„მხიარულ მათემატიკას სწავლობს ბიჭი ჟოზე, შენც ისწავლე ჩემთან ერთად, რაღას უცდი, დროზე!“
ჟირაფი ჟოზე – ანიმაციური პერსონაჟია, რომელიც მღერის მხიარულ და შემეცნებით სიმღერებს. ჯერჯერობით, ბაღში დადის და ბავშვებთან ერთად სწავლობს იმ პროგრამით, რაც სკოლამდელი ასაკისთვის არის განკუთვნილი: ფერების ცნობა, ცხოველები და ფრინველები, ათამდე დათვლა, გეომეტრიული ფიგურები და ა.შ. ჟოზე სტუდია „ველოსიპედის“ ანიმატორთა ჯგუფის მიერ, მუდმივად ცვალებად სივრცეში შექმნილი, სრულიად ქართული პროდუქტია და მის მიზანს პატარებისთვის ზოგადი განათლების მიღება, მათი ფანტაზიისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს. ანიმაცია რომ საუკეთესო გზაა ბავშვებთან ინფორმაციის მისატანად, ამას ჟოზეს პირველი სერიის – „მხიარული მათემატიკის“ მნახველთა 6 000 000-მდე რაოდენობა მოწმობს.
https://www.youtube.com/watch?v=iglpDoarMqU
„თეატრალურში, სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლისას, დავინტერესდი ანიმაციით და სამსახურებთან ერთად, პარალელურად, ვცდილობდი ამ სფეროს ათვისებას. რამდენიმე წლის წინ შევხვდი კარიკატურისტ კემოს, აღმოვაჩინეთ, რომ ორივეს გვიყვარს მულტფილმები და გადავწყვიტეთ, გავერთიანებულიყავით. ჩვენს გაერთიანებას დავარქვით „სტუდია ველოსიპედი“, – გიორგი მარშანია, სტუდია „ველოსიპედის“ თანადამფუძნებელი.

გიორგი მარშანია 2004 წლიდან მუშაობს სხვადასხვა ტელევიზიაში, სხვადასხვა პოზიციაზე: ტელეკომპანია 202 („მუსკულების“ სცენარისტი)„შმატრულის“ იდეის ავტორი, სცენარისტი და მემონტაჟეა. ტელეკომპანია „იმედზე“ სერიალ „კლინიკის“ სცენარისტი. „რუსთავი 2-ის“ იუმორისტულ დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიცია ეკავა. “GDS“ („არაკორექტული შოუს“ კორესპონდენტი). და ბოლოს, ისევ „რუსთავი2“-ზე სერიალ „ჩცდ-ში“ მსახიობი, თითქმის ორი სეზონის განმავლობაში, ტრანსგენდერი ნინოს როლით.
რაც შეეხება „ველოსიპედის“ გუნდის დანარჩენ წევრებს: ირაკლი ნადირაძე (კომპანიის იურიდიული და ადმინიტრაციულ საკითხები), ანიმატორი გიორგი გაგლოშვილი, ილუსტრატორი რუსკა ყვავაძე, ანიმაციის რეჟისორი ნინო ჩხეიძე და ვებ დიზაინერი თამუნა ზარქუა.

M: რატომ გადაწყვიტეთ ქართული ანიმაციის შექმნა?
როდესაც მე და კემო ვფიქრობდით, რა პროექტი გაგვეკეთებინა, რომელიც საინტერესო იქნებოდა მაყურებლისთვის, გაგვახსენდა, რომ ჩვენს რეალობაში ძალიან მწირად არის საბავშვო-საგანმანათლებლო ანიმაციები. მე რამდენიმე წელი აქტიურად ვმუშაობდი ბავშვთა გასართობ ცენტრში, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა დათვლა, ფერები და ანბანი იციან ინგლისურად ან იშვიათად, რუსულად. ანუ პირველად, ბავშვები სხვადასხვა სიტყვებს სწავლობდნენ უცო ენაზე იმიტომ, რომ იმ მულტფილმების ქართული ანალოგი, რასაც ისინი უცხო ენაზე უყურებდნენ, არ არსებობდა.
M: ანიმაციისთვის მუსიკას თვითონვე ქმნით?
