„ცისფერი მთების” პორტფელიანი პერსონაჟი და მისი პროფესია, „მარკშეიდერი”, ალბათ, ყველას გვახსოვს. შეიძლება ბევრ ჩვენგანს სწორედ ამ ფილმმა ასწავლა, რომ მარკშეიდერი და სამთო-ინჟინერი ერთი და იგივეა. თუმცა ფილმში იუმორისტულად გადმოცემული და ყურმოკრული ფრაზების გარდა, ეს პროფესია ბევრად უფრო დატვირთული, საინტერესო და რთულია. ამ სტატიაში ნახავთ, რომ „1-2 კარგი მარკშეიდერი” კი არა, როგორც „ბატონი ვაჟა” იტყოდა, არამედ ამ დარგის ბევრი კარგი სპეციალისტი გვყავს.
მიმართულებები, როგორებიცაა: სამთო-გეოლოგია, ენერგეტიკა, ქიმია, მექანიკის ინჟინერია, მართვის ავტომატიზაცია და მისთანები, საქართველოში მეტ პოპულარიზაციას მოითხოვს. ალბათ იშვიათად შეხვდებით ახალგაზრდას, რომელიც დღეს გეტყვით, რომ მეტალურგობაზე ან სამთო-ინჟინრის პროფესიაზე ოცნებობს. ამის მიზეზი საგნების სირთულე კი არა, აღნიშნული სფეროების შესახებ ცნობადობისა და პერსპექტივების ნაკლებობაა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე მრავალი წელია გამოცდილი კადრები ამ პროფესიებს ასწავლიან, თუმცა თეორიული ცოდნის მიღების გარდა, სტუდენტებს პრაქტიკული სამუშაოებიც ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ, 2018 წლიდან საქმეში სამთო-მომპოვებელი კომპანია „არემჯი” ჩაერთო და სტუდენტებისთვის ყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამა დააარსა, რომელიც ახალგაზრდებს მეტ სტიმულთან და მოტივაციასთან ერთად, საშუალებას აძლევს, პროფესიული ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმაონ.
სასტიპენდიო კონკურსი ყოველ წელს ცხადდება და 2023-შიც, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ამ დაჯილდოებას უმასპინძლა. წელს სულ 25 სტიპენდიატი გამოვლინდა, ჯამში კი, 5 წლის განმავლობაში არემჯის ერთწლიანი სტიპენდიით 80 სტუდენტი დაჯილდოვდა.
ანა ქათამიძე, 2023 წლის სტიპენდიატი:
„როდესაც RMG-ის სტიპენდიის შესახებ შევიტყვე, ჩემი CV გავაგზავნე, რის შემდეგაც ორეტაპიანი, ურთულესი გასაუბრების გავლა მომიხდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან კმაყოფილი ვარ კონკურსში მონაწილეობით, რადგან მოვიპოვე სტიპენდია და ეს მაძლევს მეტ მოტივაციას, რომ კიდევ უფრო გავიზარდო ჩემს პროფესიაში.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქალებს ამ მიმართულებით ნაკლებად შეხვდებით და მინდა ყველა გოგოს, ვინც ფიქრობს ჩაბარებას და ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ვუთხრა, რომ თუკი კაცებს შეუძლიათ ამ სპეციალობის დაუფლება, ჩვენც შეგვიძლია და ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო პროფესიაა, დროდადრო სულ უფრო მოთხოვნადიც, ამიტომ თამამად მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება”.
გასული წლების გამარჯვებულები განვითარებას დღესაც განაგრძობენ. ამბობენ, რომ მათ ცხოვრებაში სტიპენდიამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა. მათი გარკვეული რაოდენობა თავად კომპანია RMG-იმ დაასაქმა.
ბადრი გოგია, 2018 წლის სტიპენდიატი და RMG-ის თანამშრომელი:
„სტიპენდიის აღების შემდეგ ერთწლიანი სტაჟირება გავიარე RMG-ში, რის შემდგომაც მქონდა გასაუბრება და დავსაქმდი მინერალური რესურსების განყოფილებაში. ამასთანავე, დაახლოებით 1 წელია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში RMG-ის სამთო-გეოლოგიურ ბაზაზე ვკითხულობ 3D გეოლოგიური მოდელირების კურსს.
მსგავს პროექტებში მონაწილეობა სტუდენტებს დიდ მოტივაციას აძლევს, რადგან უკვე რეალურ სურათს ხედავენ, თუ სად უნდა გამოიყენონ მიღებული თეორიული ცოდნა. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ წინა წლებთან შედარებით მათი ნაკადი სულ უფრო იზრდება”.
სასტიპენდიო კონკურსი ერთადერთი პროექტი არ არის. 2019 წლიდან იმავე კოლაბორატორებმა დუალური საგანმანათლებლო პროექტი შეიმუშავეს – ინდივიდუალური განვითარების გეგმა, რომელიც თითოეული სტუდენტისთვის ინდივიდუალური პროგრამის შედგენას გულისხმობს.
