მიერ დაარსებული კომპანია არტისტებსა და პრომოუტერებს შორის შუამავალი რგოლის როლს, ჩვენი ქვეყნის გარდა, ნიუ-იორკში, ბერლინსა და კიევშიც მოირგებს.

ქართულ რეალობაში შესაბამისი ტერმინების დეფიციტის გამო, ბუქინგისა და ტალანტის მენეჯმენტის საქმიანობას ხშირად „არტისტის ჩამოყვანას“ ვუწოდებთ ხოლმე. სწორედ ამიტომ, გვინდა, ჩვენს მკითხველს ბუქინგის მნიშვნელობაზე უფრო ნათელი წარმოდგენა შევუქმნათ და აქვე გეტყვით, რომ ის მუსიკოსებსა და მათ ლეიბლებთან/მენეჯმენტთან პერფორმანსზე მოლაპარაკებას გულისხმობს. მაგალითად, CAA, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მსგავსი პროფილის კომპანიაა, ბიონსეს ყველა გამოსვლას, მის ფასს, ტურის არეალსა და ამ ტურის გარშემო, ნებისმიერ სხვა დეტალებს გეგმავს.

რაც შეეხება, უშუალოდ, Straus entertainment-ის შექმნის წინაპირობასა თუ მიზნებს და იმასაც, თუ როგორ უმკლავდება კომპანია მიმდინარე გამოწვევებს, დეტალებზე მისი დამფუძნებელი, დავით ცინცაძე გვიყვება:

M: დავით გვიამბეთ, როდის და როგორ გაჩნდა Straus Entertainment-ის შექმნის იდეა? უფრო ზუსტად, რა პრობლემის გადაჭრის სურვილი აღმოჩნდა თქვენთვის მთავარი მოტივაცია, საქმიანობა Straus Entertainment-ის სახელით დაგეწყოთ?
Straus Entertainment-ის დაფუძნების იდეა ორმა გამოწვევამ წარმოშვა: ქართულ რეალობაში მსგავსი სერვისის არარსებობამ და აგრეთვე, ამერიკისა და ევროპის მუსიკალური ინდუსტრიის ბაზრების ერთმანეთისაგან იზოლაციამ. ქართველ არტისტებს ბუქინგ კომპანიაზე წვდომა თითქმის არასდროს ჰქონიათ, არადა ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შენი ბედი საერთაშორისო ასპარეზზე გამოსცადო. ბუქინგ აგენტი და მენეჯერი თანამედროვე არტისტისთვის ორი ისეთი კომპონენტია, მათ გარეშე ძალიან რომ გაუჭირდება.    

M: და როგორ აღწერთ თანამშრომლობის პროცესს?
პროცესი სხვადასხვანაირად ხდება, მაგრამ ყველაზე ხშირად ასეთი ფორმა აქვს – არტისტით დაინტერესებული პირი უკავშირდება ბუქინგ სააგენტოს, შემდეგ კონკრეტულ ბუქერს და იწყება მოლაპარაკება პერფორმანსის ყველა დეტალზე. ყველა, თუნდაც, საშუალოზე მცირე არტისტს ჰყავს საკუთარი ბუქინგ სააგენტო, რომელიც მის პერფორმანსზეა პასუხისმგებელი. ასევე, პირიქითაც – ეს სააგენტოები ცდილობენ, რომ მათი არტისტები საუკეთესო ფესტივალებზე, დარბაზებსა და ტურებში ჩასვან.

M: უშუალოდ, Straus Entertainment-ის პირობებს რაც შეეხება, როგორია თქვენი სამუშაო სპეციფიკა?
ყველაფერი ძალიან მარტივადაა – თუ გაინტერესებთ არტისტის ბუქინგი, კონსულტაცია, ლაინაფის ფორმირება და ანალიზი, ან ნებისმიერი სხვა რამ, უბრალოდ, მოგვწერეთ. საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენი საიტიდან დაწყებული, ყველა სოციალური მედიით დამთავრებული, ხელმისაწვდომია. 

თუ არტისტი ხართ, რომელსაც უნდა, რომ ბუქინგ სააგენტო შენით დაინტერესდეს – ჩვენ, სავარაუდოდ, ძალიან მალე გამოვაცხადებთ აპლიკაციების მიღებას. მანამდე კი, არტისტები ჩვენი შეხედულების მიხედვით აგვყავს.

M: რას გვეტყვით თქვენზე? ამ სფეროსთან რა აკადემიური თუ პრაქტიკული გამოცდილება გაკავშირებთ?
გასულ 10 წელიწადში, პირველ რიგში, „თბილისი ოფენ ეარისა“ და სხვა პროექტებიდან გამომდინარე, ყველა წამყვანი მუსიკალური ინდუსტრიის კონფერენციაზე აუცილებელი იყო ჩემი აქტიურობა და ასევე, თუ არ მეშლება, მხოლოდ მე, სადღაც 800-მდე ბუქინგი მაქვს გაკეთებული, აქედან 100-ზე მეტი საერთაშორისო არტისტებსა და „ჰედლაინერებზე“ მოდის, სხვადასხვა სცენაზე. მჭიდროდ ვთანამშრომლობ WME, CAA, Paradigm, 13A, UTA და 40-მდე სხვადასხვა ბუქინგ  სააგენტოსთან, ისეთ აგენტებთან, როგორებიც არიან: მაიკ გრიკი, ემა ბენქსი, ტომ უინდიში, სტივ სთრეინჯი და ა.შ.

