ჰკითხეთ ნებისმიერ შემოქმედებით ფრილანსერს, თუ რა განაპირობებს მის წარმატებას და მიიღებთ ისეთ პასუხებს, როგორებიცაა მიმზიდველი პორტფოლიო და კარგი კონტაქტები. ზოგი თავის კრეატიულ ნიჭსაც ასახელებს და, რა თქმა უნდა, ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ არცერთი მათგანი არ გიშველით, თუ ერთი კონკრეტული უნარი არ გაქვთ და ესაა კომუნიკაცია.
დიზაინერები, ფოტოგრაფები და ილუსტრატორები, რომლებიც წლების განმავლობაში ინარჩუნებენ კლიენტებს, ყოველთვის არ არიან ყველაზე ნიჭიერები, უბრალოდ, მათ იციან, როგორ დაამყარონ და გააძლიერონ კონტაქტები. მარტივად ჟღერს, თუმცა ბევრი მაგალითი ამტკიცებს, რომ ყველას არ გამოსდის.
რატომ სჭირდებათ კლიენტებს მეტი, ვიდრე, უბრალოდ, კარგად მუშაობა
სწორი მოლოდინი დამკვეთების შენარჩუნების უფასო და ძალიან ძვირფასი საშუალებაა. ყოველთვის აცნობეთ მას, როგორი იქნება დედლაინი, როდის მიაწვდით პირველ ვერსიას, რა იქნება მონახაზის შემადგენელი ნაწილი და რას მიიღებს სრული სახით.
საჭიროების შემთხვევაში, რაღაცების გამეორებაც არ უნდა დაიზაროთ. ეს არის კომუნიკაციის ის ფორმა, რომელსაც გვირჩევენ სპეციალისტები და რომელიც წარმატებულ ურთიერთობაში გვეხმარება.
მუდმივად ხაზზე
რა თქმა უნდა, სამუშაო დღეებისა და დროის ფარგლებში, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ ყოველთვის ხაზზე იყოთ. კლიენტებს არ უყვართ გაბმული ზარის ან ავტომოპასუხის მოსმენა ტელეფონში. გაგზავნილ ელფოსტაზე დიდხნიანი დუმილიც ცუდ ტონად აღიქმება და სრულიად სამართლიანადაც.
გარდა იმისა, რომ მათ ზარებსა და შეტყობინებებს ოპერატიულად უპასუხებთ, ეცადეთ, თავადაც იაქტიუროთ დამკვეთთან ურთიერთობაში. გაუგზავნეთ სიახლეები, შეატყობინეთ, რა ეტაპზე ხართ ან დააზუსტეთ რაიმე დეტალი. ეს დაგეხმარებათ დამკვეთთან უკეთესი კომუნიკაციის დამყარებაში. ისინი დაინახავენ, რომ თქვენ იმაზე მეტად დაინტერესებული ხართ ამ პროექტით, ვიდრე უბრალოდ გაკეთება და ჩაბარებაა.
შესთავაზეთ ახალი იდეები
თუკი რაიმეში შეგიძლიათ დახმარება, ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ პროექტის დეტალებით. გაუზიარეთ რჩევა, იდეები, შესთავაზეთ კონსულტაცია თქვენს კომპეტენციაში არსებული თემების გარშემო. ასეთი დამოკიდებულებით, კლიენტების გულს მოიგებთ და მეტიც – ისინი დაინახავენ თქვენს უნარებს არა მხოლოდ კონკრეტული დავალების, არამედ უფრო ფართო ჭრილში. ამან კი შეიძლება სამომავლოდ თქვენი ურთიერთობა უფრო გაამყაროს და უფრო დიდ, მასშტაბურ პროექტებზეც თქვენ დაგიძახონ.
მოსმენის კულტურა
ზოგჯერ კომუნიკაცია მხოლოდ ცალმხრივ ლაპარაკს არ ნიშნავს და დამკვეთი განსაკუთრებულად აფასებს იმას, როცა უსმენენ. გამოიჩინეთ მოსმენის კულტურა და კარგად გაითავისეთ დამკვეთის სურვილები, აჩვენეთ, რომ უსმენთ და გაინტერესებთ მათი აზრი.
ეს ის ძირითადი რჩევებია, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი კომუნიკაციის დამყარებაში დამკვეთებთან, სწორი კომუნიკაცია კი ნდობის საწინდარია.












