in

რა საერთო აქვთ წარმატებული ადამიანების მშობლებს?!

სხვადასხვა დროს ბევრი დაწერილა, რით გამოირჩევიან წარმატებული ადამიანები? ან რა გააკეთეს ისეთი, ამდენს რომ მიაღწიეს? თუმცა, ყველაფერი მხოლოდ მათზე არ არის, ბევრი რამ გარშემომყოფებზე, განსაკუთრებით კი მშობლებზეა დამოკიდებული.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მკვლევარების მტკიცებით, მათ, ვისმა შვილებმაც სხვადასხვა სფეროში პირველობა მოიპოვეს, 9 რამ აერთიანებთ:

შვილებს ხშირად ურჩევენ, რა პროფესია ჯობია 

სააგენტო C+R Research-ის კვლევის მიხედვით, ამერიკელ თინეიჯერებს საერთოდ არ აინტერესებთ ისეთი პროფესიები, მომავალში კარგად რომ გამოიყენებენ. მათ ვიდეო თამაშების დიზაინერობა, სპორტსმენობა ან მუსიკოსობა ურჩევნიათ. არა და, რეალურად, მშენებლობა და ჯანდაცვა, მომდევნო ათწლეულის „ოქროს პროფესიებია“. რატომ არ უნდა ურჩიოთ შვილებს ისეთი რამ ისწავლონ, რაც ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანს?! მით უმეტეს, თუ მათზე მუდმივად იქნება მოთხოვნა?

როგორც წესი, მთელი ოჯახი ერთად სადილობს 

ჰარვარდის უნივერსიტეტში მოქმედი ერთ-ერთი ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც კვირაში, მინიმუმ, 5 დღე ოჯახთან ერთად სადილობენ: ნაკლებად აწუხებთ ჭარბი წონა, დეპრესია, სხვადასხვა ნივთიერებაზე (ნარკოტიკი, ალკოჰოლი) დამოკიდებულება და როგორც წესი, იშვიათად ორსულდებიან თინეიჯერობაში.

დღის განმავლობაში, გაჯეტებით სარგებლობის უფლებას მხოლოდ განსაზღვრული დროით აძლევენ 

სპეციალისტების მტკიცებით, მცირეწლოვანი ბავშვების ტვინზე, „ტაბლეტის“ ან „სმარტფონის“ მუდმივი მოხმარება, უარყოფით გავლენას ახდენს. განსაკუთრებით აფერხებს კონცენტრაციის, მეტყველებისა და სოციალური უნარების განვითარებას. როგორც ამერიკის პედიატრთა აკადემიის წევრები ამბობენ, 18 თვემდე ბავშვებისთვის საერთოდ არ შეიძლება არანაირი ეკრანის ყურება, 2-დან 5 წლამდე პატარებისთვის დღეში 1 საათია ნებადართული. უფრო მოზრდილებისთვის, შედარებით, დიდხანს არის დასაშვები, ოღონდ, გაჯეტი ძილს, ვარჯიშს ან სოციალური აქტივობებს არ უნდა ანაცვლებდეს.

დედა დიასახლისი არ არის

შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს, თითქოს, შვილებისთვის უკეთესია, დედა დიასახლისი იყოს, ან ისეთი სამსახური ჰქონდეს, სახლიდან რომ მუშაობდეს. არა და, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მკვლევარები საპირისპიროს ამტკიცებენ: როცა დედები სახლიდან გასულები არიან და საკუთარი კარიერა აქვთ, მათი ქალიშვილები უკეთ საქმდებიან, მეტს გამოიმუშავებენ და ზოგადად, ბევრ სიტუაციაში დომინანტები არიან.

შვილებს თინეიჯერობიდან ამუშავებენ 

სტენფორდის უნივერსიტეტის პირველი კურსის ყოფილი დეკანი და ავტორი წიგნისა “How to Raise an Adult“ ჯულია ლიცკოტ – ჰაიმსი ამტკიცებს, რომ იმ ადამიანების უმეტესობამ, ვინც ადრეულ ასაკში მუშაობდა, კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწია.

მუდმივად ცდილობენ, ბავშვები  წაახალისონ  

1972 წელს ე.წ. ზეფირის ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელშიც 2-6 წლამდე ბავშვები მონაწილეობდნენ. მათ თითო ზეფირი მისცეს, რომელიც, პირობის თანახმად, 15 წუთის მანძილზე არ უნდა შეეჭამათ. ჯილდო მეორე ზეფირი იყო. ცდამ მოგვიანებით აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებმაც მაშინ მოთმინება გამოიჩინეს და ზეფირი არ შეჭამეს, ზრდასრულ ასაკში, უფრო კარგი სოციალური უნარები ჰქონდათ, ტესტებში მაღალ ნიშნებს იღებდნენ, ნაკლებად მოიხმარდნენ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას და უკეთ უმკლავდებოდნენ სტრესს. ამიტომ, მეცნიერთა აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების წახალისება. მაშინაც კი, თუ მიცემულ დავალებას სრულყოფილად ვერ ასრულებენ.

შვილებს ხშირად უკითხავენ წიგნებს 

ნიუ იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები პატარაობაში წიგნებს ხშირად უკითხავდნენ, უკეთ განუვითარდათ ენობრივი, კითხვისა და სწავლის უნარები.

„შემდეგ შევადარეთ ერთი და იგივე სოციალური სტატუსის მქონე 5-დან 10 წლამდე ბავშვები და აღმოჩნდა, რომ ვინც უფრო ხშირად კითხულობდა 10 წლის ასაკში, 16 წლისას ტესტებში უკეთესი შედეგები ჰქონდათ. ანუ ბავშვობაში სიამოვნებისთვის, ჯერ მშობლის წაკითხულის მოსმენა და შემდეგ დამოუკიდებლად კითხვა, ზრდასრულ ასაკში ინტელექტუალური პროგრესის საწინდარია“.

შვილებს ხელს უწყობენ მოგზაურობაში 

სტუდენტთა და ახალგაზრდა მოგზაურთა ასოციაციის წევრებმა, ამერიკის მასშტაბით, 1,432 მასწავლებელი გამოკითხეს. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, ზრდასრულ ასაკში კიდევ უფრო მეტი მოგზაურობისკენ ისწრაფვიან, სხვა ეთნოსისა და კულტურის მიმართ მეტად ტოლერანტულები ხდებიან, სწავლის, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების გაცილებით მეტი ინტერესი და სურვილი აქვთ, უფრო დამოუკიდებლები, ინტელექტუალები, მგრძნობიარეები არიან, გააჩნიათ თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების მეტი შესაძლებლობა.

შვილებს შეცდომის დაშვების უფლებას აძლევენ 

ნეიროფსიქოლოგი და ავტორი წიგნისა „Parenting in the Real World: The Rules Have Changed“ სტეფანი ოლირი ამბობს, რომ ბავშვებისთვის, სხვადასხვა ეტაპზე, მარცხი ცუდი არ არის. პირიქით, ამას ბევრი დადებითი შედეგი მოაქვს. პირველ რიგში სწავლობენ, როგორ გადალახონ და დაძლიონ ეს მარცხი, რაც  ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეჩვევიან თავდაუზოგავ შრომას და გამოუმუშავებს უნარს, რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ, მაშინაც კი, თუ ეჩვენებათ, რომ საამისოდ ძალა აღარ ჰყოფნით.

„თუ მზად ხართ, ნახოთ, როგორ იბრძვის თქვენი შვილი, ე.ი. გჯერათ, რომ ნებისმიერი რამეს გაუმკლავდება, თუნდაც, ეს უარყოფითი ბარიერი იყოს“.

წყარო: inc.com



ვარჯიში, რომელიც გონებას აახალგაზრდავებს

„გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანია PornHub-ზე: „მეტი სექსი, მეტი თავისუფლება!“