in

რა მიმართულებით ვითარდება სტრიმინგი 2025 წელს

2024 წლის მუსიკალურმა მოვლენებმა რამდენიმე საინტერესო ფაქტორი გამოავლინა. მაგალითად ის, რომ Eras Tour-ის შემდეგ, თეილორ სვიფტი მსოფლიოს უდიდესი პოპ ვარსკვლავია, ხოლო მსმენელებს პოპ-მუსიკა ქანთრის ელემენტებით ურჩევნიათ, რასაც Shaboozey-ის სიმღერა “A Bar Song” და Post Malone-ის ალბომი F-1 Trillion ადასტურებს.

თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც სტრიმინგისა და ჩანაწერების გაყიდვების მონაცემები გვიჩვენებს ინდუსტრიის მომავალი მიმართულების შესახებ. ანალიტიკური კომპანია Luminate, რომელიც Billboard-ის ჩარტებს ამუშავებს სწრაფად განვითარებად ჟანრებსა და ახალი ბაზრების მოსმენის ტენდენციებს შეისწავლის. 2024 წელს, გლობალურმა სტრიმებმა თითქმის 5 ტრილიონს მიაღწია. მონაცემების შესწავლის საფუძველზე Luminate 2025 წლის ტენდენციებს პროგნოზირებს.

პოპ მუსიკის „გოგოების ერა“ იწყება

2024 წლის შუა პერიოდისთვის, ლათინურ მუსიკას ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა აშშ-ში. თუმცა ექვს თვეში ბევრი რამ შეიცვალა. ტეილორ სვიფტისა და ბილი აილიშის ლიდერობით, ქალმა სოლო არტისტებმა 10 პოპ-არტისტიდან 7 ადგილი დაიკავეს ამერიკულ სტიმინგში. ჟანრის ტოპ 100 არტისტში 47 ქალი შემსრულებელი მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოპმა ყველაზე მკვეთრი ზრდა განიცადა, ჟანრების პოპულარობის თვალსაზრისით R&B და ჰიპ-ჰოპი კვლავ ლიდერობენ. გასულ წელს ყოველი ოთხი აუდიო სტრიმიდან ერთი R&B/ჰიპ-ჰოპზე მოდიოდა. თუმცა, ბრძოლა ჟანრების პირველობისთვის გრძელდება – ქანთრიმ მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა 2024 წელს საერთაშორისო ბაზრების წყალობით. შარშანდელთან შედარებით, R&B და ჰიპ-ჰოპის სტრიმინგის წილი 2.3%-ით შემცირდა.

ზეტ თაობა მზადაა კონცერტებზე ფულის დასახარჯად

სტრიმინგი არტისტებს გულშემატკივრების დიდი ბაზის შექმნის საშუალებას აძლევს და ეს ცოცხალ შესრულებებზე აისახება. გასულ წელს, ზეტ თაობამ პირველად ჩაანაცვლა მილენიალები, ლაივ მუსიკის მოსმენაში. ახალგაზრდები უფრო მუსიკალური ფესტივალებისკენ იხრებიან. მეორე კვარტალში, ზეტ თაობა თვეში საშუალოდ $38-ს ხარჯავდა ლაივ ღონისძიებებზე, რაც 23%-ით მეტია საშუალო მსმენელთან შედარებით. მართალია, მილენიალები „ჩამოქვეითდნენ“, მაგრამ ისინი მაინც მეტს ხარჯავენ სოლო კონცერტებზე, ვიდრე ფესტივალებზე ორიენტირებული ზეტ თაობა.

ტელევიზია, მოკლე ვიდეოები და ვიდეოთამაშები მუსიკის აღმოსაჩენად

ის, რასაც ადამიანები უყურებენ, გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას უსმენენ. მაგალითად, Beach Boys-ის დოკუმენტურ ფილმს ბენდის სტრიმინგის ორი პიკი მოჰყვა: ერთი დოკუმენტური ფილმის ანონსირებისას და მეორე მისი გამოშვებისას.

ადამიანები უყურებენ დოკუმენტურ ფილმს და იწყებენ მუსიკის მოსმენას. ტელევიზია ჯერ კიდევ გავლენიანია მილენიალების შემთხვევაში, რომლებიც 30%-ით უფრო მეტად ეძებენ მუსიკას სტრიმინგ სერვისების ექსკლუზიური შოუების მეშვეობით, ვიდრე საშუალო მსმენელი.

საერთაშორისო მსმენელები სტრიმინგ სერვისების შემოსავლებს ზრდიან

2024 წელს, გლობალურმა მუსიკალურმა ინდუსტრიამ 4.8 ტრილიონი სტრიმი დააფიქსირა, რაც ერთი წლის რეკორდი და 14%-იანი ზრდაა, წინა წელთან შედარებით. კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რომ ეს ნახტომი 2022 წლიდან მოთხოვნის აუდიო სტრიმების 75%-იან ზრდას წარმოადგენს.

მუსიკა კულტურული გამოცდილების გაცვლას უწყობს ხელს

საერთაშორისო სტრიმინგის ზრდამ Luminate-ს მონაცემთა მნიშვნელოვანი ბაზა შეუქმნა, რაც გლობალიზებული მუსიკის კულტურული გამოცდილების გაცვლის შეფასებაში ეხმარება. წელს, კომპანიამ წარმოადგინა Export Power Score, რომელიც ქვეყნების მუსიკის გლობალური ექსპორტის უნარს აფასებს ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა არტისტის სტრიმინგის რეიტინგი, ქვეყნის საბაზრო წილი და საერთაშორისო არტისტების მსმენელი ქვეყნების საერთო რაოდენობა.

ბევრი ქვეყნისთვის ენა განმსაზღვრელი ფაქტორია, მათი კონტენტის მთავარი მსმენელები იმავე ენაზე მოლაპარაკე ქვეყნებია. თუმცა ინგლისურენოვან ბაზრებზე ინგლისურენოვან არტისტებს სტრიმინგის წილში არაინგლისურენოვანი შემსრულებლები ეცილებიან. აშშ-ში მექსიკელი და ჩილელი არტისტები იკრებენ პოპულარობას, ხოლო ინდოელი არტისტების შემთხვევაში, სტრიმინგის ზრდა დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაში.

წყარო: Fastcompany

რევოლუციური დიზაინით მრავალჯერ გამოყენებადი ქაღალდი შექმნეს!

KFC-ს მე-20-ე რესტორანი გლდანი პლაზაში გაიხსნა!