თანამშრომლის შერჩევისას თითოეულ მენეჯერს სჯერა, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ რაციონალური და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე იღებს. ჩვენ გულმოდგინედ ვამოწმებთ სამუშაო გამოცდილებას, აკადემიურ ხარისხს, პორტფოლიოსა და სარეკომენდაციო წერილებს. თუმცა, რეალობა ხშირად სხვაგვარია. უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენს არჩევანზე ქვეცნობიერად, მაგრამ უდიდეს გავლენას ახდენს ერთი მარტივი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი – რამდენად სწრაფად გვპასუხობს კანდიდატი პირველ შეტყობინებაზე.
ციფრული სისწრაფის ფასი
მკვლევრებმა ფრილანსერების გლობალურ პლატფორმა ფაივერზე განხორციელებული თერთმეტ მილიონზე მეტი ტრანზაქცია შეისწავლეს. შედეგები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა – პირველ შეტყობინებაზე პასუხის თუნდაც ერთი საათით დაგვიანება კანდიდატის დასაქმების შანსს 26%-ით ამცირებს. ხოლო მათ, ვინც პოტენციურ დამსაქმებელს ოცდაოთხ საათზე მეტხანს ალოდინებს, 90%-ით ნაკლები შანსი აქვთ, რომ საქმე მიიღონ.
ეს ეფექტი იმდენად ძლიერია, რომ სამი საათით დაგვიანებული პასუხი კანდიდატის შანსებს ზუსტად ისევე აზიანებს, როგორც მისი წარსული შეფასებების რეიტინგის 20%-ით შემცირება. ეს კანონზომიერება უცვლელი დარჩა მიუხედავად იმისა, თუ რა სირთულის იყო დავალება, როგორი იყო ანაზღაურება ან რამდენი წელი მუშაობდა ფრილანსერი პლატფორმაზე.
ქვეცნობიერი სიგნალები და ორმაგი სტანდარტი
რატომ ვანიჭებთ სისწრაფეს ასეთ დიდ მნიშვნელობას? საქმე იმაშია, რომ სწრაფ პასუხს ქვეცნობიერად სხვა პოზიტიურ თვისებებთან ვაიგივებთ. რვა ათას ექვსასზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ოპერატიული რეაგირება დამსაქმებლის თვალში კანდიდატის მაღალ კომპეტენციაზე, კეთილგანწყობასა და კარგ საკომუნიკაციო უნარებზე მიანიშნებს.
უფრო მეტიც, ოპერატიულობას შეუძლია უფრო სუსტი მონაცემების კომპენსირებაც კი მოახდინოს. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეებს ქეითერინგის კომპანია უნდა აერჩიათ. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებმა ამჯობინეს ხუთქულიანი სისტემიდანმ 4.25 რეიტინგის მქონე თანამშრომელი, რომელმაც მათ შეტყობინებას ერთ საათში უპასუხა, ვიდრე ოთხი მთელი ოთხმოცდახუთი რეიტინგის მქონე პროფესიონალი, რომელმაც პასუხი დღის ბოლომდე გადადო. ეს მიდგომა უცვლელი აღმოჩნდა თითქმის ყველა სფეროში, იქნება ეს ფოტოგრაფია, კოპირაიტინგი თუ სამედიცინო მომსახურება.
ამ პროცესში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თავად მენეჯერები ამ მიკერძოებას ვერ აცნობიერებენ. გამოკითხული დამსაქმებლბის მხოლოდ 10% აცხადებს, რომ კანდიდატისგან პასუხს ერთ საათში ელოდება. თუმცა, რეალურ სიტუაციაში არჩევანის გაკეთებისას, დროის ფაქტორს მაინც გადამწყვეტი წონა ენიჭება.
ავტომატიზაციის მახე და ბალანსის ძიება
ბუნებრივია, ჩნდება იდეა, რომ ამ პრობლემის მოგვარება ავტომატური პასუხებით ან წინასწარ გამზადებული შაბლონებით არის შესაძლებელი. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ როგორც კი დამსაქმებელი ამჩნევს ან ეჭვობს, რომ შეტყობინება რობოტის ან ალგორითმის მიერ არის გენერირებული, სისწრაფის ეფექტი მომენტალურად ქრება. ადამიანები უარყოფითად რეაგირებენ ავტომატიზებულ პასუხებზე, რადგან ცივი ალგორითმი მათთვის აღარ ასოცირდება კანდიდატის პიროვნულ მზრუნველობასთან ან ჩართულობასთან.
წყარო: HBR











