in

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი “SUBWAY”

თბილისში სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ”საბვეი” არც თუ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად ამისა, გაყიდვებმა დაგეგმილს გადააჭარბა, ამბობს ბრენდის ფრენჩაიზერი გიორგი ჯინჭველაშვილი.

SUBWAY

მთავარი პრობლემა დაბალი ცნობადობაა. ბრენდის წარმომადგენლები 23 თებერვლიდან აქტიურ პიარს, მარკეტინგულ აქტივობებსა და წლის განმავლობაში ფილიალის გახსნასაც გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ”SUBWAY” ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია. ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 42 000-მდე რესტორანს ფლობს. თბილისი მათ რიცხვს 16 ნოემბრიდან შეუერთდა.

“თავიდან გვინდოდა გახსნამდე სარეკლამო აქტივობების გაკეთება. საქართველოში ”SUBWAY”-ს ბრენდის ცენტრალური ოფისი კურირებს. მათი რჩევით შევიკავეთ თავი და სწორადაც მოვიქეცით. იმდენი ხალხი იყო, რომ ფაქტობრივად, ვერ შევძლებდით მათ მიღებას და ეს აისახებოდა მომსახურების ხარისხზე. პირველი დღის გაყიდვები ძალიან მაღალი იყო. მოლოდინზე ბევრად დიდი გაყიდვებია დღემდე. აქ ერთი მომენტია, ცნობადობა გვაქვს დაბალი, არანაირი მარკეტინგული აქტივობა არ განგვიხორციელებია.

ზოგადად, ბრენდს ადგილობრივ მოსახლეობაში დაბალი ცნობადობა აქვს და იცის მან, ვინც ევროპასა და ამერიკაშია ნამყოფი. თუმცა, ეს დროის საკითხია. თანმდიმდევრულები ვართ. თითქმის დასრულებულია ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც თვეებზეა გაწერილი. ძირითადად ლოკალური აქციები იქნება, თვითონ ობიექტებში და შემდეგ უკვე სხვა მიმართულებებზეც გადავალთ.

იქნება ეს რეკლამა თუ სხვა ტიპის მარკეტინგული და პიარ აქტივობები?

აბსოლუტურად კომპლექსურად იქნება ყველაფერი. ლოკალური მარკეტინგიც იქნება, ბრენდ მარკეტინგიც. ისე, რომ ერთმანეთს დააბალანსებს.

”SUBWAY”-ს ცნობადობა დაბალია. ამასთან, სხვა კონკურენტი კომპანიები უკვე დიდი ხანია ბაზარზეა და ბევრსაც უკვე ლოიალური მომხარებელი ჰყავს. როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩევს თქვენს ბრენდს, ვისაც უნდა ”ფასთ ფუდის” შეძენა?

ეს არის ხარისხი. პროდუქტები გერმანიიდან ჩამოდის. მეორე – პური ჩვენთან ყოველ ოთხ საათში ცხვება. ჯანსაღი საკვებია, რაც გულისხმობს, რომ ზედმეტ ქოლესტერინს არ იღებს მომხმარებელი და რაც მთავარია – გემო. ამასთან, გვაქვს სიახლე მომხმარებლისთვის: ყიდულობთ ჭიქას და სვამთ იმდენ გაზიან სასმლეს, რამდენიც თავად გინდათ. ეს სიახლეა არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ ამეირკავკასიაშიც.

რამდენად შეიძლება იყოს ”სწრაფი კვების” პროდუქტი ამავდროულად ჯანსაღი საკვები?

ვგულისხმობ, რომ აქ არაფერს ვწვავთ, ზეთს საერთოდ არ ვიყენებთ. გამზადებული ჩამოგვდის პროდუქტი, მაგალითად ძეხვი. ერთადერთი ვაცხობთ პურს.

a4400

დაბალი ცნობადობის გარდა, კიდევ რა მიმართულებით არის სამუშაო, იმისთვის, რომ როგორც ამბობთ, გახდეს თუნდაც მეორე ქართულ ბაზარზე?

უნდა გავზარდოთ მომსახურების ხარისხი და ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ მარკეტინგულ აქტივობებზე.

რატომ არ ზრუნავდა კომპანია აქამდე, თუნდაც, ცნობადობის ამაღლების კუთხით?

არ ვართ დიდი კორპორაცია, რომ პიარში დიდი თანხები ჩაგვედო. ახლა გაწერილი გვაქვს ბიუჯეტი, სადაც დროთა განმავლობაში აკუმულირდება გარკვეული თანხა. ამის ხარჯზე მთელი რიგი მარკეტინგული და პიარ აქტივობები გვაქვს დაგეგმილი. ყოველ თვეში სპეციალური ფასი, საჩუქარი ან სხვა შეთავაზება გვექნება, ძალიან ცოცხალ კამპანიას ვგეგმავთ. ასევე, აუცილებლად დავუჭერთ მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესს. სპორტულ აქტივობებს, მარათონებს.

სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით აქტივობები ხშირად დიდ კომპანიებსაც არ აქვთ. შეძლებს ამას ”SUBWAY”? რამდენად იქნება ეს სისტემური და არ იქნება ერთჯერადი?

ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და ვიღებთ ჩვენს თავზე. მაგრამ რომ გითხრათ, დაგეგმილი გვაქვს უკვე რაიმე კონკრეტული თანმიმდევრული აქტივობები, ასე არაა. თუმცა, აუცილებლად განვახორციელებთ. ზოგადად, ამას ვუყურებთ არა როგორც პიარს, არამედ, როგორც ჩვენს ვალდებულებას.

