in

სტრესის გავლენა ჩვენს პროდუქტიულობაზე და მისი დაძლევის გზები

სანამ უშუალოდ იმის მოყოლას დავიწყებთ, რა გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, შრომისუნარიანობასა და პროდუქტიულობაზე სტრესი, მოდი, ჯერ განვსაზღვროთ ამ სიტყვის სწორი მნიშვნელობა…

სტრესი (ინგ. stress) ინგლისური წარმოშობის სიტყვაა და ქართულად ზეწოლას ნიშნავს. ის საკმაოდ გავრცელებული ტერმინია, რომელსაც არაერთი დარგი იყენებს, თუმცა მედიცინაში ამ სიტყვით ორგანიზმის დაძაბულობას აღნიშნავენ.

რა იწვევს სტრესს

სტრესი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს როგორც პირადი გარემოებებით, ისე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, ან ერთდროულად ორივე მიზეზით იყოს გამოწვეული. რასაკვირველია, მისი გამომწვევი ფაქტორები (რომლებსაც სტრესორებს უწოდებენ) მრავალგვარია, თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ერთი და იგივე სტრესორი სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს. ის, რაც ვიღაცისთვის არაფერს ნიშნავს, სხვისთვის შეიძლება ფსიქოლოგიურად ძალიან გამაღიზიანებელი იყოს.

ყველაზე გავრცელებული სტრესფაქტორებია:

  • მოულოდნელი ცუდი სიახლეები
  • რუტინული ყოფა
  • რთული საცხოვრებელი პირობები
  • მძიმე სამუშაო გარემო

სტრესის ძირითადი სიმპტომებია:

  • ხასიათის ცვლილება
  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
  • თავის ტკივილი
  • ენერგიის დაქვეითება
  • შფოთვა

როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს პროდუქტიულობაზე

სტრესს ბევრი ნეგატივის შემოტანა შეუძლია ჩვენს ცხოვრებაში და, რეალურად, იმაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ამაზე გვიფიქრია. ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, მასობრივად სტრესული ატმოსფერო გვაქვს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უარყოფითად აისახება ჩვენზე. ამ ყველაფერთან ერთად, თუკი პირად ან კარიერულ ცხოვრებაში რაღაც ან ვიღაც ჩვენზე ზეწოლას ახდენს, ეს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ჩვენს დაძაბულობას და ამაზე ორგანიზმიც რეაგირებს, მაგრამ შეიძლება ვერც ვხვდებოდეთ, რომ ეს სტრესის ბრალია.

არაერთი კვლევა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია სტრესს ჩვენს პროდუქტიულობაზე. უპირველეს ყოვლისა, ის მოქმედებს თვითშეფასებაზე და გვიჩენს ისეთ უარყოფით ფიქრებს, როგორებიცაა: „მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია”, „სხვას უფრო კარგად გამოსდის” და სხვა. ეს კი იმის ბრალია, რომ როდესაც დასტრესილნი ვართ, ეს მოქმედებს ჩვენი ტვინის სტრუქტურულ ცვლილებებზე: გვიქვეითდება ენერგია, გვიჭირს დროის მენეჯმენტი, ადრინდელზე უფრო ძნელად ვიმახსოვრებთ ახალ ინფორმაციას, სიახლის ათვისება სტრესის დროს უფრო რთულდება და ბევრი სხვა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ შესრულებულ საქმეზეც აისახება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, თვითონვე არ მოგვწონს. შემდეგ შეიძლება შენიშვნაც კი მივიღოთ სამსახურში (თუნდაც, უწყინარი) და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გვსტრესავს და კიდევ უფრო გვიჩენს იმის განცდას, რომ ლუზერები ვართ, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ასე არ არის!

არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია ჩვენი სტრესული მდგომარეობა – პირადმა უსიამოვნებებმა, სამსახურში ცუდმა მოპყრობამ, გადაღლამ თუ ბევრი მოვალეობის შეთავსებამ, ჩვენი რეაგირება ამ გამაღიზიანებელ ფაქტორებზე მაინც ერთგვაროვანი იქნება. ასევე, შესაძლებელია, რომ ოჯახური ან სხვა პირადი სტრესფაქტორი აისახებოდეს ჩვენს საქმიან დამოკიდებულებაზე. მაგალითად, თუ პირად ცხოვრებაში რაღაც ისეთი ხდება, რაზეც გვეფიქრება და რის გამოც თავს ცუდად ვგრძნობთ, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს მუშაობაზე. როგორი კარგი თანამშრომელიც არ უნდა ვიყოთ, როგორ ძლიერადაც არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი საქმე, თუ წნეხში ვიმყოფებით, მაინც დაგვეზარება საქმის კეთება, გაგვეფანტება გონება, მეტი დრო დაგვჭირდება ისეთი დავალებისთვის, რასაც ადრე თავს მალე ვართმევდით და შეიძლება რაღაც შეცდომაც კი გაგვეპაროს შესრულებულ ამოცანაში.

