Studio Ghibli-ის ანიმაციები საოცარ კინემატოგრაფიულ სამყაროში გვამოგზაურებს და იმ ჯადოსნურობას შეგვაგრძნობინებს, რომელიც მხოლოდ წარმოსახვაშია შესაძლებელი. ალბათ, ამის გამო ხშირად გაგჩენიათ სურვილი, ერთხელ მაინც შეგძლებოდათ ეკრანს მიღმა გადანაცვლება. მართალია, ეს შეუძლებელია (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით), მაგრამ სტუდიამ ასოციაციურ შესაძლებლობაზე მაინც იზრუნა — ვინაიდან ყნოსვის შეგრძნება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა განწყობების, ემოციებისა თუ კავშირების განსაცდელად, ფილმების საფუძველზე კონკრეტული არომატები შექმნა.
სტუდიის ოფიციალური სავაჭრო მაღაზია Donguri Kyowakoku ამიერიდან მომხმარებლებს სხეულის სპრეის სამ ვარიანტს შესთავაზებს: თითოეული მათგანი სხვადასხვა პერსონაჟის სუნით, ამბით, ხასიათითა და ანიმაციის ესთეტიკითაა შთაგონებული. ასევე, ამ სურნელების შექმნაში სუნამოების ბრენდმა Fernanda-მაც იზრუნა.
მაგალითად, ერთ-ერთი სპრეი „კიკის მიტანის სერვისის“ სამყაროში გვამოგზაურებს — ის მსხლისა და დახვეწილი თეთრი ყვავილების არომატითაა გაჟღენთილი, რომლებიც კიკის სახლში გვხვდება; ასევე, იმ სამკურნალო ბალახებით, რომლებსაც თავად იყენებს: ჟასმინი და ხეობის შროშანი.
ამას მოსდევს Whispers of the Heart-ის სუნამო, რომელიც ჩაის მოყვარულებზეა ორიენტირებული — ის შეიცავს შავ ჩაის, ქარვას და ეგზოტიკურ ხილ იუზუს.
და, რა თქმა უნდა, კოლექციის სრულყოფისთვის მესამე სუნამოდ Howl’s Moving Castle წარმოადგინეს. ლილიები, ვარდები და გირჩები ერთმანეთში ირევა, რათა ისეთივე ჯადოსნური განცდა წარმოქმნას, როგორც ჰოულისა და სოფის ერთობლივ მოგზაურობას გასდევს ფონად.