in

4 გზა, რათა ცხოვრების სწრაფი ტემპისგან დაისვენოთ

M2
M2

თქვენც წუხხართ იმაზე, რომ ცხოვრების რიტმი ძალიან დაჩქარებულია და ვერც კი ასწრებთ მოცემული მომენტებით ტკბობას? თუ ასეა, მარტო ნამდვილად არ ხართ, რადგან ეს პრობლემა მასობრივად ყველას აწუხებს. სტატიაში კი იმ 4 გზას შემოგთავაზებთ, რომელთა გამოყენებაც დროის სვლის ერთგვარ შენელებაში დაგეხმარებათ.

1. Shinrin Yoku

სახელწოდება ნუ დაგაბნევთ — იაპონიაში ბუნებაში დროის გატარებას ამ ფრაზით აღნიშნავენ. მასში მოიაზრება ეკოთერაპია, მწვანე გარემოთი ტკბობა… როგორც იაპონელი ფსიქოლოგები აღნიშნავენ, ეს თერაპია გვამშვიდებს, გვაბედნიერებს და სტრესისგან გვათავისუფლებს. ამავდროულად, აუმჯობესებს მეხსიერებას, კრეატიულობას თუ კონცენტრაციის უნარს. ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ამტკიცებს, რომ ბუნებაში ხანგრძლივი დროის გატარება მეგობრების შეძენას, ადამიანებთან ურთიერთობას ამარტივებს.

Shinrin Yoku ძალიან მცირეს საჭიროებს ჩვენგან: გაისეირნეთ უახლოეს პარკში/ტყეში, წადით პიკნიკზე, დაკავდით მცენარეების მოვლით.

2. Fika

შვედური სიტყვა Fika იშიფრება, როგორც „ყავისა და ნამცხვრის შესვენება“. თუმცა ამის მიღმა მთელი აზროვნება დგას: შენელება, მოცემულ დროში ყოფნა და მომენტებით ტკბობა.

როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ამ დროს სრულიად უნდა მოვწყდეთ ეკრანებს: სმარტფონებს, ლეპტოპებს, ტელევიზორებს და,ზოგადად, ნებისმიერ გაჯეტს. მოკლედ, მხოლოდ ჭიქა ყავით და ნამცხვრით უნდა შემოვიფარგლოთ. თანაც, არ აქვს მნიშვნელობა, საყვარელ კაფეში გახვალთ თუ სახლში დარჩებით; ან მარტო იქნებით თუ მეგობართან ერთად.

შვედეთში მსგავსი ტიპის განტვირთვას იმდენად აფასებენ, რომ სამსახურის კონტრაქტებში სპეციალური დროც კი აქვს გამოყოფილი.

3. Ubuntu

ალბათ, არაერთხელ გაგიგიათ შეგონება, რომ თუ სწრაფად გსურთ რაიმეს მიღწევა, მარტომ უნდა გააკეთოთ; ხოლო თუ შორსმიმავალი გეგმები გაქვთ, ჯგუფურად უნდა იმოქმედოთ. რეალურად, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ცხოვრების ნელი ტემპი მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში გვეხმარება. მთელ ამ მიდგომას კი ერთი აფრიკული სიტყვით ასახავენ: Ubuntu — ანუ, „მე ვარ, რადგან ჩვენ ვართ“. 

Ubuntu ჩვენგან მოითხოვს სიკეთეს, გულუხვობასა და თანაგრძნობას.

4. Dolce far niente

დროის ფლანგვის შიშით სავსე სამყაროში არაფრის კეთება ცოდვის ან დანაშაულის ტოლფასად გვესახება, რაც არასწორი მიდგომა… იტალიური ფრაზა Dolce far niente სწორედ იმას გვახსენებს, რომ ყოველდღიური რუტინისგან განტვირთვა, საქმიდან გართობასა და დასვენებაზე გადართვა აუცილებელია.

მთავარია, ერთხელ გადალახოთ დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ საკუთარ თავს განტვირთვის საშუალება მიეცით. გადადეთ ყველანაირი საქმე, გათიშეთ ტელეფონი, შეწყვიტეთ მიღწევებზე ფიქრი და უბრალოდ მომენტში ჩაიძირეთ.

Spotify NFT მფლობელებს ექსკლუზიურ ფლეილისტებს სთავაზობს

მალე Youtube-ზე ერთი ვიდეოს ყურება სხვადასხვა ენაზე იქნება შესაძლებელი