ცხადია, ემოციური სტრესი არასდროსაა სასიამოვნო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში პერიოდულ მცირე სტრესს შეუძლია, მეხსიერებაზე დადებითი გავლენა იქონიოს.
ჯორჯიას უნივერსიტეტის (UGA) ნეირომეცნიერების ახალი კვლევა, რომელშიც 1200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, ვარაუდობს, რომ მენტალური სტრესი მხოლოდ მაშინაა საზიანო, როცა გარკვეულ ზღვარს აჭარბებს. ხოლო შედარებით დაბალი და ზომიერი დონის შემთხვევაში, მას დადებითი გავლენა აქვს ადამიანის სამუშაო მეხსიერებაზე.
კვლევის ფარგლებში მონაწილეებმა მეხსიერების ტესტი გააკეთეს, რომელიც გარკვეული ხელსაწყოებისა და სახეების ამოცნობას ემსახურებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ ტვინს მეცნიერები ასკანერებდნენ. სწორედ ამ დროს შენიშნეს, რომ იმ მონაწილეებს, რომლებსაც სტრესის უფრო მაღალი დონე აღენიშნებოდათ, ნაკლები აქტივობა ჰქონდათ მოკლევადიან მეხსიერებაზე პასუხისმეგებელ უბნებში. ამავდროულად, მათ, ვინც სტრესის მხოლოდ დაბალ/ზომიერ დონეს განიცდიდნენ, სამუშაო მეხსიერება მეტად უაქტიურდებოდათ. უფრო მეტიც, ეს აქტივობა მეხსიერების ტესტის საუკეთესო შედეგებს ემთხვეოდა.
მოსაზრება, რომ სტრესს შეუძლია, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის კოგნიტიურ ფუნქციაზე, მისი სიმძიმის მიხედვით, მომდინარეობს ტოქსიკოლოგიაზე დაფუძნებული თეორიიდან მომდინარეობს. უფრო კონკრეტულად, 2006 წელს 20 ჯანმრთელი ადამიანის კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქოსოციალურ სტრესს სამუშაო მეხსიერების გაუარესება შეუძლია — უბრალოდ, მხოლოდ მაღალ მაჩვენებელს.
ზოგიერთი მკლევარი ეჭვობს, რომ გარკვეული გაგებით, სტრესი დადებით როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. მსგავსი კვლევების თანახმად, ცხოველებში წინასწარი კონდიცირება სტრესის ტოლერანტობას უწყობს ხელს — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტრესის განცდა ადამიანს დაეხმარება, სამომავლოდ უკეთ გაუმკლავდეს სტრესს. ეს ეხება პრობლემების წინასწარ განჭვრეტას და შესაბამის რეაგირებას.
„ამ ჰიპოთეზაზე დაყრდნობით, წინასწარი კონდიცირება სხეულს სიგნალს აძლევს, რომ მოემზადოს და შემდგომ სტრესს უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს“, — წერს UGA-ს ფსიქოლოგიის მკვლევარი, ასაფ ოშრი. მაგრამ თუ ადამიანის გონებრივი ან ემოციური ზეწოლა აღემატება იმას, რაც მან ისწავლა ან დროთა განმავლობაში გრძელდება, სტრესი საზიანო სახეს იღებს. მას შეუძლია, გამოიწვიოს კუნთების დაძაბულობა, გულის დაავადებები, იმუნური სისტემის პრობლემები, მეხსიერების დაქვეითება და სხვა.