in

შესაძლოა, სტრესის სიგნალებს სხვების მხარდაჭერის მისაღებად ვიყენებდეთ

M2
M2

მკვლევრებმა სტრესული ქცევის პარადოქსი შეისწავლეს, კერძოდ, რატომ ავლენენ ადამიანები სტრესის ნიშნებს — ფრჩხილების კვნეტა, სახესა და თმაზე ხელების ნერვიული შეხება, ფეხების კანკალი და ა. შ. ასეთ ქცევებში მოიაზრება ყველაფერი ის, რაც გარშემომყოფებს მიანიშნებს, რომ კონკრეტული პიროვნება სტრესის ქვეშ იმყოფება.

ცხადია, არაფერია სიახლე იმაში, რომ ადამიანებს ამ ნიშნების ამოცნობა მეტნაკლებად კარგად გამოგვდის. ახლად ჩატარებული კვლევის ფარგლებში კი მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები უფრო მეტ დადებით გამოხმაურებას და ყურადღებას იღებენ, ვიდრე სხვები.

ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეებმა იმიტირებული პრეზენტაციებისა და ინტერვიუების ვიდეოები გადაიღეს. ზოგიერთი მათგანი თავს დაძაბულად გრძნობდა, ზოგიერთი კი პირიქით. შემდეგ შემფასებლებს ეს ვიდეოები წარუდგინეს და მათ ზუსტად შეძლეს იმ ცდისპირთა იდენტიფიცირება, რომლებიც სტრესის ქვეშ იმყოფებოდნენ. თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს დასტრესილი ადამიანები მეტ სიმპათიას იმსახურებდნენ სხვების მხრიდან.

მიზეზი, რის გამოც მეცნიერებმა კვლევა აწარმოეს, ასეთია: მათ სურდათ, გაეგოთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია სტრესის სიგნალებს ხალხისთვის და საერთოდ რატომ ჩამოგვიყალიბდა ისინი. „თუ ასეთი ქცევა პოზიტიურ სოციალურ ინტერაქციას იწვევს, სავარაუდოდ, იგი ევოლუციის პროცესში გაჩნდა. ჩვენ ძალიან კოოპერატიული სახეობა ვართ, ბევრ სხვა ცხოველთან შედარებით და, შესაძლოა, სწორედ ამიტომ განგვივითარდა სისუსტეების ჩვენების უნარი“, — განმარტა ექიმმა ჯეიმი უაითჰაუსმა, NTU-ს სოციალური მეცნიერებების სკოლის მკვლევარმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა.

ხოლო თანაავტორმა ბრიჯიტ უოლერმა დასძინა, რომ თუ ადამიანები ემპათიურ პასუხს გამოიმუშავებენ შემფასებლებისგან, ისინი მეტად მოსაწონები გახდებიან. ასევე, შეიძლება, სისუსტის გულწრფელი გამოვლინება კეთილგანწყობას აღძრავდეს საზოგადოებაში. „ეს ექსპრესიულობის თანამედროვე გაგებას ემთხვევა, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იქცევთ, მეტად პოზიტიური სოციალური ინტერაქციის ნაწილი ხართ“.

როგორც მკვლევრები ამბობენ, შემდეგ ეტაპს იმის შესწავლა წარმოადგენს, თუ რამდენად ავლენენ მცირეწლოვანი ბავშვები იმავე სახის მგრძნობელობას სტრესული პირობების მიმართ. თუ ბავშვობას გავიხსენებთ, ვნახავთ, რამდენად რთულია სტრესის ამოცნობა ამ პერიოდში. ასევე, ამ შემდგომი კვლევით მეცნიერები დაადგენენ, როგორ მოქმედებს ზრდასრულთა სტრესი და მისი გამოვლინებები მცირეწლოვან ბავშვებზე.

აკაკი რაზმაძე – #პირველისამსახური

თიბისის „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ საჯარო ლექციებს მთელ საქართველოში გამართავს