21
ივნ
2018

ქართული პროექტი STYX შვეიცარიაში, ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიციის მოსაპოვებლად იბრძოლებს!

21 ივნ 2018

Startauperi
Startauperi


STYX – ციფრული ინფრასტრუქტურაა, რომელიც ლოჯისტიკის სფეროში, ტვირთის გადამზიდავებისა და დამკვეთების ელექტრონულ დაკავშირებას უზრუნველყოფს. პროექტმა, 2016-2018 წლებში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორ კონკურსში გამარჯვების შედეგად, 200 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო და განვითარებას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ კი, Seedstars-ის რეგიონალურ კონკურსში გაიმარჯვა, რის შედეგადაც, 2019 წლის აპრილში, შვეიცარიაში, საქართველოს სახელით, ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიციის მოსაპოვებლად იბრძოლებს, თუმცა, როგორც STYX-ის შემქმნელები ამბობენ – „ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუ ვინ გახდება გამარჯვებული, რადგან Seedstars-ში თავს იყრიან ძალიან სოლიდური ინვესტორები მთელი მსოფლიოდან, იმისათვის, რომ ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუ აღმოაჩინონ ახალ ბაზრებზე“. რატომ უნდა დაინტერესდნენ პროექტით უცხოელი ინვესტორები და როგორია მისი გლობალური პერსპექტივა?

ლოჯისტიკის სფერო არ არის მიბმული ერთ ლოკაციაზე, გადაზიდვა ხდება ქვეყნიდან ქვეყანაში, თუ ქალაქიდან ქალაქში. STYX ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ შეიქმნას პირველი მაღალტექნოლოგიური ქართული კომპანია, რომელიც გავა საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავხდეთ გლობალური ორგანიზაცია. ამისთვის, სამუშაოს ძალიან დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია“, – გვიყვება STYX-ის თანადამფუძნებელი – ლაშა გორგოშიძე.

STYX-ის შემქმნელები – ალექსანდრე ქურიძე, ცოტნე ონიანი და ლაშა გორგოშიძე მიიჩნევენ, რომ ქართული ტვირთების უმეტესობას მეზობელი ქვეყნის გადამზიდავი კომპანიები ემსახურებიან, ქართული სატრანსპორტო ბაზარი ვერ უმკლავდება ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის „აბრეშუმის გზის ინიციატივა“ და საქართველოს ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეა. STYX კი ხელს შეუწყობს ქართული სატრანსპორტო ბაზრის უფრო სწრაფ ზრდას, ასევე გაჯანსაღებასა და საქართველოს როგორც საერთაშორისო მოთამაშის ჩართვას ელექტრონულ კომერციაში. STYX-ის ფუნქციონალსა და ინოვაციურობასთან დაკავშირებით ლაშა გორგოშიძესთან ინტერვიუს სახით, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით:

M: რა მდგომარეობაა საქართველოს ლოჯისტიკურ ბაზარზე და რა არის თქვენი უნიკალური გადაწყვეტა, რომელიც პროექტს ინოვაციურს ხდის? 
90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა მთავრობა გვამზადებს იმისათვის, რომ უნდა ვიყოთ სატრანსპორტო ჰაბი რეგიონისთვის, „აბრეშუმის გზა“ უნდა აღდგეს, სადაც ჩვენ ვიქნებით მთავარი მოთამაშე – ამას ძალიან დიდი ხანია ვისმენთ, თუმცა, ამ საკითხის თანამედროვე და რეალური გადაწყვეტა არასდროს მოუფიქრებიათ. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ კერძო სექტორიდან უნდა მოდიოდეს მსგავსი ინიციატივები. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნამდვილად არსებობს ამ ქვეყანაში იმის პოტენციალი, რომ გავხდეთ სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ჰაბი. დღეს, ჩვენი ქვეყნის ბაზარი აბსოლუტურად არ არის მზად, რომ ანაკლიის პორტის სიდიდის ნავსადგური გაიხსნას საქართველოში. ჩვენ მივიღებთ ათიათასობით გემს წელიწადში, რაც ავტომატურად ნიშნავს მილიონობით ტონა ტვირთის ტრანსპორტირების საჭიროებას. სამწუხაროდ, ქართული ლოჯისტიკური ბაზარი ვერ შეძლებს ამის ათვისებას, ანუ ამ ტვირთების ტარებას დაიწყებენ უცხოური კომპანიები.

