in

შესაძლოა, ოთხშაბათი კვირის ყველაზე სტრესული დღე იყოს

და რა მოვუხერხოთ?

M2
M2

კვირის დღეებში, ალბათ, ყველაზე მეტად ორშაბათი არ უყვართ, მაგრამ როგორც მედიტაციის აპლიკაციის Balance-ის კვლევა გვეუბნება, დიდად კარგად საქმე არც ოთხშაბათს აქვს. კვირის ყველაზე პოპულარული დღე ყოფილა, როცა მომხმარებლები სტრესისა და შფოთვისთვის მედიტაციებს ეძებენ — არ ვფიქრობთ, რომ ეს შემთხვევითია. ოთხშაბათობით ყველა ადამიანი საქმეებშია ჩაფლული, იქნება ეს სამსახურებრივი თუ პირადი ვალდებულებები. თითქოს შუა გზაზე ხარ, უყურებ დედლაინებს, მაგრამ კვირის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი.

სტრესის გამომწვევ მიზეზად კი ექსპერტები ყველაფრის მოსწრების მცდელობას ასახელებენ, იმის გათვალისწინების გარეშე, თუ რა უნდა მოექცეს გასაკეთებელი საქმეების სიის სათავეში. როცა მიზნებზე იმდენად ხართ ორიენტირებულნი, რომ აღარც ისვენებთ და საკუთარი თავის მოვლის რუტინებსაც ივიწყებთ… თქვენც თუ მათ შორის ხართ, 5 ტაქტიკას გაგიზიარებთ, რომლებიც მსგავსი ოთხშაბათების დაძლევაში დაგეხმარებათ:

1. დაადგინეთ გამომწვევი მიზეზი

დიახ, ჯერ სტრესის მიზეზი უნდა გაიგოთ და მერე მიმართოთ სუნთქვით ვარჯიშებსა თუ სხვა მსგავს მეთოდებს. ნეირომეცნიერი ფრედერიკ ფაბრიტიუსის თქმით, თუ არასწორ ადამიანზე ხართ დაქორწინებული, განქორწინება გჭირდებათ და არა, სტრესის შემცირების 8-კვირიანი კურსი. ამგვარად, გაიაზრეთ არსებული სიტუაცია. მაგალითისთვის თუ სამუშაო დღე ძალიან გრძელია, განიხილეთ მცირე შესვენებები, თუ ბევრ ელ.ფოსტას იღებთ, გააუქმეთ გამოწერები, თუ ტოქსიკური უფროსი გყავთ, ან დეპარტამენტი შეიცვალეთ, ან კომპანია…

2. გამოიყენეთ სხეულის დამშვიდების ტექნიკა

ხშირად სტრესი უეცარი შფოთვიდან მოდის, რასაც მყისიერადვე უნდა გაუმკლავდეთ და რადგან ნეირომეცნიერებაც გვეუბნება, რომ სხეული და ტვინი ურთიერთდაკავშირებულია, სხეულის დამშვიდებას თუ მოახერხებთ, ეს თქვენს გონებაზეც დადებითად აისახება. აქ ვგულისხმობთ ვარჯიშს, სუნთქვით ტექნიკებს, მეტ ძილს, მასაჟების კეთებას, ნებისმიერ აქტივობას, რომელიც თქვენს სხეულს დაამშვიდებს. 

3. განსაზღვრეთ მკაფიო პრიორიტეტები

სტრესთან გამკლავების კიდევ ერთი გზა დროის სტრატეგიულად მართვაა და დღის მანძილზე 3 პრიორიტეტის განსაზღვრა. ექსპერტები შემდგომ კითხვაზე პასუხის გაცემას გვირჩევენ: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რას ექნება ყველაზე დიდი გავლენა ჩემს ცხოვრებაში ახლა?, შესაძლოა, ეს შვილებთან დროის გატარება იყოს, დიდი პრეზენტაციის გამართვა სამსახურში ან მოახლოებული მოგზაურობისთვის მომზადება. როგორც კი გაიგებთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, თქვენი ამოცანები და აქტივობები ამ მიზნის მიღწევას შეუსაბამეთ, იმის ნაცვლად, რომ დრო პატარა არასაჭირო ამოცანებზე დახარჯოთ.

4. იუმორი ჩვევად აქციეთ

სიცილი საუკეთესო თერაპიაა და, ალბათ, ეს უკვე გსმენიათ კიდეც. თუმცა კორპორატიული ტრენერი პოლ ოსინკაპი საინტერესო რჩევას გვიზიარებს:

კვირაში ყოველ დღე ჩამოწერეთ სამი რამ, რასაც სასაცილოდ თვლით. კვლევის თანახმად, ამის მხოლოდ ერთი კვირა კეთებაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბედნიერების მაჩვენებლებს და, შესაბამისად, ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს 6 თვემდე ვადით. ასე თქვენს ტვინსაც უბიძგებთ, დღის მანძილზე სახალისო მომენტები ეძებონ.

5. იზეიმეთ 

დაბოლოს, შუა კვირის სტრესთან გამკლავების საშუალება დღის მანძილზე რაღაცების აღნიშვნის აზროვნების გააქტიურებაა. თქვენი გონება პოზიტიური საკითხების შემჩნევისკენ უნდა მიმართოთ, რითაც სტრესი და შფოთვა მნიშვნელოვნად შემცირდება. მაგალითისთვის კარგი იქნება, თუ მადლიერებასაც გამოხატავთ —- ჩამოწერეთ სამი რამ, რითაც მადლიერი ხართ ახლა, იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით ნეგატიურად იფიქროთ იმაზე, რასთანაც გამკლავება გიწევთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ რთულ მომენტში სწავლის, ზრდისა და ინოვაციური გამოსავლის შესაძლებლობების პოვნა შეგიძლიათ. ასე კი ოთხშაბათის სტრესსაც უკან მოიტოვებთ.

როგორ შეიქმნა მინიონების შემქმნელი კომპანია

Forward Festival-ზე სპიკერებად გიორგი ავალიანი და ნიკოლოზ კუმბარი მიიწვიეს!