როგორ ვაჯობოთ სტრესს

ეს ალბათ უკვდავი კითხვაა და ყოველთვის აქტუალური იქნება. უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფაზა უნდა გავიაროთ: მივხვდეთ, რომ დასტრესილნი ვართ, ამოვიცნოთ სტრესორები, გავაანალიზოთ, რომ გვინდა ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა და აი, უკვე მერე ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვაჯობოთ სტრესს.

ბევრი ჩვენგანი პირველ ფაზებს მარტივად გადის, მაგრამ სტრესთან ბრძოლის არასწორ მეთოდებს მიმართავს: ზოგი მოწევას იწყებს, ზოგი დალევას, ზოგი კი ანტიდეპრესანტების თვითნებურად მიღებას. გაითვალისწინეთ, თუ სტრესის დაძლევა გსურთ, ეს სამი „ბრძოლის იარაღი” თქვენსავე წინააღმდეგ იმოქმედებს. ქვემოთ კი ჩამოგითვლით სტრესთან ბრძოლის რამდენიმე აპრობირებულ და ექპერტთაგან დამოწმებულ გზას:

  • ფიზიკური აქტივობა – ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა, რომელიც თქვენთვის მისაღებია და რისი დროც გაქვთ: ფეხით ბევრი სიარული, ვარჯიში, დილით სირბილი, ცეკვა და სხვა
  • სწორი კვება და წყლის ნორმალური რაოდენობით მიღება
  • კარგად გამოძინება – იმისდა მიხედვით, როდის ვიღვიძებთ, სწორად უნდა განვსაზღვროთ, რომელ საათზე დავიძინოთ საღამოს, რათა პროდუქტიული ვიყოთ. გვახსოვდეს, რომ ძილის ნაკლებობა კიდევ უფრო აღიზიანებს ჩვენი ტვინის უჯრედებს
  • სამსახურში მცირე, თუნდაც 5-წუთიანი შესვენებები ერთი საქმიდან მეორეზე გადასვლისას
  • დროის გამოყოფა საკუთარი ჰობისთვის – კვირაში თუნდაც ერთხელ თუ დაკავდებით იმ საქმიანობით, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, ეს აუცილებლად დაგეხმარებათ
  • საყვარელ ადამიანებთან უფრო ხშირი ურთიერთობა
  • ბუნებასთან სიახლოვე – პერიოდულად თავს მიეცით უფლება, რომ გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე, გახვიდეთ ქალაქგარეთ, დაათვალიეროთ ახალი ადგილები, ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ოთახის მცენარეებიც დადებითად მოქმედებს ჩვენზე და შეგვიძლია სახლში ან ოფისში „ვიყოლიოთ”
  • ეცადეთ, სწორად გაანაწილოთ დრო – ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ანაწილებთ დროს სამსახურებრივ და პირად ურთიერთობებსა თუ საქმეებზე. თუკი ბევრი საქმე გაქვთ, დღე დაიწყეთ პრიორიტეტების ჩამოწერით, იქონიეთ ბლოკნოტი ან ონლაინპლატფორმები, სადაც ე.წ. To do list-ს შეადგენთ. რომელიმე პუნქტის შესრულებისას აუცილებლად აღნიშნეთ იგი და დაინახავთ, რომ დროს მოიგებთ. ეს კი შეამცირებს უდროობით გამოწვეულ დაძაბულობას და საქმეების ვერ მოსწრებაზე ფიქრს
  • შვებულება – როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რომ შვებულების უფლება აქვთ, ამიტომ, თუკი ხედავთ, რომ იმდენად დასტრესილი ხართ, მოვალეობებს თავს ვეღარ ართმევთ, მოითხოვეთ, თუნდაც რამდენიმედღიანი შვებულება

იმედია, ამ სტატიამ უკეთ დაგანახათ სტრესი და მისი გავლენები. ბოლო რჩევის სახით გეტყვით, რომ სტრესული გარემო მუდმივი თანმდევია ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ მისდამი ყურადღება არასდროს არ უნდა მოვადუნოთ.

რუბრიკას ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ PSP

Adobe-მ Firefly Image Model 5 გამოუშვა 

ზუმერული ფასი, აღმოჩენა და Time Square — როგორ ჩაიარა ზუმერის დაბადების დღემ?