20
Sep
2019

რას გაუზიარებდი ტურისტს? – პროექტი “სტუმრად მასპინძელი” Ad Black Sea 2019-ზე

20 Sep 2019

უკვე მეორე დღეა, ქართული კრეატიული ინდუსტრია, 16 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე, Ad Black Sea-ს სარეკლამო დღესასწაულს აღნიშნავს. კრეატიულ ზეიმთან ერთად, ფესტივალის მონაწილე 800 დელეგატი, ტურისტულ პროექტში ჩაერთო და საჩუქრად სპეციალური სასაჩუქრე ნაკრები მიიღო. პროექტი, სახელწოდებით “სტუმრად მასპინძელი” თიბისი დაზღვევას ინიციატივაა მათთვის, ვისაც აქვს სურვილი, ქართული ტურიზმის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს და გახდეს საკუთარი ქვეყნის კეთილი ნების ელჩი საზღვარგარეთ. სტუმრადმასპინძლობა მარტივად შეგიძლიათ – ნაკრებში მოთავსებული ორი სამაჯურიდან ერთს სჩუქნით უცხოელს, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლას ურჩევთ. ალბათ, ბევრს გქონიათ მომენტი, როდესაც სხვა ქვეყანაში ჩასულს ვინმესთვის საკუთარ ქვეყანაზე, ბუნებაზე, სტუმართმოყვარეობასა და კულტურაზე აღფრთოვანებულს გიამბნიათ და ბოლოს გითქვამთ, აუცილებლად ჩამოდიო. აი, სწორედ ასეთი მომენტებისთვისაა სამაჯური, რომელიც უცხოელს საქართველოში ჩამოსვლას შეახსენებს, თქვენ კი წვლილს შეიტანთ ადგილობრივ ტურიზმში. ასე რომ, მოგზაურობა და საქართველოზე საუბარი თუ გიყვართ, თქვენგან მშვენიერი სტუმრად მასპინძელი გამოვა. და რას გაუზიარებდით საქართველოში ჩამოსულ ტურისტს? Ad Black Sea-ს მონაწილეებს რამდენიმე კითხვა დავუსვით და საინტერესო აღმოჩენებამდეც მივედით:

ეკა ყიფიანი

ეკა ყიფიანი, JWT Metro: ტურისტს ვურჩევდი, ჯერ ენახა თბილისი. ძალიან ანარქისტული ქალაქია. ვურჩევდი დაათვალიეროს დედაქალაქი –  ნახოს ძველი თბილისიც და ეს ბრუტალური არქიტექტურაც, ღამით გაერთოს, ძალიან ბევრი ჭამოს და აუცილებლად დალიოს. ქუჩაში გავიდეს პარასკევს და ვინმეს აეტორღიალოს და ის აუცილებლად წაიყვანს სადმე. თუ ახალგაზრდაა, ფაბრიკაში გაერთოს, თუ ძველგაზრდაა – კახელებში. ქართულ სიტყვას რას ვასწავლიდი? “საქართველოს” ვასწავლიდი, რადგან უცხოელები ჩვენს ქვეყანას “საქართველოთი” არ მოიხსენიებენ. დავალევინებდი ჭაჭას, მოვასმენინებდი წინწყაროს და ვურჩევდი ღამე სასტუმრო “სტამბაში” გაეთია ან რაჭაში, გესთ ჰაუსში.

გიორგი ავალიანი

გიორგი ავალიანი, Holy Motors: ტურისტს ვურჩევდი წავიდეს ჯერ ჭიათურაში და შემდეგ ნახოს მთელი საქართველო. ძალიან გემრიელი ქალაქია, თავისი გაჭირვებაში ბედნიერებით, რაც იქ ძალიან ლამაზად ჩანს. ერთი სასტუმროა, რომელიც ისევ ისეთია, როგორც ადრე. შეგიძლიათ გახდეთ მაღაროელების ცხოვრების შემსწრე – 20 თეთრი ღირს საბაგიროთი გადაადგილება, რითაც მაღაროელები მოძრაობენ. რომელ სიტყვას ვასწავლიდი? ბოდიში! გავასინჯებდი ტყემლის ნაყინს “ბიაში”, ნამდვილი აფეთქებაა. გავართობდი ქართულ ქორწილში. მოვასმენინებდი დიელოს “მუხამბაზს”, 1975 წლის ქართული ფსიქოდელიაა ან დიდი ჯანო ბაგრატიონის “ყვავილების ქვეყანას”. ფოტოს გადავაღებინებდი ქუჩაში მთვრალი კაცი რომ სვამს და ბედნიერია – ფაქტობრივად, მოსიარულე ღირსშესანიშნაობაა.

ნაუ სონღულაშვილი, “თამაშობანა”: ტურისტს ვურჩევდი, პირველ რიგში, ჩამოსულიყო ბათუმში. ფოტოს გადავაღებინებდი ალი და ნინოს ძეგლთან ან თბილისში, მთაწმინდის ფონზე. გავასინჯებდი აჭარულ ხაჭაპურს, მწყრის კვერცხით ან ფერად ხინკლებს. დავალევინებდი ჭაჭას, მოვასმენინებდი “შენ ხარ ვენახს”. დარჩენით, განსხვავებული კონცეფციიდან გამომდინარე, ვურჩევდი სასტუმრო “სტამბას”, თან ისტორიული შენობაა. ხოლო, თუ სასტუმრო არ ენდომებოდა, ვურჩევდი კახეთში, მამიდაჩემთან დარჩენილიყო სტუმრად. აი, ყველაზე დიდხანს დარჩენას მაინც ბათუმში ვურჩევდი. ისეთი ქალაქია, ყოველ ჩამოსვლაზე რაღაც პატარა, მაგრამ აღმაფრთოვანებელ დეტალს რომ აღმოაჩენ, ამიტომ დიდხანს უნდა დარჩე და კარგად შეისწავლო. გართობას სად ვურჩევდი? საქართველოში რომ პირველად ჩამოვდიოდე, ჩემთვის ყველაზე კარგი გართობა იქნებოდა, რომ მომევლო რაც შეიძლება მეტი მხარე, აღმომეჩინა, გამესინჯა და ამგვარად გამეტარებინა დრო. ამიტომ, უცხოელ სტუმარსად ამას ვურჩევდი.

და თქვენ რას ურჩევდით ტურისტს? სად წაიყვანდით? რას გაასინჯებდით? როგორ გაართობდით? სანამ ამ კითხვებზე მოძებნით პასუხებს, გეტყვით, რომ სულ მალე, “სტუმრად მასპინძელის” სასაჩუქრე ნაკრების მიღება თიბისი დაზღვევის ყველა მომხმარებელს შეგეძლებათ.

[R]

განხილვა