7
Aug
2019

სენდვიჩი მცენარეული „ხორცით“ – Subway-ის ახალი ბიზნეს სტრატეგია

7 Aug 2019

Subway, მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს – მცენარეული პროტეინებით დამზადებული, „ხორცის“ სენდვიჩი აშშ-სა და კანადის ქსელში გაიყიდება. პროდუქტი, ბრენდის 685 რესტორანში, აგვისტოდან გამოჩნდება. ამის მიზეზი არც ჯანსაღი კვების პროპაგანდა და არც ცხოველთა უფლებების დაცვაა – მცენარეული პროდუქტით მნიშვნელოვნად იზრდება კომპანიის გაყიდვები და შესაბამისად, შემოსავლები.

Photo Credit: CNN

სენდვიჩები და ბურგერები მცენარეული პროტეინებით დამზადებული შიგთავსით [ხორცის მსგავსი „როლები“], ბოლო დროს, ძალიან აქტუალურია. Subway-მდე მსგავსი პროდუქტი, მომხმარებელს, Burger King-მა, McDonald’s-მა და Ikea-მ შესთავაზა.

CNN-ის ცნობით, მცენარეული პროტეინებით დამზადებულ „ხორცის“ პროდუქტებზე მოთხოვნა, აშშ-ში, შარშან, 11%-ით გაიზარდა და Barclays-ის პროგნოზით, მომდევნო ათწლეულში, მსოფლიოს ხორცის ბაზრის 10% -ს დაიკავებს. ეს კი, დაახლოებით, $140 მილიარდია. ასე, რომ Subway-სა და სხვა ბრენდების გადაწყვეტილება, პირდაპირ კავშირშია მომხმარებელთა მოთხოვნასთან, შესაბამისად, გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდასთან.

ჯერ უცნობია, გაყიდის თუ არა Subway მცენარეული პროტეინებით დამზადებულ სენდვიჩებს სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ეს ადგილობრივი ბაზრების მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. 

 

განხილვა