in

როგორ გამოვიყენოთ სტრესი ჩვენ სასარგებლოდ? — 5 სტრატეგია

M2
M2

ერთი მწარე სიმართლე უნდა გითხრათ: ვერასდროს მოიშორებთ სტრესს თქვენი პირადი თუ პროფესიული ცხოვრებიდან. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს კარგი ამბავია… სტრესთან ბრძოლის ნაცვლად კი, პროფესიონალები მისით სარგებლობის მიღებას ცდილობენ, ამიტომაც ახლა 5 ამგვარ სტრატეგიას გაგაცნობთ:

1. თქვენს ბიოლოგიურ მონაცემებს კონკურენტულ უპირატესობად შეხედეთ

როცა პრეზენტაციის წინ გული გიჩქარდებათ, თქვენი ტვინი შიშის გზავნილებს გაწვდით, მაგრამ სინამდვილეში ისეთი ფსიქოლოგიური პასუხები, როგორებიცაა გულის აჩქარება, მომატებული სიფხიზლე თუ ენერგია, აღელვების ტოლფასია. განსხვავება მხოლოდ თითოეულის ინტერპრეტაციაშია.

ჰარვარდის კვლევის მიხედვით, მონაწილეები, რომლებიც სიტყვით გამოსვლის წინ ამბობდნენ „მე აღელვებული ვარ“, შეფასდნენ, როგორც გაცილებით დამაჯერებლები და თავდაჯერებულები, ვიდრე ისინი, ვინც ცდილობდნენ „სიმშვიდის შენარჩუნებას“ — ნერვიულობის ენერგია იგივე დარჩა. თუმცა შესრულება დრამატულად გაუმჯობესდა.

ამიტომაც მოეშვით საკუთარი თავის დამშვიდებას, სტრესზე პასუხი ჩვეულებრივი მახასიათებელია და არა, ნაკლი. საკუთარ თავს დააჯერეთ, რომ ეს ენერგია წარმატების მიღწევისთვის გამზადებთ. 

2. გაიგეთ, ეს მართლა საშიშია თუ არა

როცა სტრესს იგრძნობთ, შეჩერდით და იკითხეთ, შემდგომ 3 წუთში ეს მოგკლავთ თუ არა… თუ არა, იმას განიცდით, რასაც ფსიქოლოგები „ქაღალდის ვეფხვს“ უწოდებენ — სტრესორს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშად კი გეჩვენებათ, მაგრამ ასე არ არის. ხოლო, როგორც კი ამ ცრუ განგაშს ამოიცნობთ, არსებულ ენერგიას პროდუქტიულად გადაამისამართებთ, ნაცვლად იმისა, რომ ბრძოლის ან გაქცევის არჩევანის წინაშე დადგეთ. 

3. სტრატეგიულად გარდაქმენით შფოთვა ბრაზად

კვლევების მიხედვით, ბრაზი მიზნებისკენ სწრაფვას ზრდის და მეტი შემოქმედებისკენ გვიბიძგებს ვიდრე, სხვა, ნეიტრალური ემოციური მდგომარეობები. თუმცა ეს ბრაზი პრობლემისკენ უნდა მიმართოთ და არა, ადამიანებისკენ. ამგვარად, გამოუვალი სიტუაცია აქციეთ პრობლემად, რომელსაც მოგვარება სჭირდება, თქვენ კი მოირგეთ იმ ადამიანის როლი, რომელიც გზას გამონახავს. შედეგად, ბრაზი ქმედებისა და სწორი მიმართულებით სვლისკენ გიბიძგებთ.

4. იფიქრეთ მიკრო მიზნებზე და არა, მასშტაბურ შედეგებზე

სტრესი ხშირად თან ახლავს მასიურ მიზნებს, ამიტომაც ეცადეთ, ეს დიდი პროექტები პატარ-პატარა ნაბიჯებად დაჰყოთ, ისეთებად, რომელთაც აუცილებლად გაუმკლავდებით. ხოლო, როცა მიკრო მიზნებს მიაღწევთ, თქვენი ტვინი დოფამინს გამოჰყოფს და პროგრესის ციკლში მოგაქცევთ.

5. შეცვალეთ თქვენი პერსპექტივა

ყველაზე ტრანსფორმაციული ქმედება თქვენი პერსპექტივის პერსონალური სარგებლის მიღმა გაფართოებაა. როცა თქვენი მიზნები რაღაც უფრო დიდს ემსახურება, იქნება ეს გუნდი, მომხმარებლები თუ საზოგადოება, ტვინში წარმოშობილი შიშის ცენტრი მშვიდდება. სტრესი კი რჩება, მაგრამ ახლა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს კვებავს და გახსენებთ, რომ უბრალო ბარომეტრია იმისა, თუ რამდენად ზრუნავთ კონკრეტულ საკითხებზე. 

ამგვარად, სტრესი არსად წავა, მაგრამ მასთან თქვენმა ურთიერთობაც, შესაძლოა, სრულად შეცვალოს ყველაფერი…

80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი – ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს

პროკრედიტ ბანკი თელავში ახალ ფილიალს ხსნის