ამჟამად, მაგისტრატურას ვამთავრებ Creative Practice Leadership-ის დიპლომით, ბოსტონის Northeastern University-ში, სადაც ძალიან გამიმართლა და ახალი ბიზნესის დაგეგმვასა და ენტრეპრენერობას ფრედერიკ კრეინი მასწავლის, ვინც თავის მხრივ, სტივ ჯობსთან ერთად მუშაობდა „მაკინტოშში“. მუსიკალური ორგანიზაციების მენეჯმენტს კი რებეკა მური, რომელიც ისტ კოსტზე ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მენეჯერად ითვლება. ძალიან არ მინდა, რომ ამ ხალხს იმედები გავუცრუო და იმედი მაქვს, მიღებულ ცოდნას არსებულ პრაქტიკულ გამოცდილებას ეფექტურად შევუთავსებ ამ კომპანიასა თუ სხვა ახალ წამოწყებებში. 

M: საინტერესოა, რომ Straus Entertainment მხოლოდ საქართველოზე არაა კონცენტრირებული და მზაობას გამოთქვამთ, საწყის ეტაპზევე, თქვენი შესაძლებლობები 4 ქვეყნის მასშტაბზე გათვალოთ… რა წინაპირობა აქვს საფუძვლად თქვენს ამ გადაწყვეტილებას და რა რესურსი გაქვთ მისი აღსრულებისთვის?
ბოლო 10 წელიწადში დიდი ნახტომების მიუხედავად, საქართველოს მუსიკალური ბაზარი, ჯერ კიდევ, ემბრიონულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით, შიდა ბრუნვის კუთხით. აქედან ამოსვლას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ამას გარდა, „სტრაუსის“ იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკისა და ევროპის ბაზრების ერთმანეთთან ინტეგრაცია მოახდინოს, როგორც მინიმუმ, საკუთარი არტისტებისთვის. 

მე თვითონ ახლა ნიუ-იორკში ვცხოვრობ. ბერლინსა და კიევშიც მიცხოვრია გარკვეული პერიოდი და იქაურ მუსიკალურ სცენებსა და ტრენდებს, მეტ-ნაკლებად, ვიცნობ. ამას გარდა, ბუნებრივია, ბევრი კონტაქტი დამიგროვდა ამ წლების განმავლობაში და იმ ადამიანების შერჩევა გახდა შესაძლებელი, ვისთანაც კრეატიული და პროფესიული ხედვების თანხვედრა ძალდატანების გარეშე ხდება. ჩემი გამოცდილებით, ჩვენს საქმეში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.  

M: და ვისას დაემთხვა თქვენი შემოქმედებითი და პროფესიული ხედვები, ანუ ვინ წარმოადგენთ Straus entertainment-ის გუნდს?
ვინაიდან, „სტრაუსი“ საერთაშორისო ბაზარზე სამუშაოდ შევქმენით და ყველა კომუნიკაცია, ძირითადად, ინგლისურად გვაქვს, გუნდის მხოლოდ 3 წევრია ქართველი. მე, გიორგი ნებიერიძე – რომელიც ბერლინში ცხოვრობს და იქ მუშაობს და რუსუდან ებრალიძე. ჩვენ გარდა, გუნდში არის 2 ამერიკელი: ლუკ ვეითსი და ლილი ალონსო და დიმიტრი ბაბინი – უკრაინიდან. გუნდის ნაწილი ახლა ფორმირდება და გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ საბოლოოდ შევჯერდებით.

M: ბრენდინგზეც რომ ვისაუბროთ, გაგვიზიარეთ, რა კონცეფცია აქვს სახელწოდება Straus Entertainment-ს, რაზე დაყრდნობით შეირჩა და ვიზუალურ სიმბოლოში როგორ აისახა თქვენი იდეები?
რაც შეეხება „სტრაუსის“ სახელსა და ლოგოს, ის საკმაო ხანია, არსებობს. მე, ნიკა ქუთათელაძემ, ბექა ღლონტმა და ზაზა მამულაშვილმა 2010-იანი წლების დასაწყისში, სრულიად სხვა პროექტისათვის შევქმენით. ლოგოზე გამოსახულია სირაქლემა, რომელსაც ამოტრიალებულ მასლოუს პირამიდის ბოლო საფეხურში აქვს თავი ჩაყოფილი. 