თქვენ არ ხართ ექსკლუზიური წარმომადგენლები. გაქვთ ფრანჩაიზი. ეს ხომ არ გიქმნით რაიმე დაბრკოლებას? შესაძლოა, მომავალში სხვა კომპანიამაც მიიღოს ”SUBWAY”-ს გახსნის უფლება.

ვისაც ”SUBWAY” ჩათვლის საჭიროდ, იმას მისცემს ლიცენზიას. ამ ეტაპზე ჩვენი ჯგუფი (ფრანჩაიზები ვართ მე და გივი ორდენიძე) ოპერირებს. თავდაპირველად განაცხადი რომ გავაგზავნეთ, არავის ჯეროდა, რომ შევძლებდით. ყველა გვეუბნებოდა, რომ ძალიან დიდი ჯგუფები მუშაობენ. თუმცა, მაინც მოვახერხეთ. ქსელსაც ვავითარებთ. სპორტის სასახლესთან ვაშენებთ დამოუკიდებელ შენობას. აპრილის შუა რიცხვებში გავხსნით კიდეც ამ ფილიალს. ასევე ვყალიბდებით მესამე ლოკაციაზე. ზუსტად არ ვიცით ჯერ, ვვარაუდობთ რუსთაველზე, თავისუფლებაზე ან ლესელიძეზე.

რაიმე განსაკუთრებული პირობა თუ იყო, რასაც ითხოვდა ”SUBWAY” თბილისში გახსნამდე?

ბევრი კრიტერიუმი იყო. ფაქტობრივად “რენდგენში” გავიარეთ. ბევრი ნიუანსია, რითიც ფრანჩაიზორს აფასებ.

SUBWAY”-ს გახსნისას ითქვა, რომ აქ ყველაზე დაბალი ფასები იქნება. როგორია ახლა საფასო პოლიტიკა?

ფასების მიხედვით გვაქვს რამდენიმე კატეგორია. მაგალითად 4.70; 7.30 თუ ყველაზე დიდი რომელიმე პროდუქტი გინდა + 4.50. გააჩნია, ვინ როგორ ჭამს. რეალურად, ჩეკი ჩვენთან არის დაახლოებით იგივე, რაც სხვა ფრანჩაიზ რესტორნებში. შესაძლოა, ოდნავ იაფიც. ისე, რომ რაღაც დიდი სხვაობა იყოს, არა.

რაც სწრაფი კვების ობიექტია, ფაქტობრივად, ყველა კონკურენტია. თუმცა, იგივე ”მაკდონალდსთან”, ”ვენდისთან” მიმართებაში, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ თვისობრივად სხვა პროდუქტი გვაქვს. 15 დასახელების სენდვიჩი, 15 სალათი და 15 ვრეპი. მაგრამ ინდივიდუალურად შეუძლია მომხმარებელს საკუთარი კომბინაციით მოამზადებინოს მისთვის სასურველი პროდუქტი.

რეგიონების მიხედვით ყველა ბრენდს საკუთარი მენიუ აქვს. ამერიკაში პიცაც აქვს. ერთი სიახლეა თხელი პური და ჩვენც შემოგვაქვს. სხვა მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის. რა სტანდარტიც აქვს ”SUBWAY”, იგივეა ჩვენთანაც. პროდუქცია, მომხმარებელთან ურთიერთობა, ინტერიერის დიზაინი. გაფართოების უფლებასაც იმის მიხედვით გაძლევენ, რამდენად არის დაცული ყველა მოთხოვნა.

უახლოესი გეგმები რა არის? აქტიური კამპანია ახსენეთ…

23 თებერვალს გვექნება ერთდღიანი გრანდიოზული აქცია. კონკრეტულად რა, წინასწარ ვერ გეტყვით. ამას მოჰყვება უკვე სხვა აქტივობები, გვაქვს სამი სხვადასხვა ვარიანტი, ჯერ ზუსტად არ ვიცით, ”SUBWAY”-ს ცენტრალური ევროპის წარმომადგენლობა რომელს აირჩევს.

”SUBWAY”-ს გახსნისას უკვე დაგეგმილი იყო, რომ საქართველოში 10 ობიექტი უნდა ყოფილიყო. რეგიონებში თუ ფიქრობთ ფილიალების გახსნას და როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლებს?

ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ მიიღებს ბრენდს მომხმარებელი. არის ქვეყნები, რომლებმაც ძალიან კარგად მიიღეს. თუმცა, ზოგან მოლოდინი არ გამართლდა. ჩვენთან არის იმის იმპულსები, რომ დადებითად მიიღებს. რეალურად, ”SUBWAY” მსოფლიოში გაყიდვების მიხედვით მეორე ადგილზეა. ვგეგმავთ, რომ საქართველოშიც ასე ვიყოთ. ჯერ თბილისის ცენტრალურ უბნებზეა საუბარი. გვინდა, რომ უფრო მოქნილები ვიყოთ. შემდეგ ბაზრის მდგომარეობა გვაჩვენებს. ალბათ, საქართველოს დიდ ქალაქებზე იქნება საუბარი.

ლურჯი ცა, ლამაზი გოგონები და თვითმფრინავი – დღის ვირუსი

”ფონდი ნატახტრის” კონფერენცია – „სოციალური პასუხისმგებლობა ბავშვზე ზრუნვის სფეროს განვითარებისთვის“