in

როგორ ვმართოთ სტრესი სადღესასწაულო ფუსფუსში და შევინარჩუნოთ კარგი განწყობა

M2
M2

დღესასწაულები შეიძლება სიხარულითა და პოზიტიური ემოციებით იყოს სავსე, თუმცა ხშირად ეს პერიოდი სტრესის პიკსაც უკავშირდება. საქმეების სია გრძელია, ხოლო დრო საკუთარი კეთილდღეობისთვის – შეზღუდული.

მაგალითად, კვლევის მიხედვით, კანადელთა 50 პროცენტი დეკემბერს წლის ყველაზე სტრესულ თვედ ასახელებს. ამასთან, ქალები 40%-ით უფრო ხშირად განიცდიან სტრესს, რაც დღესასწაულების ორგანიზებასა და პასუხისმგებლობების მართვასთან არის დაკავშირებული. ამ პერიოდში ისინი ხშირად აღნიშნავენ ძილის ხარისხის გაუარესებას, კვების ჩვევების ცვლილებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებს.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსები წლის ნებისმიერ დროს სერიოზული საფიქრალია, დღესასწაულებზე განსაკუთრებით იზრდება წუხილი ზედმეტი ხარჯების გამო. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ ოჯახებში, სადაც ბავშვები არიან. 

სიმშვიდის შესანარჩუნებლად და დღესასწაულების ბოლომდე შესარგებად მნიშვნელოვანია გამოცდილი პრაქტიკების გამოყენება, რომლების სტრესის მართვაში დაგეხმარებათ.

ემოციური სტრესის რეგულაცია

დღესასწაულები ემოციების ინტენსივობას ზრდის, როგორც პოზიტიურს, ისე ნეგატიურს. ამიტომ მნიშვნელოვანია ემოციური რეგულაციის სწავლა, რაც გულისხმობს გამოცდილებებზე ადაპტურ რეაგირებას.

არსებობს ასეთი ტერმინი “Cognitive reframing”, სიტუაციის ალტერნატიული ხედვით შეფასება, რაც ნეგატიური ემოციების გავლენის შესამცირებლად ეფექტიანი მეთოდია. ეს გულისხმობს დაფიქრებას იმაზე, არსებობს თუ არა ერთი შეხედვით ნეგატიური ან ორაზროვანი სიტუაციის სხვა ახსნა. ნაკლებად დამაზიანებელი ინტერპრეტაციები ხელს უწყობს ემოციური დისტრესის რეგულაციას. ამ გზით ის ამცირებს სტრესს, აძლიერებს ემოციურ გამძლეობას და გეხმარებათ შფოთვის მართვაში, ნეგატიური აზროვნების უფრო პოზიტიურით ჩანაცვლებით.

ძილის მნიშვნელობა

წლის ბოლოს ყველა სამსახურში ბევრი საქმეა, თუმცა განსაკუთრებით ეს იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც ცვლებში მუშაობენ. ეს ჯანსაღი ძილის ჩვევების შენარჩუნებას ართულებს. დღესასწაულების დროს საქმეების სიის ზრდის ფონზე ძილის შემცირება ხშირად გვეჩვენება, როგორც მარტივი გამოსავალი. თუმცა საკმარისი და ხარისხიანი ძილი ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, მეხსიერებასა და კოგნიტიურ ფუნქციონირებას, ასევე ამცირებს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონეს.

კარგი ძილის ჰიგიენის პრაქტიკა მოიცავს რეგულარულ ძილის რეჟიმსა და ყურადღების გამფანტველი ფაქტორებისგან თავისუფალ გარემოს. ეს შესაძლოა რთული იყოს, თუმცა აუცილებელია გაღიზიანების შემცირებისა და ყოველდღიური ამოცანების უკეთ დამახსოვრებისთვის.

გააზრებული კვება

ოჯახურ შეკრებებსა და სამსახურის წვეულებებზე ხშირად უხვად გვხვდება ტკბილეული და, ზოგადად, საჭმელი. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულებზე ყოველთვის ჯანსაღი არჩევანის გაკეთება რთულია, სცადეთ გააზრებულად კვება.

გააზრებული კვება ამცირებს სტრესის ჰორმონებს და ამცირებს საკვებთან დაკავშირებულ ნეგატიურ თვითკრიტიკას. ყურადღება მიაქციეთ, რას და რამდენს მიირთმევთ, რათა თქვენი არჩევანი შეესაბამებოდეს თქვენი ცხოვრების გრძელვადიან მიზნებს.

დარღვეული რუტინა და ფიზიკური აქტივობა

ფიზიკური აქტივობა ზრდის ენერგიის დონეს და ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც უჭერს მხარს. ვარჯიში ზრდის სეროტონინისა და დოფამინის დონეს, რაც პოზიტიური განწყობის წყაროებია. ის ასევე აუმჯობესებს თვითშეფასებას და ამცირებს შფოთვას.

დღესასწაულებმა შესაძლოა ვარჯიშის რუტინა დაარღვიოს და დროის ნაკლებობის გამო ხანგრძლივი ვარჯიში რთული გახდეს. ამ შემთხვევაში ეფექტიანია მოკლე (დაახლოებით 10-წუთიანი), მაგრამ უფრო ხშირი ვარჯიშები, მაგალითად, დღეში 2-ჯერ.

სოციალური კავშირების გაძლიერება

კარგი ურთიერთობები ზრდის განწყობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას, ამიტომ დღესასწაულები შესანიშნავი შესაძლებლობაა ახლობლებთან კავშირის გასაძლიერებლად.

თუმცა ურთიერთობები ხშირად რთული და მოსაწყენიც ხდება, როცა ზედმეტად ხშირდება და ამას მიჩვეული არ ვართ. ეცადეთ, დააბალანსოთ კავშირი თქვენსა და თქვენს ახლობლებს შორის – არც ზედმეტი სოციალიზაცია და არც მარტო ყოფნა არ აისახება თქვენს ფსიქიკაზე კარგად ახალ წელს.

იყავით მოქნილი და მართეთ მოლოდინები

დღესასწაულის ტრადიციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს კეთილდღეობაში – ისინი ასოცირდება უქმე დღეებთან, სიხარულთან და ზეიმთან, თუმცა საჭიროა სწორი მოლოდინების შექმნა, რადგან სხვებს შეიძლება განსხვავებული პრიორიტეტები ჰქონდეთ. ახალი გარემოებებისა და ინფორმაციისადმი ადაპტაციის უნარი – ის მთავარი თვისებებია, რომლებიც ასეთ დროს დაგეხმარებათ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში. თუ ვერ წახვედით სტუმრად რომელიმე ახლობელთან, არ ინერვიულოთ, მიიღეთ ეს, როგორც შანსი, დარჩეთ სახლში და ტკბილად გამოიძინოთ. მსგავსი მოქნილობა დაგეხმარებათ, რომ თქვენი სადღესასწაულო განწყობა არ გადაიტვირთოს და ამ ახალ წელს სრულიად პოზიტიურად შეხვდეთ. 

გისურვებთ ბედნიერ და ჯანმრთელ დღესასწაულებს!

ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს ქვემო ქართლში სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს

ARTINSCENT – ნიშ პარფიუმერიის ახალი სივრცე, სადაც რჩეული არომატები გელის