ჩვენი პროექტი მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ბაზრის გაჯანსაღება, ფასების დარეგულირება, ზოგადად, ლოჯისტიკური ბაზარი გახდება უფრო ადეკვატური და სწრაფად მზარდი. აბრეშუმის გზის ინიციატივას რაც შეეხება, სხვადასხვა პორტები, თუ თავისუფალი ეკონომიკური ზონები არაფერს ნიშნავს სავაჭრო კავშირის გარეშე. იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს სავაჭრო კავშირის დამყარება ელექტრონულ სივრცეში, რომელსაც დღითიდღე უფრო დიდი წილი აქვს მსოფლიო ვაჭრობაში, აუცილებელია შექმნას შესაბამისი ელექტრონული ინფრასტრუქტურა. ჩვენ კი გვაქვს STYX – მთავარი ინფრასტრუქტურა მსგავსი ელ. კომერციის განხორციელებისთვის. 

M: როგორ გაჩნდა და განვითარდა STYX-ის იდეა?
მე და ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანია. მალევე მივხვდით, რომ ამ ბაზარზე საქართველოში არის იმდენად მძიმე სიტუაცია, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა ოპერირება, როგორც რიგით კომპანიას. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ქაოსური ბაზრის დალაგება. წავედით ტექნოლოგიის გზით და მივიღეთ ასეთი გადაწყვეტა – უნდა შეგვექმნა ლოჯისტიკური პლატფორმა, რომელიც დააკავშირებდა ტვირთის გამგზავნებს გადამზიდავებთან და თან, ისეთი თამაშის წესები, სადაც ყველა მოგებული დარჩებოდა. ანუ იმ პრობლემებს, რაც ბაზარზე არსებობს და რასაც გადამზიდები უმკლავდებიან ყოველდღიურად, მოვაგვარებდით და ყველას მოვაქცევდით საერთო სამუშაო სივრცეში. აღსანიშნავია, ჩვენი ნოუ-ჰაუ მდგომარეობს იმაშიც, რომ არ ვმონაწილეობთ ფასწარმოქმნაში. გადამზიდავებს თვითონ ეძლევათ საშუალება, თავიანთი ფასი შესთავაზონ ტვირთის გამგზავნებს. ის მოვლენა, რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ლოჯისტიკური კომპანია და უფრო დიდ მასშტაბზე გავედით, არის ალექსანდრეს დამსახურება. ის არის გუნდის ლიდერი, რომელმაც მოახერხა, რომ ჩვენი ძალისხმევა გაგვეერთიანებინა იმისთვის, რომ სულ რაღაც წელიწად-ნახევარში შეგვექმნა უნიკალური პროდუქტი ამ ქვეყანაში. ალექსანდრე გახლავთ პროფესიით ქირურგი და ასევე, ფიზიკოსი, ამავდროულად ახერხებს, რომ ასეთ პროექტებსაც შთაბეროს სული.

M: რა სირთულეებს წააწყდით პროექტზე მუშაობისას და როგორ ცდილობდით, ან ცდილობთ პოტენციური მომხმარებლისთვის თქვენი პროდუქტის გაცნობას?
ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეგვხვდა პროექტზე მუშაობის დროს, იყო სხვადასხვა პარტნიორი კომპანიის, ინვესტორების, ან კოლეგების დარწმუნება იმაში, რომ ეს არის ქართული ლოჯისტიკის მომავალი. ამ სირთულეს გუნდურად მოვერიეთ, შევძელით, რომ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიც არის „ალდაგი“, გამხდარიყვნენ ჩვენი პარტნიორები და მოვახერხეთ, რომ USAID-ის დაფინანსება მივიღეთ იმისათვის, რომ რეგიონებში ჩვენი კომპანიის ცნობადობა აგვემაღლებინა. ეს არის იმის დადასტურება, რომ ამერიკულ საერთაშორისო ორგანიზაციას სჯერა – ქართველი ფერმერების, მეწარმეების, გადამზიდავებისა და ბიზნესმენების შემოსავლების ზრდისთვის და ხარჯების მინიმალიზაციისთვის, STYX არის აუცილებელი წინაპირობა და სწორი გადაწყვეტილება. ამ დაფინანსების ფარგლებში, ფაქტობრივად, შემოვიარეთ მთელი საქართველო. ადგილობრივებთან შეხვედრებისას მოვისმინეთ გადამზიდავების და პოტენციური გამგზავნების შეხედულებები და ერთხმად, ყველა აღიარებს, რომ STYX არის ის, რაც სჭირდება ქართულ სატრანსპორტო ბაზარს.

განხილვა