არ მოიძებნება ანიმეების თაყვანისმცემელი, რომელმაც არ იცის, ან არ უყვარს Studio Ghibli. წლებია, ანიმატორების მცირე გუნდი სიყვარულით ამზადებს თითოეულ საოცარ ისტორიას, აცოცხლებს პერსონაჟებს და ხელით დახატული ანიმაციებით მაყურებელს ანებივრებს. „ჩემი მეზობელი ტოტოროდან” დაწყებული „ჰოულის მოსიარულე კოშკით” დამთავრებული, ყოველი ფილმი ფანტასტიკურ სამყაროებში გვამოგზაურებს, რომლის მსგავსსაც ვერსად ვნახავთ.
როგორ შეიქმნა თავად Studio Ghibli და როგორი ისტორია აქვს, ამას სტატიიდან გაიგებთ.
დაარსება
ცნობილი იაპონური ანიმაციური კინოსტუდია 1985 წელს დაარსდა ანიმატორებისა და რეჟისორების: მიაძაკი ჰაიაოს, ტაკახატა ისაოს და პროდიუსერის სუზუკი ტოშიოს მიერ.
ტაკახატა და მიაძაკიმ ერმანეთი 1960-იან წლებში გაიცნეს, როდესაც ორივე მუშაობდა იაპონურ ანიმაციურ სტუდიაში Tôei Dôga.
1984 წელს მიაძაკიმ გადაიღო ფილმი, Kaze no tani no Naushika, რომელიც მის პოპულარულ მანგას ეფუძნებოდა. მან და ტაკახატამ გადაწყვიტეს, რომ ერთობლივი სტუდია დაეარსებინათ. თავდაპირველად მცირე დაფინანსებით, ტოკიოს გარეუბანში გაჩნდა ახალი პატარა სტუდია.
მას შემდეგ, რაც მიაძაკის ფილმი წარმატებული გამოდგა, დამფუძნებლებმა მორიგ მასალაზე დაიწყეს მუშაობა. 1986 წელს სტუდიამ გამოუშვა ფილმი Laputa: Castle in the Sky, ახალგაზრდა ობოლი ბიჭისა და ფერმერი გოგონას ისტორია, რომლებიც მოგზაურობას იწყებენ მისტიკური მცურავი ქალაქის, ლაპუტას შესასწავლად.
იმდროინდელი სხვა ანიმაციური სტუდიებისგან განსხვავებით, Studio Ghibli არ ზრუნავდა თავდაპირველ საერთაშორისო კომერციულ წარმატებაზე. შემქმნელებს სურდათ გამოეყენებინათ თავიანთი ხელოვნება ადამიანის გამოცდილების შესასწავლად და გულწრფელი, პოეტური ისტორიების გადმოსაცემად. მათ ფილმებში საინტერესო ის ეპიზოდიც, რომ Ghibli-ს ცუდი პერსონაჟებიც კი რაღაცნაირად, გვესიმპათიურებიან, რადგან თითქოს თითოეულ მათგანს აქვს ახსნა, თავისი ქცევის ასახსნელად.

რატომ Ghibli?
ეს სახელწოდება მოდის იტალიური სიტყვიდან, რომელიც ითარგმნება, როგორც საჰარის ცხელი ქარი. ეს სახელი იმიტომ შეირჩა, რომ სტუდიას სურდა „ახალი ქარი მოეფინა ანიმე ინდუსტრიისთვის”.
ის, ასევე, გამოხატავს მიაძაკის სიყვარულს იტალიისა და თვითმფრინავების მიმართ. მისი შთაგონება იყო Caproni Ca.309 Ghibli, სათვალთვალო თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა იტალიაში მეორე მსოფლიო ომის დროს.
ფილმოგრაფია
Studio Ghibli-მ იაპონიაში 15 ყველაზე შემოსავლიანი ანიმე ფილმი მოამზადა. მიუხედავად იმისა, რომ My Neighbor Totoro სტუდიის ყველაზე ფართოდ აღიარებული ფილმია და მის ლოგოზეც ტოტოროა გამოსახული, პირველი რეალური წარმატება მოუტანა Kiki’s Delivery Service-მა.
1988 წელს კომპანიამ გამოუშვა Grave of the Fireflies. სტუდიის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ნამუშევარი დაფუძნებული იყო აკიუკი ნოსაკას გულისამაჩუყებელ ნახევრად ავტობიოგრაფიულ მოთხრობაზე ორი ბავშვის შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ გადარჩენისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს. გასაკვირია, რომ ფილმი იაპონიის კინოთეატრებში არც ისე წარმატებული იყო, რადგან ახალგაზრდა მაყურებლისთვის ის ზედმეტად დამღლელი აღმოჩნდა. თუმცა, Grave of the Fireflies-მა მოგვიანებით მიიღო საყოველთაო კრიტიკოსების მოწონება და მან 100%-იანი ქულაც კი მიიღო Rotten Tomatoes-ზე.
2003 წელს Ghibli-ს საკულტო ფილმად იქცა Spirited Away, პირველი ანიმე მხატვრული ფილმი, რომელმაც ოსკარი მოიპოვა. Spirited Away გახდა ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იაპონიაში.

მიაძაკი
მიუხედავად იმისა, რომ მიაძაკიმ 2013 წელს გამოაცხადა პენსიაზე გასვლის შესახებ, ის მაინც აგრძელებდა მუშაობას. პენსიიდან 2017 წელს გამოვიდა, რათა ემუშავა დიანა უინ ჯონსის რომანის Earwig and the Witch-ის ადაპტაციაზე.
მუზეუმი
საინტერესოა ისიც, რომ Studio Ghibli-ს თავისი მუზეუმი აქვს, რომელიც მდებარეობს ტოკიოში, კერძოდ, მიტაკაში. ეს მუზეუმი კარგად ასახავს სტუდიისა და მისი შემოქმედების ისტორიას და მის მრავალფეროვან სამყაროში გვამოგზაურებს.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი














