in

თბილისში Sturgeon Capital-მა Georgia Startup Investment სამიტი ჩაატარა

12 და 13 თებერვალს Sturgeon Capital-მა Georgia Startup Investment სამიტი ჩაატარა. ამ ღონისძიებამ 100-ზე მეტი ინვესტორი, ვენჩურული კაპიტალის ფირმებისა და სტარტაპების წარმომადგენლები თბილისში, ორდღიანი პანელური დისკუსიებისა და ერთ-ერთზე შეხვედრებისთვის ერთად შეკრიბა.

ორშაბათს ღონისძიება გახსნა სან-ფრანცისკოში ახლად დანიშნულმა გენერალურმა კონსულმა, ლევან ყულიჯანიშვილმა. Sturgeon Capital-მა კი დამსწრეებისთვის თავისი საინვესტიციო სტრატეგია, გამოცდილება და სამომავლო გეგმები წარმოადგინა. „Sturgeon საქართველოში 2006 წლიდან არის აქტიური და ვხედავთ, რომ ეს ქვეყანა გლობალური პოტენციალის მქონე რეგიონისთვის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი ხდება“ — განაცხადა Sturgeon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კიან ზანდიემ. დღის მეორე ნახევარში ინვესტორებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთი-ერთზე შეხვედრები ჩაეტარებინათ Sturgeon-ის პორტფელში არსებული კომპანიების წარმომადგენლებთან ცენტრალური და სამხრეთ აზიის, ასევე კავკასიის რეგიონებიდან.

სამშაბათს, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში — მარკ კლეიტონმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა — ნათია თურნავამ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს. დამსწრეებმა მოისმინეს პანელური დისკუსიები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს, როგორც რეგიონის ფინტექ ჰაბის, პოზიციებს და როლს, რომელსაც ვენჩურული კაპიტალი საინვესტიციო პორტფელში თამაშობს. ასევე, საერთაშორისო ვენჩურული ფონდების წარმომადგენლებმა რამდენიმე წამყვანი ქართული სტარტაპის მმართველებთან ერთ-ერთზე შეხვედრები ჩაატარეს. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

„საქართველოსა და ზოგადად რეგიონის პოპულარიზაცია ვენჩურული კაპიტალის ინვესტორების მოსაზიდად მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, თუ რატომ ვაწყობთ ამ ღონისძიებებს ყოველწლიურად. ამით ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ეკოსისტემის განვითარებას“ განაცხადა Sturgeon-ის პარტნიორმა, რობინ ბატლერმა.

ღონისძიება გაიმართა Startup Connect-თან პარტნიორობით და დაფინანსდა საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სილქ ბანკისა და თიბისი ბანკის მიერ. გარდა ამისა, Georgia Startup Investment სამიტის მხარდამჭერი იყო USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა.

აღსანიშნავია, რომ Sturgeon-ის პარტნიორი — რობინ ბატლერი გადმოდის თბილისში, როგორც ბაზაზე რეგიონში ინვესტიციებისთვის. „ეს საშუალებას მოგვცემს, უკეთ დავუჭიროთ მხარი ჩვენი ქართული პორტფელის კომპანიებს — Payze, Cargon და Klipy — ისევე, როგორც უფრო ფართო პორტფელს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს რეგიონის წამყვან სტარტაპებში და გვსურს, მეტი გავიგოთ ყველა გამორჩეული ანტერპრენერისგან, რომელიც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების პრობლემების გადაჭრით არის დაკავებული“.

Georgia Startup Investment სამიტის, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის და მისი პოტენციალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, რობინს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

M: თქვენი აზრით, რამდენად შედეგიანი იყო სამიტი და როგორ ფიქრობთ, რა ჯაჭვურ რეაქციებს გამოიწვევს ქვეყნის სტარტაპ გარემოში გუშინდელი ღონისძიება?

ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ორდღიანი სამიტით. 100-ზე მეტი ადამიანის შეკრება პრეზენტაციებისთვის, პანელებისთვის, დისკუსიებისა და ერთი-ერთზე შეხვედრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ სტარტაპ შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, რომლებიც საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში არსებობს. ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც Sturgeon-მა ღონისძიებაზე შეკრიბა, აქამდე არასდროს ყოფილა საქართველოში, ამიტომ ეს იყო მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი მათთვის აქაური ეკოსისტემის გაცნობისა და მასთან ურთიერთქმედებისთვის.

M: რას იტყვით საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაზე? თქვენი აზრით, რამდენად მიმზიდველია ის ვენჩურული კაპიტალისტებისთვის?

საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა ახალწარმოქმნილი და სწრაფად განვითარებადია. მის ზრდას მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა GITA-ს მუშაობამ და ისეთმა კერძო ინიციატივებმა, როგორიცაა Startup Grind. საქართველო, როგორც პატარა ქვეყანა, შესანიშნავი ადგილია პროდუქტის შესამოწმებლად, მაგრამ სტარტაპების დამფუძნებლებს პირველივე დღიდან უნდა გააჩნდეთ რეგიონული ან გლობალური ორიენტირი, რათა ვენჩურული კაპიტალისტებისგან დაფინანსების შესაძლებლობა მიიღონ. ბოლოდროინდელმა წარმატებულმა ადგილობრივმა სტარტაპებმა, როგორიცაა Singular და Pulsar AI, ახლა უკვე შექმნეს პრეცედენტი ქართველი სტარტაპებისთვის გლობალურ სცენაზე, ისევე როგორც Payze-მ და Theneo-მ Y Combinator-ის მეშვეობით.

M: რა უპირატესობები გააჩნია საქართველოს ინვესტორების მოსაზიდად?

ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა რეფორმებმა ჩამოაყალიბა აზროვნება და ეკოსისტემა, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციას. ქვეყნის ევროპისა და აზიის ცენტრში მდებარეობიდან გამომდინარე, ქართული სტარტაპები კარგად არიან ბაზარზე პოზიციონირებულნი ორივე რეგიონის ასათვისებლად. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ამ პროცესებს კიდევ უფრო დააჩქარებს.

M: Sturgeon საქართველოში 2006 წლიდან მოღვაწეობს, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა ქვეყანამ ამ პერიოდში და რა მოლოდინები არსებობს უახლოესი მომავლისთვის?

ამ ქვეყნის 2006 და 2024 წლების შედარება ღამისა და დღის კონტრასტს მაგონებს. საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის წარმატებამ ქვეყანაში ჩამოაყალიბა სამეწარმეო სრულყოფილების სტანდარტი, რომელიც დღესაც ნარჩუნდება სტარტაპების დამფუძნებლების წყალობით. ისტორიულად, ფინანსური სერვისები დომინანტური სექტორი იყო საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ქართული სტარტაპების ინოვაცია და დინამიზმი კი ქვეყანაში ინვესტორების ახალ ჯგუფს იზიდავს. ჩვენ ველით, რომ ეს უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება და აღფრთოვანებულები ვართ იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ამ პროცესში იქმნება.


საგულისხმოა, რომ დამსწრეებს შორის იყვნენ განვითარების ინსტიტუტების წარმომადგენლები, როგორებიც არის IFC, ADB და FMO, აშშ-ის საუნივერსიტეტო ფონდები (მათ შორის ვაშინგტონის უნივერსიტეტი და ვისკონსინის უნივერსიტეტი); და მრავალეროვნული ინსტიტუტები, როგორიცაა SBI Holdings. ღონისძიებას დაესწრნენ 15-ზე მეტი საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის ფირმის წარმომადგენლები — მათ შორის იყო 1982 Ventures, 212 VC, Conjunction Capital, Flyer One Ventures, Left Lane Capital, VentureSouq და Vostok Emerging Finance.

[პარტნიორის კონტენტი]

მინიონმა მიკი მაუსის ადგილი დაიკავა — Despicable Me 4

Journey Rooms – აპარტამენტების გაქირავებისა და მენეჯმენტის მომსახურება ბათუმში