5
Jul
2019

რატომ არ უნდა ვისაუბროთ სტრესზე სხვებთან?

5 Jul 2019

სტრესი ის ფენომენია, რომლის ქვეშ ყოფნაც არა მხოლოდ ჩვენზე ახდენს გავლენას, არამედ ჩვენდა დამოუკიდებლად – სხვებზეც. ყველაფერ ამაში კი ის იგულისხმება, რომ მაშინ, როდესაც სტრესში ვართ, გაუცნობიერებლად, ჩვენივე ქმედებებით თუ სიტყვებით სხვებსაც ვაზარალებთ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს სულაც არ გვსურს.

statiebi-bog
statiebi-bog

 

დასაქმებული ამერიკელების 80% ამბობს, რომ ისინი მთელი დღის განმავლობაში განიცდიან სტრესს, არა მხოლოდ თავიანთი, არამედ სხვების მიზეზითაც. ხანდახან ისეც ხდება, რომ სტრესი თავად ორგანიზაციულ კულტურაშია ჩაშენებული და მყარად აქვს ფესვები გადგმული. ასეთ შემთხვევაში კი, არავინ იცის, როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა.

დიახ, ჩვენ ვიზიდავთ სხვების სტრესს იმდენად, რამდენადაც სხვები იზიდავენ ჩვენსას. უბრალოდ სტრესში მყოფი ადამიანის ყურებაც კი საკმარისია ხანდახან იმისთვის, რომ ჩვენს სხეულში სტრესის ჰორმონი „კორტიზოლი“ აღმოცენდეს. ალბათ, ხშირად გაიგონებთ სხვებისგან დასტრესილი ადამიანებისგან ამგვარ ფრაზებს: „როდესაც იგი სტრესში ვარდება, ვცდილობ თავი ავარიდო“, „ყველამ იცის, როცა მას ცუდი დღე აქვს, რადგან ასეთ დროს სახეზე აწერია განწყობა“, „როდესაც ცუდად არის, სხვებსაც ცუდ ხასიათზე აყენებს, ეს კი ძალიან დამღლელია.“ სად შეიძლება ასეთი ფრაზების მოსმენა, თუ არა სამსახურში. ჩვენ ხომ თანამშრომლებთან დროის ძალიან დიდ ნაწილს ვატარებთ.

რეალურად კი ისე ხდება, რომ სტრესში მყოფი ადამიანები თავიანთ ჯანმრთელობაზე ფიქრობენ თითქმის ყოველთვის, თუმცა, არ ზრუნავენ იმაზე, თუ როგორ ცვლიან სხვების განწყობასაც. ეს შემთხვევა ყველაზე ცუდია მაშინ, თუ საქმე მენეჯერს ეხება, რადგანაც თითქმის ყოველთვის ისე ხდება, რომ გუნდის წევრების განწყობა მისი განწყობის პირდაპირპროპორციულია.

კარგად დაფიქრდით, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენ მიერ სხვებზე ნეგატიური ენერგიის გადატანას.. ასეთ შემთხვევაში, სხვები თავს აგარიდებენ, ნაკლები კომუნიკაცია გექნებათ მათთან, რაც განვითარებაში ხელს შეგიშლით. ყველაფერი ეს კი თქვენს პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე გზას გთავაზობთ:

კარგად გაერკვიეთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სტრესი

როდესაც ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არიან სტრესის ქვეშ, მიზეზებად, ზოგად ფაქტორებს ასახელებენ: არარეალისტური დედლაინები, სამსახური, ახალი უფროსი.. რეალურად კი, არასდროს უღრმავდებიან გამომწვევ მიზეზებს. შესაბამისად, შეუძლებელია იმ პრობლემის გადაჭრა, რაშიც კარგად ვერ ერკვევით.