2020 წლის პერიპეტიების ფონზე, ეს ლოგო და ბრენდინგი საუკეთესო გადაწყვეტად მივიჩნიე, ალბათ, ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო. ჩვენს ბრენდბუქში პირდაპირ ასეც წერია:

to us, the creative part of human activity is the most important and we are fully consumed by it, it’s what matters the most

M: როგორ პასუხობს Straus Entertainment დღევანდელ გამოწვევებს? ვგულისხმობ, პანდემიის პირობებში, რა არის თქვენი როლი იმ დროს, როცა ფესტივალები, პროექტები, ღონისძიებები… არ იმართება?
პანდემიამ არა მარტო სრულიად დააპაუზა ინდუსტრია, არამედ ენით აუწერელი ზიანიც მიაყენა ლაივ კონცერტებისა და შოუების ბიზნესს. მაგრამ ამის მიუხედავად, არტისტები და მათი მენეჯმენტი უკვე ემზადებიან დაბრუნებისათვის, გვიანი 2021 ან 2022 წლისთვის. ჩემთვის ეს უძრაობის პერიოდი, გარკვეულწილად, დამატებითი ფორაა იმისათვის, რომ თვითონ კომპანიასა და არტისტებსაც მეტი ტრამპლინი შევუქმნა და მომავლისათვის უფრო გულდასმით მოვამზადო.  

M: გარდა პანდემიისა, რა არის ის ფაქტორები, რომლებთანაც Straus Entertainment-ს წინააღმდეგობის გაწევა უწევს და რა გეგმები გაქვთ მათ დასაძლევად?
პანდემიის გარდა, მთავარ გამოწვევებს, ალბათ, ასე დავახარისხებდი: საინტერესო არტისტების აყვანა და გავლენიანი არტისტ პულის შექმნა, პარტნიორობის გაღრმავება კომპანიისათვის საინტერესო ვენიუებთან, ფესტივალებთან, ლეიბლებთან, პრომოუტერებსა და ინდუსტრიის სხვა აქტორებთან, ახალი ევროპული პროდუქტის ამერიკულ ბაზარზე მოსინჯვა და vice versa, ქართული პროდუქტის მაქსიმალური ინტეგრაცია ამ იმპორტ-ექსპორტის პროცესში, კომპანიის ცნობადობის გაზრდა და არსებული კონტაქტების ქსელის გაფართოება და etc. 

M: იდეალურ შემთხვევაში, როგორ კომპანიად წარმოგიდგენიათ Strauss Entertainment?
პირველ რიგში, საქმის სპეციფიკიდან და აგრეთვე, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ვიცქირებით და ამ ეტაპზე გრძელვადიანი მიზნები უფრო მნიშვნელოვანია. ალბათ, რამდენიმე წელიწადში, იდეალურ მოცემულობაში, „სტრაუსი“ დასავლური ინდუსტრიის სტანდარტებით, საშუალო კალიბრის ბუქინგ სააგენტოა, რომელიც 30-40 ამერიკელ, ევროპელ და ქართველ არტისტს წარმოადგენს. ამ ეტაპზე ჩვენს მიზნებში რაც შეიძლება მეტი არტისტის ჩვენს სააგენტოში მოქცევა ნამდვილად არ შედის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის არტისტი თუ მუსიკოსი, რომელიც ჩვენ მიერ იქნება წარმოდგენილი, სრულად იზიარებდეს ჩვენს ხედვასა და ნაყოფიერი ურთიერთობა გვქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთ შემოქმედებით მხარეს გვანდობენ სამენეჯმენტოდ. ეს თავისთავად დიდ ნდობას გულისხმობს და პირველ რიგში, ყველა მიზანი ამ ნდობის გამართლებასა და ჩვენს არტისტებთან გულწრფელი დამოკიდებულების მიღწევასთანაა კავშირში.

ვფიქრობ, რომ 5 წლიანი გეგმის ფარგლებში, „სტრაუსი“, შესაძლოა, გასცდეს მუსიკის სფეროს და აქტიურობა გართობის სხვა ინდუსტრიებშიც (კინო, ტელევიზია, რადიო, ა.შ.) დაიწყოს, ერთგვარ ბაზად იქცეს გართობის სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის, რისი რამდენიმე პრეცედენტიც უკვე არსებობს.

ცხადია, ახლა ამაზე ლაპარაკი ნაადრევია და ჯერ პირველი ნაბიჯებია გადასადგმელი. ინდუსტრიას ახლა ყველგან ძალიან უჭირს და ჩვენც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გულწრფელები ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან რეალობის აღწერაში. სამუშაო ბევრია და ჩემი აზრით, პირველი მყარი ნაბიჯების გადადგმას წელიწადზე მეტი დასჭირდება. ვინაიდან, „სტრაუსი“ დასავლურ ბაზარზე იწყებს ოპერირებას, კონკურენციაც შესაბამისია და არ ველოდებით, რომ გასავლელი გზა იოლი იქნება. 

VILI – “ონლაინ ჰიპერმარკეტი ხარისხიანი პროდუქციით, ფართო არჩევანითა და დაბალი ფასებით”

ახალი კვლევის თანახმად, მარსზე 20-მდე გამყინვარების ხანა იყო