იბრაგიმ მამედოვი, 2019 წლის სტიპენდიატი და RMG-ის თანამშრომელი:
„მე ინჟინერ-ქიმიკოსი ვარ. სტიპენდიის აღებიდან 1 თვეში RMG-ისგან სტაჟირების შემოთავაზება მივიღე და პარალელურად, ინდივიდუალური განვითარების პროგრამაშიც ჩავერთე, რომელიც 1 წლის განმავლობაში ჩემზე მორგებულ პროგრამას მთავაზობდა. ამასთან, მიღებული სტიპენდია გამოვიყენე კომპიუტერული პროგრამირებისა და უცხო ენების კურსების გასავლელად. დღეს მეც RMG-ის თანამშრომელი ვარ და საშუალება მაქვს, უკვე თავად ვიყო ჩართული საქართველოში ამ დარგის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, დავხვეწოთ ძველი და დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები. მაგალითად, 3 წლის წინ შემოვიღეთ XRF ანალიზები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ წამიერად გავზომოთ სინჯის შემცველობა. ეს არის საკმაოდ უცხო ტექნოლოგია, რომელიც RMG-იმ დანერგა და მიხარია, რომ მეც ვარ ამ პროცესებში ჩართული”.
კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც სტუ და RMG ახორციელებენ, საზაფხულო სკოლაა, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტები 1-თვიან პრაქტიკას გადიან საწარმოებში. ისინი მონაწილეობს სასწავლო-საველე პრაქტიკებში, რომელიც ამიერკავკასიაში უმსხვილესი სამთო-მოპოვებითი წარმოების სრული ციკლის გაცნობას გულისხმობს.
ნუში ჯაყელი, 2021 წლის სტიპენდიატი:
„პირველად საზაფხულო სკოლის პროექტში ჩავერთე, სადაც პრაქტიკა გავიარე გეოტექნიკურ სამსახურში, სადაც დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე. ამის შემდეგ უკვე მოვიპოვე სტიპენდია, რამაც მომცა საშუალება, რომ მოწინავე სტუდენტი გავმხდარიყავი. ამ ეტაპზე ვმონაწილეობ ინდივიდუალური განვითარების პროგრამაში, რომელზეც სულ 4 ადამიანი შეირჩა და მათ შორის ყოფნა ჩემთვის ძალიან საამაყოა”.
გიორგი ხეცურიანი, სტუ-ს ასოცირებული პროფესორი და RMG-ის სასწავლო აკადემიის კონსულტანტი გვიყვება, რომ სტიპენდიატების შერჩევის კრიტერიუმები ძირითადად მაღალი აკადემიური მოსწრებით, უცხო ენის ცოდნითა და სიახლეების მიღების მაღალი მზაობით ფასდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი კვოტები ენიჭებათ ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებს, რაც, ერთი მხრივ, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის, მეორე მხრივ კი, თავად ოპერირების არეალითაა განპირობებული. დმანისში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში მცხოვრებ ნიჭიერ სტუდენტებს, რომლებიც ხედავენ, რომ მათ მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ძვრები მიმდინარეობს, ადგილობრივად დასაქმების პერსპექტივა უჩნდებათ. ეს კი თავისთავად ამ პროფესიებისადმი მათ ინტერესს ზრდის.
„მთელი ამ პროექტების მიზანი სწავლის ხარისხის ამაღლება და კონკურენტული გარემოს გაჩენაა. გარდა იმისა, რომ წარმატებული სტუდენტები ჩვენს კომპანიაში საქმდებიან, ისინი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ნებისმიერ სხვა კომპანიაშიც იყენებენ. მაგალითად, ძირითადად, ჩვენი პროექტებგავლილი ადამიანებით არის დაკომპლექტებული მინერალური რესურსების სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, ბევრიც ტყიბულსა და ჭიათურაშია გადანაწილებული და აქ მიღებული გამოცდილებით კარიერულ ზრდას განაგრძობენ.
რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ჩვენ მივყვებით შეთანხმებულ გეგმას სტუ-სთან, რომელიც 2021 წელს გაფორმდა და 4-წლიან პროგრამას ითვალისწინებს. პირველ რიგში ჩვენ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას ვაგრძელებთ. აუცილებლად გავაგრძელებთ ლაბორატორიული ბაზების მხარდაჭერას და სულ მალე ტექნიკურ უნივერსიტეტში გვექნება გრუნტების მექანიკის ლაბორატორია, რომელსაც გეოლოგიურ პროექტებზე მუშაობის სრული მხარდაჭერა ექნება. გავაგრძელებთ სტუდენტური მხარდაჭერის პროექტებს სამთო-გეოლოგიის, ქიმიის, ენერგეტიკის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა მიმართულებით. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პროექტში ჩართული გვყავდეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები. მათ აქვთ უნიკალური ცოდნა და კოლოსალური გამოცდილება, რომელსაც ისინი ახალ თაობას უზიარებენ”, – გიორგი ხეცურიანი.
[R]