გირჩევთ, ერთი თვის განმავლობაში აწარმოოთ დღიური, რომელშიც დღის ბოლოს მოინიშნავთ, თუ რამ დაგაყენათ ცუდ ხასიათზე, რომელმა მომენტმა ჩაგაგდოთ დაძაბულობაში, კონკრეტულად რომელი დეტალები არ გესიამოვნათ ამ დღიდან. ამის შემდეგ კი დაფიქრდით, რატომ წარმოადგენს ეს ყველაფერი თქვენთვის პრობლემას. რატომ ხართ უთანხმოებაში ამა თუ იმ დეტალთან/საკითხთან.

რეალურად კი, ხშირად ჩვენი სტრესის მიზეზი არც სამსახურია და არც დედლაინები. სამსახური ხშირად პირიქით გვაძლევს მოტივაციას, არ მოვეშვათ და თავი შედარებით ჰარმონიულად ვიგრძნოთ. და თუკი გგონიათ, რომ სამსახურიდან წამოსვლა ყველაფერს უშველის, კარგად დაფიქრდით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან დროთა განმავლობაში.

არ ისაუბროთ იმაზე, რომ სტრესში ხართ, უბრალოდ აჩვენეთ სხვებს, როგორ მუშაობთ მის აღმოსაფხვრელად

ადამიანები სტრესზე საუბრისთვის ყველაზე კარგ ადგილად სამსახურს აღიქვამენ. თითქოს სამსახურში ყოფნისას სტრესი ტრადიციას წარმოადგენს და აუცილებელია, რომ ყველამ იცოდეს ერთმანეთის სტრესის შესახებ. რეალურად, ზუსტად ასეთი მიდგომით სამსახურში სტრესულ კულტურას აყალიბებთ, რადგანაც ასეთ დროს ემოციების ერთმანეთში მიმოცვლა ხდება. თქვენი ერთი ფრაზა – “სტრესში ვარ”, მომენტალურად აყენებს სხვასაც იმავე სიტუაციაში. შეიძლება, თქვენ ამაზე საუბარი გსიამოვნებთ, თუმცა ესეც ცოტა ხნით, რადგანაც რაზეც ყველაზე მეტად ვახდენთ ფოკუსირებას, ჩვენდა დამოუკიდებლად, უფრო ძლიერდება.

სწორედ ასეთ დროს საჭიროა, პოზიტიური განწყობისკენ აიღოთ ორიენტირი. ისაუბროთ არა იმაზე, თუ როგორ გსტრესავთ რუტინული გარემო, არამედ, პირიქით, ასეთ დროსაც კი, როცა ძალიან ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს.. ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ცდილობთ, არ აღმოჩნდეთ სტრესქვეშ და არ მიიღოთ იგი, როგორც მოცემულობა. თანაც, როცა ამ ყველაფერზე საუბრობთ, მით უფრო ვალდებული ხდებით, გმირულად გაუძლოთ ამგვარ პერიოდებს და სხვების თვალში კარგი რეპუტაცია შეინარჩუნოთ.

დაფიქრდით, რას აღიქვამთ სტრესად

თუკი თქვენ მართლაც თვლით, რომ სტრესში რუტინისა და სამსახურის გამო ხართ, დაფიქრდით იმაზე, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერი სამსახური მოითხოვს თქვენგან დროსა და ენერგიას, შესაბამისად, თუკი ასე შეხედავთ საკითხს, მთელი ცხოვრება სტრესში მოგიწევთ ცხოვრება.

საკმაოდ რთულია ამ ხედვის შეცვლა იქ, სადაც ყველა სტრესზე საუბრობს. ასეთ დროს მეტა-სტრესსაც კი განიცდით, ე.ი დასტრესილები იმიტომაც ხართ, რომ სტრესში იმყოფებით. გამოდის, რომ ორმაგ სტრესში ხართ. თუმცა, თუკი ასეთი აღქმით განაგრძობთ ცხოვრბეას, თქვენი პროდუქტიულობა სულ უფრო მოიკლებს.

დაფიქრდით, ნამდვილად შეიძლება, რომ სამსახური და იქ არსებული სივრცე მწვავე სტრესის საგანი იყოს? თითქმის ყველა ადამიანს უწევს ამ ყველაფრის გამოვლა და რატომ უნდა დაიტანჯოთ მაინც და მაინც თქვენ..

წყარო: HBR



განხილვა