in

Studio Ghibli-ის ფილმები მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად ზემოქმედებს — კვლევა

გულწრფელი ისტორიებისა და მომხიბვლელი მხატვრული სტილის გამო, Studio Ghibli-ის ფილმები ბევრმა ადამიანმა შეიყვარა. კრიტიკოსების მოწონებასაც იმსახურებს და, ამასთან, ემოციურად ამაღელვებელი და შთამაგონებელია მაყურებლებისთვის. იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ მეცნიერთა ყურადღებაც მიიპყრო და მათ Studio Ghibli-ის ფილმების გავლენის შესწავლა დაიწყეს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. 

ამისთვის 518 პოსტდოქტორანტი შეკრიბეს და მათ ნაწილს My Neighbor Totoro-ს ან Kiki’s Delivery Service-ის ნახვა, ნაწილს კი The Legend of Zelda: Breath of the Wild-ის თამაში დაავალეს. მისია იმის გაგება იყო, იწვევდა თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებული ნოსტალგია, სიმშვიდის, მიზნისა და მნიშვნელობის, ამასთან, ბედნიერების განცდას. 

როგორც გამოვლინდა, თამაშებს მნიშვნელოვანი და დადებითი გავლენა აქვს ბედნიერების მაჩვენებლებზე, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა Studio Ghibli-ის ფილმების ყურების შედეგად. ამაზე დაყრდნობით კი გვეუბნებიან, რომ ფრთხილად შერჩეული განსატვირთი აქტივობები შეიძლება სასარგებლო იყოს მენტალური ჯანმრთელობისთვის — ახალგაზრდებს სტრესისა და სევდის დაძლევაში დაეხმარება, თავიანთი ცნობისმოყვარეობის გამოკვებასა და სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნაში.

„უახლესმა კვლევამ საოცარი შედეგები აჩვენა: Breath of the Wild-ის თამაში და Studio Ghibli-ის ფილმების ყურება კვებავს და ავითარებს ადამიანთა უნარებს, მათ შორის კვლევას, სიმშვიდეს, მიზნის პოვნასა და ბედნიერების განცდას, ამგვარად, გვთავაზობს ღირებულ გზებს ყოველდღიური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“, — განმარტავს ანდრეას აიზინგერიხი, კვლევის ავტორი.

გამოდის, თუ თავს ცუდად გრძნობთ, Studio Ghibli შესანიშნავი ვარიანტი შეიძლება, იყოს, თუმცა თუ ჯერ არცერთი გაქვთ ნანახი, გირჩევთ, My Neighbor Totoro-თი ან Ponyo-თი დაიწყოთ. რაღაც უფრო კათარზისული და თავგადასავლებით სავსე თუ გსურთ, Spirited Away ან Howl’s Moving Castle აჯობებს…

და თუ ფილმების მოყვარული საერთოდ არ ხართ, ე. წ. ბებიების 9 ჰობს შეგიძლიათ გაეცნოთ, რომლებიც შფოთვისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ…

საქართველოს დებიუტი AI მსოფლიო ოლიმპიადაზე და გიგი მოლაშხიას განათლების ამბავი

სელფი მობაილი – საერთაშორისო აღიარება საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომისთვის