8
May
2018

სწავლება საჩუქარია, კარგი საჩუქარი! – ალექსი ჩიქოვანის #აზრები

8 May 2018

M2


იაპონელები ყველაზე დიდ საჩუქრადსწავლებას, ცოდნის გაზიარებას – მიიჩნევენ”, – მომესმა ტელევიზორთან ჩავლისას. გავშეშდი, ჩამოვჯექი, გადავახვიე და სრულად მოვუსმინე იმ ადამიანის საუბარს, რომელიც იაპონური საბრძოლო ხელოვნების ოსტატებთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებაზე ყვებოდა. ვინ იყო, არ მახსოვს. მახსოვს, რომ ოლგა ბაბლუანის გადაცემას სტუმრობდა და ისიც მახსოვს, რომ თვითონაც საბრძოლო ხელოვნების ოსტატი უნდა ყოფილიყო.

მოსმენილმა ძალიან დამაფიქრა, გამეცინა კიდეც – ვახ, როგორ არ მიფიქრია ამაზე?! არადა, რა მაგარია – სწავლება საჩუქარია!

რამდენიმე დღე გონებაში განუწყვეტლივ მიტრიალებდა – ყველაზე დიდი საჩუქარი სწავლებაა; ვინც გასწავლის, ის ყველაზე დიდ საჩუქარს გიძღვნის; ცოდნის გაზიარება დიდი საჩუქარია … მე თვითონ ვასწავლი, ლექციებს ვკითხულობ ბრენდინგში, ერთი მხრივ, ვფიქრობდი – ვა, ე.ი. მე ჩემს სტუდენტებს საჩუქარს ვუკეთებ, მეორე მხრივ, ვნერვიულობდი, ნეტავ, რამდენად სასარგებლო იყო ჩემი საჩუქარი? რას ვასწავლიდი მათ? და უცებ, ცოტა შემეშინდა კიდეც, აი, თურმე რა ყოფილა ნამდვილი პასუხისმგებლობათქო. 

ამ ფიქრებში ვიყავი და ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღეში მეგობრები პატარა სუფრასთან შევიკრიბეთ. ჩემმა მეგობარმა და ნათესავმა, ქართული ხმების მძლავრმა ბანმა და მრავალი სუფრის მნახველმა, იასონ მეუნარგიამ, მორიგი სადღეგრძელოს წარმოთქმისას მის ბიძასთან, ძალიან მაღალი რანგის მეცნიერ, ფიზიკოს ალეკო თავხელიძესთან სტუმრობა და ერთი ძალიან საინტერესო, აქამდე ასეთი შინაარსით არ გაგონილი, სადღეგრძელო გაიხსენა. სადღეგრძელო შემდეგნაირად ჟღერდა – ჩვენს მასწავლებლებს გაუმარჯოს! ერთი შეხედვით, ამ სადღეგრძელოში გასაკვირი არაფერია, ასეთი მრავალი შესმულა, თუმცა სიახლე სადღეგრძელოს განმარტება იყო. საქმე არ ეხებოდა მხოლოდ მასწავლებლებს, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით – ადამიანებს, რომლებიც რაღაცას გიხსნიან, დავალებას გაძლევენ, მერე გისწორებენ და ნიშანს გიწერენ – ანუ პედაგოგებს. არა, სადღეგრელო, პირველ რიგში, იმ ადამიანებს ეძღვნებოდა, ვინც თავისი საქციელით, მოქმედებით, ერთი იმედის მომცემი სიტყვით, გამხნევებით, ზნითა და ხასიათით, სხვასთან – დიდთან თუ პატარასთან მოქცევით დაგვანახა და გვასწავლა რაღაც. ის, რაც ჩაგვრჩა, რომელმაც უკეთესი გაგვხადა, რომლისთვისაც მადლიერები დავრჩით. სადღეგრძელო ეხებოდა ნაცნობებს და რაც მთვარია, უცნობებს. ადამიანებს, რომლებმაც “რაღაც კარგი ნებსით თუ უნებლიედ გააკეთეს, ჩვენი ცხოვრების მასწავლებლებად მოგვევლინენ”, მადლი ქნეს, ქვაზე დადეს და გაიარეს, თვალი აგვიხილეს, გონება გაგვინათეს.

ჩემს საფიქრალს ახალი გარემოება შეემატა. პირველ რიგში, მამაჩემი გამახსენდა, თურმე, რამდენი გაკვეთილი ჩაუტარებია ჩემთვის სიტყვის უთქმელად?! მერე გამახენდა უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი, დიდი და პატარა, რომლებმაც არც კი იციან, რა გააკეთეს ჩემთვის თავიანთი საქციელით, თუნდაც ერთი სიტყვით.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი გამახსენდა! ადამიანები, რომლებიც კარგად დავიმახსოვრე, მათაც მასწავლეს რაღაცეები, მაგრამ ამ სადღეგრძელოში ვერადოდეს მოხვდებიან! ამ დღიდან ჩემი ცხოვრება, ერთხელ და სამუდაომოდ შეიცვალა, მივხვდი, რომ არავითარ შემთხვევაში არ მინდა მოვხვდე იმ ადამიანების რიცხვში, ვისაც ეს სადეგრძელო არასოდეს შეეხება. მივხვდი, რომ ყველა სწავლება საჩუქარი არ არის, მივხვდი, რომ მთავარი არ არის ასწავლო, მთავარია, რას ასწავლი, თანაც ნებსით თუ უნებლიედ! მივხვდი, რომ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყო – რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ.

თქვენ ფრთხილად იყავით, დაფიქრდით, რას ასწავლით და რას გასწავლიან!

სიკეთის მასწავლებლებს გაუმარჯოს! კარგ საჩუქარს გაუმარჯოს!

P.S. ქართული სუფრა მისი სიღრმისეული და ნამდვილი გაგებით მართლაც გამორჩეული (და სასარგებლო) ფენომენია. ის არ არის ღვინის “ჩასხმის” და უგონოდ გალეშვის ადგილი. სუფრა ღვინის დაგემოვნების და გულითადი საუბრის, ცოდნის შეძენის ადგილია, დიახ ცოდნის შეძენის. შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება, განასხვავეთ ტრადიციად თავსმოხვეული სიმახინჯე და ნაღდი ტრადიცია, მოუფრთხილდით მას და დააფასეთ ის – ეს ისე, დამატებით.

განხილვა