ჟოზეს მუსიკა არის ორიგინალი და მხოლოდ ჟოზესთვის დაწერილი. პირველი სამი სიმღერა „ჟოზეს მეგობრები“, „მხიარული მათემატიკა“ და „ფერადი სამყარო“ დაწერა მიშა ცინცაძემ, რომელიც ამჟამად, მუშაობს „კომედი შოუში“. შემდეგი სიმღერები კი – „საახალწლო“, „ფერები“, „ცხოველები“ და „ფრინველები“, დაწერა რეზო ბლიაძემ, ჯგუფ რეზო და ბავშვების სოლისტმა.
https://www.youtube.com/watch?v=lP6J8rbnifQ&t=5s&app=desktop
M: გარდა შემეცნებითი ანიმაციისა, რას სთავაზობთ პატარებს?
გვაქვს ჟოზეს მაცივარზე მისაკრობი მაგნიტები, სახატავი და გასაფერადებელი რვეულები, რომელსაც სხვადასხვა კამპანიის დროს საჩუქრად ვარიგებთ. ასევე, რამდენიმე თვის წინ ფესბუკგვერდზე გვქონდა კონკურსი და გამარჯვებულებს გადავეცით საჩუქრად. გარდა ამისა, გვაქვს ჟოზეს ბრენდირებული მაისურები და ჯადოსნური, ფერადი ჭიქები, რომელზეც ცხელი სითხის ჩასხმის შემდეგ, ჟოზეს სხვადასხვა ნახატი ჩნდება. ამ ყველაფერს ფეისბუკის მეშვეობით ვყიდით. ანიმაციის მეტი პოპულარობის შემთხვევაში, ჟოზეს საბაშვო პროდუქციის გამოშვებას ვგეგმავთ.
M: როგორ აპირებთ ჟოზეს სცენარის განვითარებას?
ჟოზე ჯერჯერობით ბაღში დადის, ანუ ბავშვებთან ერთად სწავლობს იმ პროგრამით, რაც სკოლამდელი ასაკისთვის არის განკუთვნილი. თუმცა ნელ-ნელა ჟოზეც გაიზრდება, სკოლაში დაიწყებს სიარულს და სერიებშიც სიმღერის თემებიც შესაბამისად შეიცვლება და განვითარდება. ასევე, ჯოზეს სერიებში მალე გამოჩნდება მისი საყვარელი მეგობარი, ულამაზესი ჟოზეფინა.
M: სულ რამდენი პროექტი გაქვთ შესრულებული?
ჩვენი შესრულებული პროექტების სია ასეთია:
„დათუნია დრუნჩა“ (კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ანიმაციის პროექტის განვითარების კონკურსის გამარჯვებული), „ახალი ვერსია – დათა თუთაშხია“, სამშენებლო კომპანია სვეტის 30 წამიანი ანიმაციური რეკლამა, „იცოდე შენი ქვეყნის ისტორია“ – მინი სერიალი, რომელშიც აღწერილი იყო ჩვენი ქვეყნის ხუთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი. ასევე, ჩვენ შევქმენით ანიმაციური კლიპი რეზო და ბაშვების სიმღერაზე „ველოსიპედი“, რომელსაც youtube-ზე ორ მილიონამდე ნახვა აქვს.
M: კლიენტებთან ურთიერთობისთვის რა არხებს იყენებთ და რა გამოწვევების წინაშე ხართ ამ მიმართულებით?
ჟოზეს პირველი სპონსორი, ამჟამად, არის „ზედაზენის“ ლიმონათი, რომელიც ჟოზეს დაეხმარა „ფერების“ დამზადებაში და ამ დღის მონაცემებით, ამ სერიას 37 000 ნახვა აქვს. სხვათა შორის, კომპანიებთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მსგავსი პროექტების ნაკლებობის გამო, დამფინანსებლები საკმაო სიფრთხილით უყურებენ ჟოზეს. ამიტომ ვცდილობთ, ყველაფერი დაწვრილებით ავუხსნათ და დიდი თანხებით არ დავაფრთხოთ. ჩვენთან კონტაქტი კი საკმაოდ იოლია, ყოველდღიურად, პირადად ვამოწმებ FB და youtube არხზე ყველა მესიჯსა და კომენტარს. ასევე, მეილს studiovelocipede@gmail.com.








