სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუ ჩვეულებრივ შემთხვევებში გულის აჩქარებასა და გაღიზიანებას უკავშირდება, როცა ამას ჭარბად განვიცდით, ფიზიკური შედეგებიც მრავალმხრივ ვლინდება. თუმცა ხშირად ჩვეულებრივ სიმპტომებს ჰგავს და ყურადღების მიღმა გვრჩება, რაც სიტუაციას აუარესებს… ასე რომ აღარ მოხდეს, ახლა სწორედ ამ ფარულ ფიზიკურ ნიშნებზე გესაუბრებით, შემდეგ კი შეძლებთ მალევე ამოიცნოთ თქვენი მდგომარეობა და არც გამოსავლის ძიება დააყოვნოთ:
ძილის რეჟიმის დარღვევა
ზოგიერთ ადამიანს ძლიერი სტრესის დროს ძილის პრობლემები ექმნება. სტრესის გამწვავებას კი თან სრული უძილობა შეიძლება ახლდეს…
მუდმივი შფოთვა და გაღიზიანება
შფოთვა სტრესის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, ერთის ხარისხი მეორეზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. გაზრდილი შფოთვის დონე კი, თავის მხრივ, ძილის ნაკლებობას იწვევს და გაღიზიანების სახით ვლინდება.
ხშირი თავის ტკივილი
სტრესი თავის ტკივილის ფორმითაც გვხვდება. შაკიკისადმი მიდრეკილ ადამიანებში კი სიტუაცია მეტად მწვავდება, ამიტომ, როცა ტკივილების გახშირებას შეამჩნევთ, ექიმს მიმართეთ და გაიგეთ, რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ ტკივილის შესამსუბუქებლად.
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
სტრესი საჭმლის მომნელებელი სისტემის რღვევასაც უკავშირდება, იქნება ეს მადის მომატება თუ დაქვეითება, კუჭის სპაზმები, გულისრევა თუ სხვა, ამიტომ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.
გულისცემის აჩქარება
შესაძლოა, სტრესის დროს გულისცემა ჩვეულებრივი იყოს, მაგრამ თქვენ აჩქარებული გეჩვენებოდეთ…
კანის პრობლემები
ზედმეტი სტრესი აკნეში შეიძლება გადაიზარდოს, რაც, თავის მხრივაც, დამატებითი სტრესის წყარო ხდება, ამიტომ, როცა გამოვლინდება, უმჯობესია, დერმატოლოგსა და ფსიქოლოგს ერთდროულად მიმართოთ.
დასუსტებული იმუნური სისტემა
შესაძლოა, სტრესის გაძლიერებისთანავე ყელის ტკივილი იგრძნოთ და ეს ნორმალურია, რადგან სტრესი იმუნურ სისტემას ესხმის თავს და მეტად მოწყვლადს გხდით ბაქტერიებისადმი.
ქრონიკული ტკივილი
ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდების 20-30% ქრონიკულ ტკივილს განიცდის, ამის გამომწვევ ფაქტორებში კი სტრესი, დეპრესია და PTSD გვხვდება…
თუ აღნიშნული ნიშნები გეცნობათ, შეგიძლიათ დასაწყისისთვის იოგასა და მედიტაციას მიმართოთ, თუმცა თუ ეს იდეები არ მოგწონთ, დროა, სიმპტომებისგან გასათავისუფლებლად ექიმს მიმართოთ.